Thumbnail

ყველაფერი CoD: Modern Warfare-ის მულტიფლეიერზე!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • CoD: Modern Warfare-ის მულტიფლეიერი 25 ოქტომბერს გამოვა!
  • თამაშის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია!

გუშინ, Call of Duty: Modern Warfare-ის მულტიფლეიერი დაანონსდა. 4 საათიან პირდაპირ პრესკონფერენციაზე, დეველოპერებმა თამაშზე დეტალურად ისაუბრეს და ახალი თრეილერიც გვაჩვენეს. დეველოპერები single player და spec ops-ის ანონსებსაც მალე გვპირდებიან, თუმცა, ამჯერად მულტიფლეიერ მოუდზე ვისაუბროთ.

მულტიფლეიერი ბევრ სიახლეს გვთავაზობს. 

Game Mode-ები

ახალი CoD ძველ გეიმ მოუდებთან ერთად, ბევრ ახალსაც წარმოგვიდგენს. თამაშში შეგეძლებათ 6x6ზე (domination), 10x10ზე (HQ) და 20x20ზე (ground war) მოუდებში გამოსცადოთ თქვენი ძალა. ამის გარდა, ახალ დაანონსებული gunfight მოუდი, სადაც სპეციალურ პატარა რუკაზე ორი ორკაციანი გუნდი იბრძოლებს. ეს კონკრეტული მოუდი ახლო მანძილზე ბრძოლისთვისაა განკუთვნილი. ამ ახალ მოუდში, თქვენი ოპონენტი ორმოც წამში უნდა დაამარცხოთ. რესპავნი და ჰილინგი ამ მოუდში არ არის.

კიდევ ერთი ახალი მოუდი, Ground War, დეველოპერების მიხედვით, ყველაზე დატვირთულ და გრძელვადიან მატჩებს შემოგვთავაზებს. როგორც დეველოპერებმა აღნიშნეს, ამ ტიპის მატჩში, ერთდროულად 100ზე მეტ მოთამაშეს შეეძლება მონაწილეობა. გეიმერების ვარაუდით, ეს შარშანდელი Black Ops-ის Battle Royal მოუდის განახლებული ვერსიაა, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.

კიდევ ერთი საინტერესო მოუდია, დეველოპერების თქმით ''რეალისტური'' მატჩი, სადაც, კონკრეტულ რუკებზე ღამით თამაშობთ და ღამის ხედვის სათვალე გაქვთ. ამ მოუდში, რუკის გარკვეულ მონაკვეთებზე სრულ სიბნელეში გიწევთ თამაში და მხოლოდ ღამის ხედვის სათვალის გამოყენებით შეგიძლიათ მოწინააღმდეგეების დანახვა. თუმცა, სათვალის გამოყენება რისკს შეიცავს: როცა სათვალეს იყენებთ და მოწინააღმდეგეს მიზანში იღებთ, თქვენი დანახვა მასაც შეუძლია. შესაბამისად, ტაქტიკური თამაში გადამწყვეტია.

ფრაქციები და რუკები

ახალი მულტიფლეიერი ფრაქციული სისტემით მუშაობს: შეგიძლიათ, ორი ფრაქციიდან ერთ-ერთი აირჩიოთ. ეს ფრაქციებია ''კოალიცია'' და ''ალიანსი.'' თითეულ ფრაქციას ქვე-ფრაქციებიც აქვს. ფრაქციების შეცვლა სხვადასხვა მატჩებში შესაძლებელია.

ყველა ქვე-ფრაქცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, პრეზენტაციის მიხედვით, ასეთი სულ 8 იქნება. გარდა ამისა, ძველი, კარგად ნაცნობი კლასები დაბრუნდება, თუმცა, გავრცელდა ჭორი რომ ''სპეციალისტის'' კლასი თამაშიდან ამოიღეს. 

ასევე, ცნობილია, რომ მულტიფლეიერს 5 ახალი რუკა დაემატა, გან რანერი (მდებარება: რუსეთი), ჰაქნი (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი), გრაზნა (რუსეთი), აზაიას მღვიმე და ანიის სასახლე, რომელიც ყველაზე დიდი რუკაა თამაშში. 

დეველოპერებმა პერსკონფერენციაზე ისიც აღნიშნეს, რომ რუკები სიმეტრიული არ იქნება, რადგან მათ მაქსიმალურად რეალისტური ომის სიმულაცია სურდათ, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ბრძოლის ველი არასდროსაა სიმეტრიული. ისინი მიიჩნევენ, რომ ასიმეტრიული რუკები უფრო კრეატიულად თამაშის საშუალებას იძლევა.

იარაღი

Modern Warfare, სხვა თამაშებისგან განსხვავებით, აქცენტს იარაღის სპეციფიკაციაზე აკეთებს და არა პერსონაჟის. რაც, ლოგიკური, ''შუთერის'' ტიპის თამაშებში ხომ მთავარი ''პერსონაჟი'' სწორედ თქვენი იარაღია. 

თამაშში ერთდროულად ორი იარაღი და ორი ტაქტიკური ''გაჯეტი'' გაქვთ. გარდა ამისა, სამი პასიური ''უპირატესობა'' (perks), რომელიც პერსონაჟის და კლასის მიხედვით სხვადასხვაა. 

ახალი თამაში იარაღის ''ქრაფტინგის'' ახალ სისტემასაც გვთავაზობს. დეველოპერებმა პრესკონფერენციაზე გეიმერები გააოცეს: მათი თქმით, თითეულ იარაღს 30დან 60მდე სპეციფიკაცია გააჩნია, რომლებიც იარაღის სიმძლავრეზე, სიზუსტეზე და სხვა მაჩვენებლებზე მოქმედებენ. გარდა ამისა, იარაღების სქინებსაც დაგვპირდნენ. იარაღისთვის თამაშში არის დამატებითი აქსესუარები, მაგალითად, სნაიპერის ლინზები, მჭიდები და ა.შ. მათგან ზოგიერთი სპეციფიკური იარაღისთვისაა, ზოგი კი რამდენიმე ან ყველა იარაღს ერგება. 

ბეტა ვერსია 

თამაშის ბეტა ვერსია პირველად, PS4ზე გაეშვება, 9-დან 13 სექტემბრამდე მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გამომწერი მოთამაშეებისთვის. ამის შემდეგ, 14-დან 16 სექტემბრამდე, ბეტა PS4-ის დანარჩენი მოთამაშეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. შემდეგ, ყველა სხვა პლატფორმის გამომწერი მოთამაშეები, 19-დან 20 სექტემბრამდე შეძლებენ თამაშის გატესტვას. 21-დან 23 სექტემბრამდე კი, ბეტა ვერსია ყველა სხვა პლატფორმის ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რომელი გეიმ მოუდები იქნება ხელმისაწვდომი ბეტა ვერსიაში. თუმცა, ცნობილია, რომ თამაშში ''ქროსფლეი'' იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კონსოლის მოთამაშეს და ყველა PC მოთამაშეს შეეძლება ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მატჩში. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ახალ თამაშში სეზონური საშვი (season pass) არ იქნება - ყველა მოთამაშეს ერთნაირად შეეძლება თამაშის ყველა ფუნქციის გამოყენება და განახლებებსაც ერთნაირად მიიღებენ. რაც, ძალიან კარგი ამბავია.

CoD: Modern Warfare-ის სრული ვერსია ხელმისაწვდომი 25 ოქტომბერს გახდება. მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შეგიძლიათ. თამაშის ფასი 30 $დან იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები