Thumbnail

ოლიმპიური დოპინგ-სკანდალი - ქართველ მოჭიდავეს უზბეკიც მიაყოლეს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სოკ-მა უზბეკ არტურ ტაიმაზოვს ოლიმპიური ოქრო ჩამოართვა
  • 7 წლის წინანდელი ოლიმპიადის ოქრო და ვერცხლი ვაკანტურია

2012 წლის 11 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმე წონის (120 კგ) ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა. ქართველი ფალავანი დავით მოძმანაშვილი უზბეკ არტურ ტაიმაზოვს ხვდებოდა. მოძმანაშვილი 0:3 დამარცხდა, ხოლო ტაიმაზოვი ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოჭიდავე გახდა.

23 ივლისს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დოპინგ-ტესტის ჩაგდებისთვის არტურ ტაიმაზოვს ოლიმპიური ოქრო ჩამოერთვა. 

შეგახსენებთ, რომ სოკ-მა იანვარში უკვე დასაჯა მოძმანაშვილი - ხელმეორე კვლევამ ქართველი მოჭიდავის ანალიზში აკრძალული პრეპარატი dehydrochlormethyltestosterone (ტურინაბოლი) გამოავლინა. მოძმანაშვილს დისკვალიფიკაცი და შესაბამისად ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა.

2017 წლიდან მოძმანაშვილმა მოქალაქეობა გამოიცვალა და ბოლოს უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა, ის აზიის 2018 წლის ჩემპიონია.

2012 წლის ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი), 3 ვერცხლი (რევაზ ლაშხი, დავით მოძმანაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი), 3 ბრინჯაო (მანუჩარ ცხადაია, დავით მარსაგიშვილი, გიორგი გოგშელიძე). სოკ-ის დადგენილება ძალაში იანვარშივე შევიდა. ასე რომ, საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე 6 მედალი დარჩა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. 

ტაიმაზოვი ახლა რუსეთის მოქალაქე და რუსეთის დუმის წევრია. რაც შეეხება მის ოლიმპიურ წარმატებას, აქედან არაფერი დარჩა, რადგან მას ჯერ კიდევ 2017 წელს ჩამოართვეს პეკინის ოლიმპიადის (2008 წ) ოქრო. ტაიმაზოვს რჩება ათენის (2004) ოქრო და სიდნეის (2000) ვერცხლი. 
ხელმეორე ანალიზები ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეებზე 2020 წლამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ვადა გადის და ვეღარავის დასჯიან. 

ასე რომ, ამჟამად ლონდონის ოლიმპიადის ოქრო და ვერცხლი თავისუფალ ჭიდაობაში (120 კგ) ვაკანტურია. 2012 წელს ბრინჯაოს მედლები ირანელმა კომეილ ღასემიმ და რუსმა ბილიალ მახოვმა მოიპოვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები