Thumbnail

მატჩბოლი თასზე - ევროპის ჩემპიონი ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე გამოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რას ნიშნავს ბასილაშვილის პრიზის დიზაინი
  • ოთხი ჩოგბურთელი, რომელთაც ამ კვირაში ნიკას გადასწრება შეუძლიათ
  • მზადება მონრეალის მასტერსისთვის

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდებულად იასპარეზა ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობაზე, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობის სტატუსიც ჰქონდა, მან შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა.

ამით 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგში გასული კვირის მდგომარეობაც შეინარჩუნა - 520 ქულიდან 500 დაიცვა და კვლავ მსოფლიოს მე-16 ჩოგანია 1 975 ქულით. ეს კი ნიკას საუკეთესო შედეგის მორიგი გამეორებაა. რაც შეეხება დაკარგულ 20 ქულას, მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო, რადგან ნიკამ შარშან ჰამბურგის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ბადიდან მოიგო, წლეულს კი მას საკვალიფიკაციოში არაფერი ესაქმებოდა. 

შარშანდელი ფინალის მატჩბოლი წლევანდელ თასზე

ყველამ ნახა რა უცნაური ფორმის თასი მიიღო ბასილაშვილმა. რას ნიშნავს ეს ყვითელი "ბაფთები" თასზე? ამას ტურნირის ოფიციალური თრეილერი ხსნის - ეს არის შარშანდელი ფინალის მატჩ პოინტის "კვალი" კორტზე, მისი გრაფიკული ასახვა თასის დიზაინზე, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელ ლეონარდო მაიერს 6:4, 0:6, 7:5 მოუგო. 

ამ კვირაში ქართველი ჩემპიონი არსად თამაშობს, ის გამოტოვებს ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირს ვაშინგტონში. ამ კვირაში კიდევ ორი ტურნირია - ავტრიულ კიცბიუელში და მექსიკურ ლოს კაბოსში.

ამიტომ დიდი შანსია, ნიკამ ამ კვირაში მე-16 პოზიცია დაკარგოს - მაგალითად, მე-17 ნომერ ხორვატ მარინ ჩილიჩს ვაშინგტონში ერთი მატჩის მოგებაც ეყოფა ნიკას გადასასწრებად. თეორიულად მისი გადასწრება 4 ჩოგბურთელს შეუძლია (ჩილიჩი, გოფინი, რაონიჩი, ოჟიე-ალიასიმი). ასე რომ, 20-ეულიდან გავარდნა ქართველს არ ემუქრება.

ჰამბურგის ღია პირველობის ოფიციალური თრეილერი

ბასილაშვილი კორტებს მონრეალში (კანადა) უბრუნდება "როჯერს კაპზე", რომელიც მასტერსის სერიიდანაა. მონრეალში უძლიერესი მოთამაშეები იქნებიან, თუმცა სამი ფავორიტი ტურნირს მაინც აკლია - მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მე-3 ჩოგანი როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო. ნიკა განთესილთა შორისაა (სავარაუდოდ, მე-13 ჩოგანი იქნება). 

კომენტარები

ბოლო ამბები