Thumbnail
  • იოანე იაშაღაშვილი ბაიონაში თავის დამკვიდრებას ეცდება
  • რატომ შეაჩერა ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ არჩევანი ბაიონაზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. ილია მაისურაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მიუხედავად პრობლემებისა, საუკეთესო 12 ნაკრებში ადგილი შეინარჩუნა.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების გადაბირების სურვილი ბევრმა გუნდმა გამოთქვა და ერთ-ერთი ასეთი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცრად ითამაშა და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

იაშაღაშვილი მარნეულის არმაზი დატოვა და საფრანგეთში გადავიდა, სადაც ფრანგული ბაიონას ღირსებას დაიცავს. ბაიონა შარშან რეგულარულ სეზონში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეი ოფის ფინალში ბრივი 21:19 დაამარცხა, რითიც უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

იოანე უკვე საფრანგეთშია და ახალი სეზონისთვის ემზადება. ჩვენ მას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

POPSPORT: როგორ შეეგუე ახალ გუნდს და რატომ გადაწყვიტე ბაიონაში გადასვლა. როგორც ვიცით, რამდენიმე შემოთავაზება გქონდა. რა პრინციპით გამოარჩიე ბაიონა სხვა გუნდებისგან?

იოანე იაშაღაშვილი: ბევრი შემოთავაზება იყო PRO D2-ის გუნდებისგან. ბაიონამ კი TOP 14-ში მოახერხა გადმოსვლა, ამიტომაც აქ წამოსვლა ვარჩიე. ადაპტაცია ცოტა რთულია: ენის ბარიერი, ახალი სათამაშო სტილი და თან ბაიონაში არცერთი ქართველი არ თამაშობს, მაგრამ მწვრთნელებიცა და მოთამაშეებიც კარგად დამხვდნენ.

POPSPORT: მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდი - როგორ შეაფასებდი განვილილ 20-წლამდელთა მსოფლიოს?

იოანე იაშაღაშვილი: მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის მიზანი ადგილის შენარჩუნება იყო და ეს მოვახერხეთ, რითიც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც უკეთ უნდა მეთამაშა, მაგრამ პირველ შეხვედრებში გამიჭირდა. ეს გამოუცდელობის ბრალიც იყო.

დარჩენილ შეხვედრებში თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდი და, საბოლოოდ, ჩემს გამოსვლას მსოფლიოზე დადებითად შევაფასებდი.

იაშაღაშვილის ლელო ფიჯის ნაკრებთან

იოანე იაშაღაშვილის ლელოოოო🔥🔥🔥 🇬🇪 საქართველო 12-8 ფიჯი 🇫🇯 #ყოჩაღბიჭებო #დიდიმადლობა #უმცროსიბორჯღალოსნები #რაგბიჩვენითამაშია #WorldRugbyU20s #Argentina2019

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

POPSPORT: უცხოურმა პრესამ მამუკა გორგოძეს შეგადარა. რა იგრძენი პირველად, როდესაც ეს ამბავი გაიგე და ამ სტატიას გაეცანი?

იოანე იაშაღაშვილი: როგორც ყველა ქართველი მორაგბისთვის, ჩემთვისაც მამუკა გორგოძე მისაბაძი მოთამაშეა. სასიხარულოა, რომ მას შემადარეს, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მის მომავალ მემკვიდრედ მოგიხსენიებენ.

POPSPORT: რას ელი ახალი სეზონისგან. რა გეგმები გაქვთ შენ და ბაიონას?

იოანე იაშაღაშვილი: ბაიონა TOP 14-ში წელს ამოვიდა. გუნდის მიზანი ელიტაში დარჩენა იქნება. რაც შეეხება ჩემს მიზანს, პირველ გუნდში ადგილი უნდა მოვიპოვო და ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო.

ბაიონა TOP 14-ის ახალ სეზონს 24 აგვისტოს დაიწყებს. იაშაღაშვილის გუნდის მეტოქე პირველ ტურში გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის რასინგი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები