Thumbnail
  • ორშაბათიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს
  • რამდენი ქულა აქვს მას დასაცავი აგვისტოში, წლის ბოლომდე...

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მონრეალის მასტერსის მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევთან (7) ძალზე დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და ამით ATP ტურზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. 

ამით ნიკამ 1 975 ქულიდან მონაგარი 2 020-მდე გაზარდა, კარიერაში პირველად გადაცდა 2 000-ქულიან ზღვარს და ორშაბათის რეიტინგში მე-16 საფეხურზე დაბრუნდება (კარიერის საუკეთესო მიღწევა), თუკი მონრეალის მეოთხედფინალში გაელ მონფილსი რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდება.

ორშაბათიდან 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის მასტერსზე ჩაებმება (საპრიზო ფონდი - $6 056 280). იქ კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობაა. საკმარისია ითქვას, რომ ნიკა, თუ კანადაში მე-13 ნომრით იყო განთესილი, ცინცინატიში, სავარაუდოდ, მე-16 ჩოგანი იქნება, რადგან ტოპებიდან მხოლოდ ტრავმირებული დელ პოტრო და ანდერსონი ვერ ითამაშებენ. 

ბასილაშვილის 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა

ამის შემდეგ ბასილაშვილი 19 აგვისტოდან ამერიკულ უინსტონ-სალემში გამოვა (ATP 250-იანი სერია), სადაც მე-2 ნომერი იქნება ბორნა ჩორიჩის შემდეგ. ეს ტურნირი ამერიკის ღია პირველობის გენერალური რეპეტიციაა, 26 აგვისტოდან ყველა უძლიერესი ნიუ იორკში შეიკრიბება, ნიკა კი, სავარაუდოდ, მე-16 ნომრით იქნება განთესილი. თუ ანდერსონი აშშ-ის ღია პირველობიდანაც მოეხსნება მუხლის ტრავმის გამო, მაშინ ნიკა მე-15 ნომრად განთესილი იქნება. 

შარშან აგვისტოში მან უინსტონ-სალემში პირველივე წრეში წააგო მატეო ბერეტინისთან. თვის ბოლოს კი აშშ-ს ღია პირველობაზე სამი წრე გაიარა (ბედენე, სოკი, პელია) და მერვედფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა - 3:6, 3:6, 7:6, 4:6

ახლა ვნახოთ, რამდენი ქულა აქვს ნიკას დასაცავი შარშანდელი მონაგარიდან აგვისტოში: შარშან ამერიკის ღია პირველობაზე მან მერვედფინალში ითამაშა - ასე რომ, 9 სექტემბრის რეიტინგში მას 180 ქულა დააკლდება, ხოლო აგვისტოში მას ქულაც არ დააკლდება. 

საერთოდ, წლის ბოლომდე ყველაზე მეტი, რაც უნდა დაიცვას, ეს პეკინის ტურნირის 500 ქულაა. შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ეს 500 ქულა მას 7 ოქტომბერს მოაკლდება. 

2019 წელს დასაცავი ქულები

500 - პეკინი. 7 ოქტომბერს

180 - აშშ. 9 სექტემბერს

45 - შანხაი. 14 ოქტომბერს

45 - პარიზი. 4 ნოემბერს

მოკლედ, წლეულს სულ რომ ვერ შემატოს ქულები მონაგარს, ბასილაშვილი მსოფლიოს 35-ე ჩოგანზე ქვევით არ დაქვეითდება, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ნიკა ამ 770 ქულასაც შეინარჩუნებს და კიდევ უფრო მეტს მოაგროვებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მონრეალის მასტერსს?

  • რაფაელ ნადალი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • დომინიკ ტიმი
  • დანიილ მედვედევი
  • სტეფანოს ციციპასი
  • კეი ნიშიკორი
  • მარინ ჩილიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები