Thumbnail
  • IDFI-ს კვლევის ერთ-ერთმა პუნქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია
  • კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სპორტი განვითარებისთვის - საქართველო” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევას გამოეხმაურა. IDFI-ის კვლევის შედეგები 23 ივლისს გასაჯაროვდა და მასში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ სახელმწიფო ფინანსების განკარგვის საკითხი იყო გაანალიზებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს” გამოხმაურებაში ყურადღება გამახვილებულია IDFI-ს კვლევის ერთ-ერთ ასპექტზე, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საუბარია პუნქტზე, რომელიც უკავშირდება ანტიდოპინგური წესების დამრღვევი სპორტსმენის ვინაობის გასაჯაროების საკითხს.

IDFI: “2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე), გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს” გამოხმაურებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ არ გაასაჯაროვა მოჭიდავის ვინაობა, რომელსაც სააგენტომ 2018 წელს დაუმტკიცა ანტიდოპინგური წესის დარღვევა.

ანატოლი კორეპანოვი

“მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-14 მუხლის გათვალისწინებით, სააგენტო ვალდებულია, გაასაჯაროვოს ანტიდოპინგური წესების დამრღვევი პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ანატოლი კორეპანოვი, - ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ უნდა გამოაქვეყნოს (მას შემდეგ რაც სპორტსმენს ან სხვა პირს დაუმტკიცდება წესის დარღვევა) ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია: სპორტის სახეობა, დარღვეული ანტიდოპინგური წესი, დამრღვევი სპორტსმენის, ან სხვა პირის ვინაობა, გამოყენებული აკრძალული ნივთიერება ან მეთოდი, ასევე დარღვევასთან დაკავშირებული შედეგები. ”

გარდა ამისა, საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით, ანტიდოპინგური სააგენტო, ვალდებულია, სულ მცირე წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ზოგადი სტატისტიკური ანგარიში მის საქმიანობასთან დაკავშირებით. სააგენტოს უფლება აქვს გამოაქვეყნოს შემოწმებულ სპორტსმენთა სია და ჩატარებული ტესტირებების თარიღები.

IDFI-ს კვლევაში თანდართულია წერილი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა 2019 წლის 28 თებერვალს მიიღო. წერილში ვკითხულობთ, რომ ერთმა მოჭიდავემ ანტიდოპინგური წესები დაარღვია, რის გამოც მას 10-თვიანი დისკვალიფიკაცია შეეფარდა და 2018 წელს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიდოპინგურ სააგენტოს სპორტსმენის თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, გაასაჯაროვოს მისი პერსონალური ინფორმაცია.

წერილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა 28 თებერვალს მიიღო

“რაც შეეხება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო სტანდარტს, ის გამომდინარეობს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსიდან და არ კრძალავს ინფორმაციის გამოქვეყნებას ანტიდოპინგური წესების დამრღვევი პირების თაობაზე. პირიქით, დოკუმენტის მე-8 მუხლში საუბარია მესამე პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემაზე, რაც მიზნად ისახავს ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტების გამოძიებას და სანქციების გამოტანას,” - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს” კომენტარში.

საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულები არიან, დოპინგში მხილებულ სპორტსმენს შეუჩერონ სახელმწიფო დაფინანსება (სუბსიდია/სტიპენდია/პრემია). შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან არასამთავრობო ორგანიზაცია “სპორტი განვითარებისთვის - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოს:

- გაასაჯაროვოს 2018 წელს ანტიდოპინგური წესების დამრღვევი მოჭიდავის ვინაობა;

- გაასაჯაროვოს ორგანიზაციის მიერ (დაფუძნებიდან დღემდე) გამოვლენილი ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სხვა ინფორმაცია

- უზრუნველყოს საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიური საქმიანობის თაობაზე ყოვლისმომცველი ანგარიშების გამოქვეყნება.

23 ივლისს, Institute for Development of Freedom of Information -მა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია...

Posted by სპორტი განვითარებისთვის - საქართველო / Sport for Development - Georgia on პარასკევი, 26 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები