Thumbnail

ტრანსფერები | მაურო იკარდიმ ტურინის იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის 26 წლის არგენტინელი ფორვარდი ტურინში წასასვლელად ემზადება
  • იტალიური მედიის ცნობით, კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტზე შეთანხმდნენ

მილანის ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი ტურინის იუვენტუსში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 26 წლის ფეცბურთელმა უკვე შეათანხმა ტურინელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები. 

როგორც ირკვევა, არგენტინელის იუვენტუსთან კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება, თავად ფეხბურთელი კი ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, იკარდი პირადი მიღწევებისთვის იუვენტუსში ბონუსებსაც დაიმსახურებს.

იტალიური მედია წერს, რომ  "ბებერ ქალბატონში" მაუროს ტრანსფერი მას შემდეგ შეიძლება განხორციელდეს, რაც ტურინელები თანხებს თავდამსხმელების, პაულო დიბალასა და მარიო მანჯუკიჩის გასხვისების შემდეგ მიიღებენ.

იკარდის ინტერში, სამკლავურის გარდა, ნომერიც ჩამოართვეს, რომელიც ლუკაკუს მისცეს 

ნერაძურის ხელმძღვანელობასა და მის ყოფილ კაპიტანს შორის ურთიერთობა საბოლოოდ მას შემდეგ გუფუჭდა, რაც გასული სეზონის მეორე ნახევარში, გუნდის იმჟამინდელმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ არგენტინელს სამკლავური ჩამოართვა. იკარდი არც ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში ჩაჯდა - კლუბმა უკვე შეიძინა მანჩესტერ იუნაიტედიდან ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, ახლა კი რომას თავდამსხმელ ედინ ჯეკოს გადაბირებაზეც ფიქრობს. 

ამ ზაფხულს მაუროს მომავალი რამდენიმე კლუბს უკვე დაუკავშირეს, მათ შორის ნაპოლის, რომას და მონაკოს, თუმცა არგენტინელისთვის პრიორიტეტული ტურინულ კლუბში ტრანსფერია.

რონალდომ იკარდის იუვეში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო

მაურო იკარდი ინტერში 2013 წელს, სამპდორიადან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მილანურ კლუბში ფორვარდმა ჯამში 219 მატჩში ითამაშა, გაიტანა 124 გოლი და მიითვალა 28 საგოლე პასი. იკარდი ორჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი - 2014/15 და 2017/18 წლების სეზონებში. 2017/18 წლების სეზონში ის იტალიის წლის ფეხბურთელადაც დასახელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები