Thumbnail
  • დინამო თბილისი ფეიენოორდთან 0:4 დამარცხდა
  • POPSPORT.COM-ის ანალიზი მატჩის შემდეგ

თბილისის დინამოს შეხვედრას როტერდამის ფეიენოორდთან ყველა მოუთმენლად ველოდით. დიდი ხანია, ქართულ კლუბს ევროსარბიელზე ამ კლასის მეტოქე არ ჰყოლია და ამ თამაშს უნდა ეჩვენებინა, თუ რა სხვაობაა ჩვენსა და მაღალი კლასის ევროპული ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს შორის. როტერდამში გამართულმა მატჩმა მისი არცთუ სასიხარულო შედეგის მიუხედავად, დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა.

1. უსაფუძვლო ოპტიმიზმი

📸 | დინამო თბილისი

მატჩის წინ ქართველი გულშემატკივარი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა - დინამოს კარგი თამაში, დამაჯერებელი გამარჯვება გაბალასთან და ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ალბათ პირველად, დინამოს განვითარების მყარი კურსი აქვს არჩეული და ამ კურსს სტაბილურად მიჰყვება (იმედია, ფეიენოორდთან მარცხი არაფერს შეცვლის და დინამო განვითარების თავის გზას განაგრძობს). პლუს ფეიენოორდის არცთუ დამაჯერებელი თამაში ბოლო პერიოდში. სწორედ ამიტომ, მატჩის წინ ფრთხილობდა როგორც ჰოლანდიური პრესა, ისე როტერდამელთა მთავარი მწვრთნელი იაპ სტამიც. ფეიენოორდმა ზედიზედ ოთხი ამხანაგური შეხვედრა ვერ მოიგო და ჰოლანდიის ჩემპიონატიც ცუდად, საშინაო ფრით დაიწყო. 

რეალობაში, ამ ფაქტორებმა დინამოს მხოლოდ ცუდი სამსახური გაუწია. როტერდამელებს ძალიან უნდოდათ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება, მეტოქის შეუფასებლობის პრობლემა არ ჰქონიათ და პირველივე წუთიდან მაქსიმალური მოტივაციით, სიჩქარით და ინტენსივობით დაიწყეს თამაში. გასულ კვირას, ჩემპიონატში სპარტასთან მატჩში ფეიენოორდმა მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ, მეორე ტაიმში ჩართო - დინამოსთან კი როტერდამელები უფრო მობილიზებულები იყვნენ.

კიდევ ერთი ფაქტორი: თამაშმა გვიჩვენა, რომ ამ ეტაპზე აღმოსავლეთევროპულ თუ პოსტსაბჭოთა სივრცის გუნდებთან წარმატება არ ნიშნავს, რომ უფრო მაღალი კლასის გუნდებთან, თუნდაც 1 ცალკეულ შეხვედრაში, თანაბრად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენი ჩემპიონატის რეალობაა და ეს უნდა მივიღოთ. ეს მხოლოდ დინამოს პრობლემა არ არის, ეს გამოწვევა მთელ ქართულ საფეხბურთო სამყაროს აქვს. 

📸 | დინამო თბილისი

2. კოლოსალური სხვაობა ათლეტიზმში

კლასში სხვაობაზე მეტად ათლეტიზმსა და ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა მომხვდა თვალში. ესეც ქართული ფეხბურთის სტანდარტული პრობლემაა. გარემოს, ეკონომიკური ვითარების, არასწორი სპორტული აღზრდის  და რიგი სხვა ფაქტორების გამო, ძალიან გვიჭირს ისეთი ათლეტების აღზრდა, რომლებიც  ფიზიკური მომზადების მხრივ ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატების მოთამაშეების დონეზე იქნებიან. გუშინ, ფეიენოორდი დინამოზე უფრო ათლეტური იყო, უფრო ხშირად იგებდა ორთაბრძოლებს და სხვა სისწრაფეზე თამაშობდა.

📸 | დინამო თბილისი

როდესაც ფიზიკურ კონდიციებში ასეთი სხვაობაა, ძალიან რთულია, მთელი თამაში მეტოქის ზეწოლას გაუძლო. დინამოს მონდომების ნაკლებობას ვერავინ უსაყვედურებს, თუმცა ფიზიკურად ჰოლანდიელები ბევრად უფრო ძლიერები და სწრაფები იყვნენ. განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, კოლუმბიელი ლუის სინისტერას გაჩერება ჭირდა, რომელმაც თავისი სისწრაფის წყალობით, ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა დინამოს - მის ანგარიშზევეა პირველი გოლი დინამოს კარში. სხვათა შორის, 20 წლის კოლუმბიელისთვის ეს სულ მეხუთე თამაში იყო ფეიენოორდის რიგებში.

3. დინამოს უჭირდა დაცვიდან ამოსვლა

ათლეტიზმში სხვაობამ ის მოიტანა, რომ დინამო ფეიენოორდის ზეწოლის ქვეშ მოხვდა და მთელი თამაში, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმი, მუდმივი მოგერიების რეჟიმში გაატარა. ფეიენოორდი მისთვის ჩვეულ თამაშს თამაშობდა - პრესინგისა და ფიზიკური ზეწოლის ხარჯზე თბილისელებს ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანის საშუალებას არ აძლევდა. შედეგად, დინამოს მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში, თავის საჯარიმოში დიდი ძალებით გატარება მოუწია. როდესაც იძულებული ხარ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს სულ მცირე 8 მოთამაშით იდგე, ბურთის მოპოვების დროსაც, ძალიან რთულია შეტევაში გადასვლა, წინ პასის მხოლოდ 1 ან 2 ადრესატია.

4. ბურთის ფლობა, ანუ აქცენტი ძლიერ მხარეებზე

ფეიენოორდთან, ან რომელიმე ამ ტიპის გუნდთან რომ ახლო მომავალში მათ სისწრაფესა თუ ათლეტიზმში თანაბრად თამაში შეგვიძლია, ეს ვერ დავინახე, თუმცა სწორი იქნებოდა, რომ აქცენტი ჩვენს ძლიერ მხარეებზე გავაკეთოთ. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ტემპი დავარდა, დინამომ რამდენიმე მონაკვეთი არცთუ ურიგოდ დაიჭირა ბურთი. თამაშის ე.წ. ესპანური მანერა, რომელიც ბურთის ფლობას ეფუძნება, დინამოს და ალბათ ზოგადად ქართულ კლუბებს ბევრად უკეთ გამოგვდის.

📸 | დინამო თბილისი

ნიშანდობლივი იყო, რომ ბურთის ფლობაში ფეიენოორდს არ ჰქონია კოლოსალური უპირატესობა. როტერდამელებს ბურთი 57 პროცენტი ჰქონდათ, მათ საშუალო სტანდარტზე 5 პროცენტით ნაკლები. სხვა საქმეა, რომ დინამოს ბურთის ფლობის დიდი ნაწილი დაცვის ხაზზე მოდიოდა და როგორც აღვნიშნე, ბურთის შეტევაში გადატანა თბილისელებს უჭირდათ.

5. გამოცდილების ნაკლებობა

ალბათ არავის გაუკვირდა, რომ ფეიენოორდი უფრო გამოცდილია, ვიდრე დინამოს ახალგაზრდული გუნდი. აკაკი შულაიას წითელი ბარათი გამოუცდელობით უნდა აიხსნას. განსაკუთრებით საწყენი პირველი ყვითელი ბარათი იყო - სრულიად არასაჭირო სიტუაციაში მიღებული.

დასკვნის ნაცვლად

შედეგი საწყენი და გულდასაწყვეტია. მე-80 წუთისთვის მხოლოდ მინიმალური ანგარიშით ვაგებდით და როტერდამელებიც თითქოს ნელ-ნელა თანხმდებოდნენ მინიმალურ სხვაობაზე. გაძევებამ და ავტოგოლმა კი დინამოს მეორე მატჩის წინ შანსი პრაქტიკულად აღარ დაუტოვა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როტერდამელებს მეტის გატანა ადრეც შეეძლოთ და მათ ბევრი მომენტი გააფუჭეს. გულდასაწყვეტი ანგარიშის მიუხედავად, სკეპტიციზმის და უიმედობის ფუფუნება ქართველ გულშემატკივარს არ აქვს. დღეს ჩვენი რეალობა ის არის, რომ ფეიენოორდის კლასის გუნდთან ბევრი შანსი არ გვაქვს - ამ დონემდე ნაბიჯ-ნაბიჯით უნდა მივიდეთ. ყოველ შემთხვევაში, ვცადოთ მაინც. იქამდე კი, დინამოს მადლობა - თუ შედეგისთვის ვერა, მონდომებისთვის მაინც...

ქართველი გულშემატკივრები 'დე კუიპზე'
📸 | დინამო თბილისი

 

კომენტარები

ბოლო ამბები