Thumbnail

ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში - მასპინძელმა თამაში შემოატრიალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალექსანდერ ზვერევი 2:6, 7:5, 6:2 ფილიპ კრაინოვიჩი
  • ანდრეი რუბლევი 7:6, 7:6 დომინიკ ტიმი

ჰამბურგში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ ალექსანდერ ზვერევს (5) შეხვდება.

ქართველი ყველაზე საინტერესო ალექსანდერ ზვერევისა და სერბი ფილიპ კრაინოვიჩის (58) დუელი იყო. ამ შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ირკვეოდა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ დღეს იოლად დაამარცხა ფრანგი ჟერემი შარდი და ნახევარფინალში გავიდა.

ყველასთვის მოულოდნელად, ჰამბურგელთა საყვარელმა ჩოგბურთელმა (ზვერევი ამ ქალაქიდანაა) პირველი სეტი იოლად დათმო და მეორეშიც 3:5-ს აგებდა. თუმცა ზვერევმა თამაშის შემოტრიალება შეძლო - 2:6, 7:5, 6:2

ასე რომ, 27 ივლისს გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი ბასილაშვილი ზვერევს ხვდება.

III წრეში ერთი დიდი სენსაცია დაფიქსირდა: ტურნირს პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმი (ავსტრია, 4) გამოეთიშა. 

წაიკითხე | ბასილაშვილი ნახევარფინალშია - ნიკამ შარდი ადვილად დაამარცხა

დომინიკ ტიმს მსოფლიოს 78-ე ჩოგანმა, რუსმა ანდრეი რუბლევმა მოუგო ორ სეტში - 7:6 (7:3), 7:6 (7:5). რუბლევი ნახევარფინალშია.

ATP ტურზე ბასილაშვილი ორჯერ შეხვდა ზვერევს და ორჯერვე დამარცხდა - 2015 წელს მარსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკამ 6:7 (5:7), 3:6 წააგო. 2018 წელს ქართველი და გერმანელი ერთმანეთს შანხაის (ჩინეთი) ტურნირის 1/16 ფინალში შეხვდნენ - 5:7, 4:6. 

ნახევარფინალში გასვლით, ქართველმა 520 ქულიდან 180 დაიცვა. ნიკას მიმდინარე რეიტინგში 1 655 ქულა გაუხდა. ის 22-ე პოზიციაზეა. 

თუ ბასილაშვილი ზვერევს დაამარცხებს და ფინალში გავა, მას 1 775 ქულა ექნება და მიმდინარე რეიტინგში მე-18 საფეხურზე გადავა. ტურნირის მოგების შემთხვევაში, 1 975 მსოფლიოს მე-16 ჩოგნის პოზიციას შეინარჩუნებს. 

რაც შეეხება საპრიზო ფონდს - ბასილაშვილმა უკვე გამოიმუშავა €89 925. თუ ფინალში გავა მისი საპრიზო მონაგარი €178 220 იქნება. ევროპის ღიას ჩემპიონი კი €354 845-ს მიიღებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები