Thumbnail
  • ჰარი კეინმა გერმანელი ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
  • Bild am Sonntag-ის ინტერვიუ ინგლისელ გოლეადორთან

ჰარი კეინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. 26 წლის ინგლისელს 332 ოფიციალურ მატჩში 191 გოლი აქვს გატანილი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში ის მესამე ადგილზეა და 150 მილიონი ღირს. გასულ კვირაში ტოტენჰემმა აუდის თასი მოიგო. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც Bild am Sonntag-მა მიუნხენში ჩაწერა.

BILD am SONNTAG: გულახდილად გვითხარით, რამდენჯერ დაგესიზმრათ ამ ზაფხულს იურგენ კლოპი? თქვენმა ტოტენჰემმა მის ლივერპულთან ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო…

ჰარი კეინი: ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსი დიდი მატჩის წაგება ყოველთვის ძნელად გადასატანია. მეტსაც ვიტყოდი: წაგება უფრო დიდხანს გტანჯავს, ვიდრე მოგება გაბედნიერებს. იმიტომ, რომ მარცხის შემდეგ ყოველთვის ფიქრობ, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. გული ძალიან გვეტკინა და მთელი ზაფხულია, ამაზე საუბარი მიწევს. მთავარია, რომ შეცდომებზე ისწავლო და ასეთი მტკივნეული მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი გახდე.

ჰარი კეინი და მაურისიო პოჩეტინო

აუდის თასზე რეალი და ბაიერნი დაამარცხეთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტოტენჰემს ისევ ბრწყინვალე სეზონი ექნება?

დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ჩვენ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ვიცით, რომ ეს შეგვიძლია. თუმცა ისიც ვიცით, რომ სხვა გუნდებიც ძალიან ძლიერები არიან. ფინალში გასვლა, რა თქმა უნდა, ისევ გვინდა და ვეცდებით, ამ მიზანს მივაღწიოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ასეთ მიზნამდე ძალიან შორი და ურთულესი გზაა.

გასულ სეზონში ინგლისურმა კლუბებმა დაამტკიცეს, რომ საუკეთესოები არიან. მომავალ სეზონშიც ასე იქნება?

ვინ იცის? ფაქტია, რომ პრემიერლიგა ახლა ძალიან ძლიერია. ინგლისის 6 საუკეთესო გუნდს ნებისმიერი ევროპული გრანდის დამარცხება შეუძლია. სხვა ქვეყნების გრანდებში ბარსელონას, რეალს, ბაიერნს და იუვენტუსს ვგულისხმობ.

გერმანულ ბუნდესლიგას ინგლისის პრემიერლიგისთვის ფინანსური თვალსაზრისით კონკურენციის გაწევა უჭირს. თქვენ როგორ უყურებთ ბუნდესლიგას?

ჩემთვის პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე რთული, გაწონასწორებული და ძლიერი ლიგაა. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ ბუნდესლიგაში, ან ესპანეთის ლა ლიგაში არასდროს მითამაშია. გერმანიაში ბაიერნს და დორტმუნდს ჰყავს ძლიერი გუნდები. პრემიერლიგაში მეტი ფულია და გუნდებიც ტრანსფერებში უფრო მეტს ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, ბაიერნი და დორტმუნდი ევროპაში მაინც ფავორიტებს შორის იქნებიან.

ინგლისს კლოპის, გვარდიოლას და პოჩეტინოს სახით მსოფლიო დონის მწვრთნელები ჰყავს. არის თუ არა ესეც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პრემიერლიგა ასეთი ძლიერია?

რა თქმა უნდა, გვაქვს ბედნიერება, რომ საუკეთესო მწვრთნელები გვყავდეს. ინგლისის ჩემპიონატი ძალიან მაგარია და შესაბამისად, ბევრ ტოპ-მწვრთნელს სურს ჩვენთან მუშაობა. კარგი მწვრთნელები პროგრესის გარანტიაა - მათ მუდმივად ახალ-ახალი მცდელობები აქვთ და ეს ლიგისთვისაც კარგია, ფეხბურთელებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც. 

გასული სეზონის შემდეგ, პოჩეტინო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი გახდა. არგენტინელს როგორ დაახასიათებდით?

ჩემთვის ის უბრალოდ ძალიან მაგარი ტიპია, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მუშაობისა და თამაშის სტილის გამო, თამამად შემიძლია, რომ მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ვუწოდო. რაც ასევე მნიშვნელოვანია, პოჩეტინო არა მარტო კარგი მწვრთნელი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. ყველა ფეხბურთელი მისთვის იბრძვის. მოკლედ, ფანტასტიკური ადამიანი და სპეციალისტია.

ბევრს გაუკვირდა, რომ ტოტენჰემმა ტრანსფერების გარეშე ასეთი კარგი სეზონი ჩაატარა. რა არის ამ გუნდის წარმატებების მთავარი საიდუმლო?

ცხადია, დიდი პლუსია ის, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ბევრი ჩვენგანი გუნდში უკვე 4-5 წელია თამაშობს. მაგრამ ტიტულებს ვერ ვიგებთ და ეს მოტივაციას გვმატებს. ახლა უკვე ვიცით, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

სანაკრებო თემაზე გადავიდეთ: როგორც ინგლისელს, რამდენად გაგიხარდათ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, ინგლისმა კი ნახევარფინალამდე მიაღწია?

(იცინის) არა, მე ასე არ ვფიქრობ. ფანებისთვის კი გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა კარგი ამბავი იყო, ეს მართალია.

კარგით რა, ცოტათი გიხარიათ, არა?

ჩვენ, ინგლისელებს არ გვაქვს იმის უფლება, რომ გერმანიას დავცინოთ - როცა საქმე დიდ ტურნირებს ეხება. გერმანიის ნაკრებმა ბევრი ტურნირი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, ჩვენთვის კი ეს პირველი ნახევარფინალი იყო დიდი ხნის შემდეგ.

ინგლისს ბევრი შესანიშნავი ტალანტი ჰყავს. მაგალითად, ჯეიდონ სანჩო, რომელიც დორტმუნდში თამაშობს. საიდან ჩნდენიაბ ტალანტები ასე უცებ?

ბოლო 10 წლის განმავლობაში ვცდილობდით, უკეთესი აკადემიები გაგვეკეთებინა და ახალგაზრდა ბიჭებისთვის შანსი მიგვეცა. ტალანტებს სწორედ ისეთი შანსები სჭირდებათ, როგორიც სანჩომ დორტმუნდში მიიღო და დაამტკიცა, რომ შეუძლია, უდიდესი ფეხბურთელი გახდეს.

რამდენად დიდია სურვილი, რომ როგორც ინგლისის კაპიტანმა, თასი აღმართოთ?

ეს ყველაზე დიდი ოცნებაა. ძალიან დიდი ხანია, არაფერი მოგვიგია. მსოფლიოს ან ევროპის თასის აღმართვაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ახლა ინგლისში ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ ტრიუმფისგან შორს აღარ ვართ.

როგორია ჰარი კეინი, როგორც კაპიტანი?

მაგრად ვშრომობ, ვვარჯიშობ და სხვებისგანაც ამას მოვითხოვ. უბრალოდ მინდა, რომ ყველასათვის კარგი მაგალითი ვიყო. 

გერმანელებისთვის თქვენ ტიპიური ინგლისელი ხართ. ასეა?

ჰმ… რას გულისხმობთ ტიპიურ ინგლისელში?

გარეგნობას. ასევე საუბრისა და თამაშის მანერას.

არ ვიცი, რა გიპასუხოთ. დიახ, ინგლისელი ვარ, სხვა ქვეყანაში არც არასდროს მიცხოვრია. ზოგადად, ჩვეულებრივი ტიპი ვარ. მყავს კარგი ოჯახი, მეუღლე და ორი ულამაზესი გოგონა. სიამოვნებით ვთამაშობ გოლფს, მიყვარს სპორტი და ამერიკული სახეობებიც. შესაძლოა, ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ ჩვეულებრივობაშია. საფეხბურთო კარიერა დიდხანს არ გრძელდება. 26 წლის ვარ და მაქსიმუმ 10 წელი ვითამაშებ - თუ ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა. ბევრ ფულს არ ვხარჯავ, თავგადასავლები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ.

კომენტარები

ბოლო ამბები