Thumbnail

ალისონი ტრავმირებულია - ლივერპულს სუპერთასის წინ მთავარი მეკარე გამოაკლდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მერსისაიდელთა მთავარი მეკარე პრემიერლიგის სასტარტო შეხვედრაში დაშავდა
  • ბრაზილიელმა კუნთი დაიზიანა და უეფას სუპერთასის მატჩში ვერ ითამაშებს

ინგლისის პრემიერლიგა ლივერპულმა საშინაო მატჩში ნორვიჩთან მოპოვებული იოლი გამარჯვებით გახსნა, თუმცა ეს უკვე პირველ ტაიმში ძირითადი მეკარის დაკარგვად დაუჯდა. ალისონ ბეკერმა ტრავმა ბურთის თამაშში შეყვანის მცდელობისას მიიღო და მოედანი უკვე 39-ე წუთზე დატოვა. 

ლივერპულმა პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრა საბოლოოდ 4:1 მოიგო, თამაშის შემდეგ კი მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იუგენ კლოპმა დაშავებული ბრაზილიელი მეკარის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ვნახოთ, რამდენად სერიოზული იქნება მისი ტრავმა და რა იქნება საჭირო. ახლა ცნობილია, რომ მან კუნთი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რაც ყოველთვის უსიამოვნო ნიშანია. ალისონი ოთხშაბათს ნამდვილად ვერ ითამაშებს". 

ბრაზილიელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ის ადრიანმა შეცვალა

14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ლივერპულს უეფას სუპერთასზე შეხვედრა ევროპალიგის ტრიუმფატორ ლონდონის ჩელსისთან უწევს.

ლივერპულის კარში ალისონის ადგილი გუნდის მეორე მეკარემ, ადრიანმა დაიკავა. აი, რას ამბობს მასზე კლოპი:

"ადრიანი კარგი გოლკიპერია. ის სიმშვიდეს ინარჩუნებს პოზიციური შეტევის დროს და კარგად იგერიებს დარტყმას. სწორედ ამიტომ გავაფორმეთ მასთან კონტრაქტი".

ალისონი ლივერპულში 2018 წლის ზაფხულში, იტალიური რომადან გადაბიდა. ტრანსფერის ფასმა 62,5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 26 წლის ბრაზილიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის 38 მატჩში ითამაშა (ყველა ძირითადში) და გაუშვა 22 გოლი. 

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში, 17 აგვისტოს, ლივერპული სტუმრად საუთჰემპტონს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები