Thumbnail
  • 52-ე სუპერბოული: ნიუ ინგლანდ პეტრიოტსი 33:41 ფილადელფია იგლსი
  • ტომ ბრეიდის გადამწყვეტი შეცდომა მატჩის მიწურულს
  • მატჩის MVP არწივების კვორტერბეკი ნიკ ფოულსი გახდა

► 52-ე სუპერბოულის ბედი მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე, ამერიკული ფეხბურთის სუპერვარსკვლავის ფატალურმა შეცდომამ გადაწყვიტა!

ეს შეცდომა მაინცდამაინც ტომ ბრეიდიმ (506 პას-იარდი, 3 თაჩდაუნი) დაუშვა! ნიუ ინგლანდ პეტრიოტსის კვორტერბეკმა და მეგა-ვარსკვლავმა ბურთი იმ დროს დაკარგა, როცა ანგარიში 33:38 იყო. ფილადელფია იგლსმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე საბოლოოდ 41:33 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ტიტული პირველად მოიგო.

მომენტი, როცა ტომ ბრეიდი ბურთს კარგავს

ასე გაუშვეს ხელიდან “პატრიოტებმა” ტიტულის შენარჩუნების უნიკალური შანსი - 52-ე სუპერბოული დუგლას პედერსონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მატჩის გმირი კი ფილადელფიელთა 29 წლის კვორტერბეკი ნიკ ფოულსი გახდა.

მატჩის MVP ნიკ ფოულსი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: ფოულსმა სეზონი სათადარიგოს რანგში დაიწყო და სასტარტო მოთამაშე მხოლოდ დეკემბერში, მას მერე გახდა, რაც კერსონ ვენცმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფოულსი გუნდის გმირი და სუპერბოულის MVP გახდებოდა.

“მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი. არ მჯერა, რომ ეს შევძელით!” - განაცხადა მატჩის შემდეგ “არწივების” ლიდერმა.

ტომ ბრეიდი კი, რომლისთვისაც ეს მე-8 სუპერბოული გახლდათ და მე-6 ტიტულის მოგება შეეძლო, მატჩის ანტიგმირია. “პატრიოტებს” მე-6 ტიტული რომ მოეგოთ, რაოდენობით პიტსბურგს უთანაბრდებოდნენ.

სუპერბოულის ყველაზე მაგარი მომენტი უდავოდ ის გათამაშება გახლდათ, რომელიც 15:12-ზე შესრულდა და რომლის გმირიც სწორედ ნიკ ფოულსია. ზოგადად კი, მან ამ შეხვედრაში სამი სათაჩდაუნე პასი გააკეთა და ჯამში 373 პას-იარდი დააფიქსირა. ლოგიკურია, რომ ის მატჩის MVP გახდა.

“მე უბრალოდ ყველაზე მაგარი ბიჭები მყავს. ჩვენი მიზანი იყო, რომ აგრესიულად გვეთამაშა და მიხარია, რომ ეს შევძელით. თითოეული მათგანით ძალიან ვამაყობ. მათ ყველა ჩემი მითითება ზუსტად შეასრულეს და ეს უდიდესი გამარჯვება 1000 პროცენტით დაიმსახურეს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ფილადელფიელთა თავკაცმა პედერსონმა.

“მთელი თამაში მშვიდად ვიყავი და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოვიგებდით, რადგან ჩვენ ძალიან მაგარი გუნდი გვყავს,” - ეს კი ისევ ფოულსის სიტყვებია.

52-ე სუპერბოული სუპერ-სანახაობა გამოვიდა, რომელშიც ორივე კვორტერბეკმა შესანიშნავად ითამაშა. რა თქმა უნდა, ტომ ბრეიდი უფრო მაგარია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ მატჩის მიწურულს ფატალური შეცდომა დაუშვა - ხდება ხოლმე. ნიკ ფოულსის წარმატება კი მართლაც სენსაციურია, რადგან სეზონი სათადარიგო მოთამაშის რანგში დაიწყო და საბოლოოდ MVP გახდა.

ჯასტინ ტიმბერლეიკის და პრინსის "დუეტი"

მინეაპოლისის ყველაზე ცნობილი ხელოვანი პოპვარსკვლავი პრინს როჯერ ნელსონი გახლდათ, რომელიც 2016 წლის 21 აპრილს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. სუპერბოულის შესვენებაზე ჯასტინ ტიმბერლეიკმა მისი ცნობილი ჰიტი Purple Rain შეასრულა.

აშშ-ის ჰიმნი პინკმა შეასრულა
ფლოიდ მეივეზერი სუპერბოულზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები