Thumbnail

0:2 მაროკოსთან - საქართველოს ნაკრებმა დევისის თასი ცუდად დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მარაკეშში გიორგი ცივაძეც დამარცხდა და ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
  • საქართველოს ნაკრებს მდგომარეობის გამოსწორების შანსი კიდევ რჩება.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მაროკოს ნაკრებთან დევისის თასის ევროაფრიკული ზონის II ჯგუფის პირველი-ორი შეხვედრა ერთეულთა თანრიგში გამართა. სამწუხაროდ, თავ-თავიანთი მატჩები გიორგი ცივაძემ და ნიკოლოზ ბასილაშვილმა დათმეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 698-ე ჩოგანთან წააგო

საქართველოს ნაკრები, რომლის კაპიტანი დავით კვერნაძეა, მარაკეშში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (57), გიორგი ცივაძე (1082) და ალექსანდრე მეტრეველი (ურეიტინგო). 

უაჰაბი-ცივაძე 6:3, 6:3

პირველი მარაკეშის კორტზე გიორგი ცივაძე და ლამინ უაჰაბი (591) გავიდნენ. 25 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

შეხვედრამ საათსა და 15 წუთს გასტანა. გიორგიმ 3 ეისი მოაწოდა, დაუშვა 5 ორმაგი შეცდომა და 9-იდან 2 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. 2 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და 18-იდან 5 მოგებული ბრეიკ-პოინტია უაჰაბის ანგარიშზე.

აჰუდა-ბასილაშვილი 3:6, 6:3, 6:3

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამინე აჰუდას (698) დაუპირისპირდა. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა 20 წლის მეტოქეს მხოლოდ პირველ სეტში აჯობა, მომდევნო ორი კი დაუთმო. 

მატჩი საათსა და 58 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილის ანგარიშზე არცერთი ეისი, 4 ორმაგი შეცდომა, 10-იდან 3 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი იყო, მისმა მეტოქემ კი 3 ეისი მიითვალა, დაუშვა 6 ორმაგი შეცდომა 14-იდან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიიყენა.

დარჩენილი სამი მატჩი 4 თებერვალს გაიმართება - ერთი წყვილებში და ორი ერთეულებში. ბასილაშვილი-მეტრეველის წყვილი იასინ იდმბარეკსა და ლამინ უაჰაბს დაუპირისპირდება. ერთეულთა თანრიგში კი ბასილაშვილი ოუაჰაბს შეხვდება, ხოლო ცივაძე - აჰუდას.  

წარმატების შემთხვევაში, რაც საკმაოდ რთული იქნება, საქართველოს ნაკრები შემდეგ წრეში რუმინეთი-ლუქსემბურგის წყვილში მოგებულს შეხვდება. მეორე წრის მატჩები 7-8 აპრილს გაიმართება. პირველ წრეში დამარცხებულები ჯგუფში დარჩენისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები