Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | პორტუ, სელტიკი და ბაზელი გავარდნენ, აიაქსი და ლინცი პლეი ოფში!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სენსაციები ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე
  • პორტუგალიური, შოტლანდიური და შვეიცარიული გრანდები გავარდნენ
  • ლაშა დვალის ფერენცვაროში ზაგრების დინამოსთან განადგურდა

წინა სეზონში, ამსტერდამის აიაქსმა თამამი, ლამაზი, შემტევი ფეხბურთით მთელი ევროპა აღაფრთოვანა. ახლა კი, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმაზე მეტი ინერვიულა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

დუშან ტადიჩი

ჰოლანდიის ჩემპიონი ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდა და სტუმრად დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ, საკუთარ მოედანზე მხოლოდ 3:2 მოიგო. პირველ ტაიმში ბერძნები დაწინაურდნენ და ამსტერდამული პუბლიკა საკმაოდ ანერვიულეს.

9 წუთში დუშან ტადიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მორიგი 9 წუთის გასვლის შემდეგ პაოკ-ის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ტადიჩმა ამჯერად ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმიც დაძაბული იყო, თუმცა 79-ე წუთზე ნიკოლას ტალიაფიკომ აიაქსი წინ გაიყვანა - მან ჰაკიმ ზიეხის ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა. 6 წუთში, პაოკ-ის კარში მესამე პენალტი დაინიშნა და ტადიჩმა დუბლი გაიფორმა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბერძნებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ. საბოლოოდ 3:2 და აიაქსი პლეი ოფში გავიდა, სადაც აპოელ-ს შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული ყარაბაღი დაამარცხა (შინ 1:2, სტუმრად 2:0).

📺 ვიდეო: აიაქსი 3:2 პაოკ (მიმოხილვა)

ლინცმა ბაზელი გააგდო, კლუჟმა - სელტიკი!

ავსტრიული ლინცი შვეიცარიულ ბაზელთან აუტსაიდერად მიიჩნეოდა და სენსაცია მოახდინა! სტუმრად 2:1 მოგების შემდეგ, ავსტრიელებმა ბაზელი საპასუხო მატჩშიც დაამარცხეს - 3:1. პირველ ტაიმში შვეიცარიულმა კლუბმა უკეთ ითამაშა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მეორე ნახევარი კი ლინცის უპირატესობით წარიმართა და შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია. ლინცი პლეი ოფში ბრიუგეს შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის დინამოს ორი მატჩის ჯამში 4:3 მოუგო.

გლაზგოს სელტიკის ოცნება, ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რუმინულმა კლუჟმა დაასამარა. შოტლანდიის ჩემპიონმა რუმინეთში ფრეს (1:1) მიაღწია, გლაზგოში კი, ყველასათვის მოულოდნელად, დრამატულ მატჩში, 3:4 დამარცხდა. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, სელტიკმა მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში ორი ბურთი გაიტანა და 2:1 დაწინაურდა, მაგრამ კლუჟმა 74-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ორ წუთში, რაიან კრისტიმ სელტიკი ისევ დააწინაურა, მაგრამ კლუჟმა თამაში მაინც შეატრიალა - მე-80 წუთზე ომრანიმ გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 (!) წუთზე კი, რუმინელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. კლუჟი პლეი ოფში პრაღის სლავიას დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: სელტიკი 3:4 კლუჟი (მიმოხილვა)

პორტუს ფიასკო კრასნოდართან

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია მაინც პორტუს გავარდნაა - მით უმეტეს, რომ პორტუგალიურ კლუბს კრასნოდარში 1:0 ჰქონდა მოგებული. ‘დრაგაოზე’ კრასნოდარმა პირველივე ტაიმი 3:0 მოიგო და მეორე ნახევარში პორტუგალიელებმა მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხეს. კრასნოდარის მეტოქე პლეი ოფში ბერძნული ოლიმპიაკოსი იქნება, რომელმაც თურქულ ბაშაქშეჰირს სტუმრადაც მოუგო (1:0) და სახლშიც (2:0).

ლაშა დვალის ფერენცვაროში, ზაგრებში მიღწეული ფრის (1:1) შემდეგ, ხორვატიის ჩემპიონ დინამოსთან საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას დაემშვიდობა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ზაგრების დინამო კი, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი საბურთალო დაამარცხა, პლეი ოფში რუსენბორგს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები