Thumbnail

Pro D2 - კარკასონის სუპერსენსაცია, შარიქაძისა და სუთიაშვილის გამარჯვებები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველების კარკასონის სუპერსენსაცია.
  • სუთიაშვილის ანგულემმა მოიგო.
  • შარიქაძის ორიაკის გამარჯვება.

 პარასკევს პრო დ2-ის 22-ე ტური დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა. ამ ტურში უკვე რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა.

შალვა სუთიაშვილის ანგულემმა ბექა ბიწაძის ნარბონს უმასპინძლა და მეტოქეს 25:12 მოუგო. სუთიაშვილი შეხვედრაში 51-ე წუთზე ჩაერთო, ბიწაძეს ტრავმა აქვს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ანგულემმა მეტოქეს ორივე ტაიმი მოუგო, სამი ლელო დაუდო და პრემიალური ქულაც მოიპოვა. გუნდს 47 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს. ნარბონი 16-გუნდიან ჩემპიონატში 29 ქულით - ბოლო ადგილზეა.

ორი მატჩის წაგების შემდეგ, მერაბ შარიქაძის გიორგი ცუცქირიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის ორიაკმა გამარჯვება მოიპოვა. საშინაო არენაზე, ბეზიესთან გამართულ შეხვედრაში, ორიაკმა 24:14 იმარჯვა. შეხვედრაში არცერთ ქართველს არ მიუღია მონაწილეობა. ორიაკს 43 ქულა დაუგროვდა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

ილია კაიკაციშვილის მასი ნევერს დაუპირისპირდა. კაიკაციშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი მორაგბე 56-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი მასის გამარჯვებით 23:11 დასრულდა. ამ მოგებით ილიას გუნდი მე-13 ადგილს იკავებს, მასის აქტივში 41-ქულა აქვს.

ტურის სენსაცია - ასეთი სახელი მიანიჭეს მონტობანისა და კარკასონის მატჩს.

გათამაშების ლიდერმა მონტობანმა გიორგი ნაცარაშვილისა და მირიან ბურდულის კარკასონს უმასპინძლა. მე-15 ადგილზე მყოფ კარკასონს ბოლო ორი მატჩი მოგებული ჰქონდა და გათამაშების ლიდერთან უშანსოდ იყო. ამას ისიც დაემატა, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მინდვრიდან მათი პირველი ნომერი გააძევა და კარკასონს დარჩენილი დრო 14-კაცით მოუწია თამაში. ჟერომ ბოსუელი ჯარიმებს უბადლოდ ასრულებდა, მონტობანი 6:0-ს იგებდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს კარკასონმა ჯარიმას ლელო და გარდასახვა მიუმატა და პირველი ნახევარი მოულოდნელად 6:10 მოიგო. მონტობანი ტეკასალას ლელოთი და ჟერომ ბოსუელის გარდასახვით დაწინაურდა, თუმცა კარკასონმა ორჯერ მოიპოვა ჯარიმის დარტყმის უფლება და ანტუან ლესკალმელი ორივეჯერ ზუსტი აღმოჩნდა. კარკასონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თუმცა ისევ მე-15 ადგილზე დარჩა 35-ქულით. ქართველ მორაგბეებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კარკასონმა ზედიზედ მესამედ მოიგო. ორი მოგებაც და გუნდი გასვარდნ ზონას თავს დააღწევს.

მონ დე მარსანთან დასანანი მარცხი იწვნია ელიზბარ ყუფარაძის დაქსმა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 20:6 მოიგეს და დაქსისგან მეორე ნახევარში ასეთ თავგანწირულ თამაშს არავინ ელოდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში ორი ლელო დადეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანეს. მონ დე მარსანმა მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახერხა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 26:23 დაფიქსირდა. ელიზბარ ყუფარაძე სათადარიგო სკამზე იყო, ის 47-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, როდესაც ოკალანი ფაანუნუ შეცვალა. დაქსი პრო დ2-ში 40-ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

ვახტანგ მაისურაძის ვანი ბექა გიგაშვილის გრენობლს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 20:21 დამარცხდა. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ვანი 20:16-ს იგებდა.79-ე წუთზე ლოიკ გოდენერმა შეძლო ლელოს დადება და გრენობლისთვის გამარჯვების მოტანა. გრენობლს 61 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილზეა. ვანი 42-ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.


პრო დ2-ში კიდევ ორი მატჩი დარჩა გასამართი : ბიარიცი - ბაიონა, პერპინიანი - კოლომიე. შეგახსენებთ, რომ ბექა შეყლაშვილის კოლომიეს ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები