Thumbnail

ბელარუსი მეკარე, რომელიც ნიკეს გააძლიერებს - ინტერვიუ კატერინა მიკლაშევიჩთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნიკე საქართველოს ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
  • გუნდს ლეგიონერი შეუერთდა, რომელიც ბელარუსის 5-გზის ჩემპიონია 

ქალთა საფეხბურთო გუნდი ნიკე საქართველოს ჩემპიონია და სულ მალე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 7-13 აგვისტოს, სლოვენიაში ჯგუფური ეტაპი ჩატარდება, ნიკეს კი სლოვენიურ, შოტლანდიურ და უელსურ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება. ნიკეში ახალი ფეხბურთელია: ლეგიონერი ბელარუსიდან, რომელიც ქართული გუნდის კარს დაიცავს. კატერინა მიკლაშევიჩი 27 წლის მეკარეა, კარიერის საუკეთესო წლები საფეხბურთო კლუბ მინსკში გაატარა, ბოლოს კი ისრაელში ასპარეზობდა. მიკლაშევიჩმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა და საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა...

popsport: გააცანი თავი გულშემატკივრებს...

მიკლაშევიჩი: ფეხბურთის თამაში 14-15 წლის ასაკში დავიწყე, იქამდე კი სპორტის სხვადასხვა სახეობებით ვიყავი დაკავებული. თავიდან ვიტებსკის საფეხბურთო გუნდში ჩავირიცხე და იქ მივაღწიე პირველ წარმატებებს. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მიწვევდნენ და ეროვულ გუნდშიც მიწევდა ვარჯიში, რათა უფროსებთან გამოცდილება მიმეღო. ერთი წელი უკრაინაში ვითამაშე, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები საფეხბურთო კლუბ მინსკში გავატარე. სწორედ ამ გუნდთან ერთად გავხდი ქვეყნის 5-გზის ჩემპიონი. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და ასე აღმოვჩნდი ისრაელში, სადაც პანდორში ჩავირიცხე. 

popsport: ნიკეში როგორ აღმოჩნდი?

მიკლაშევიჩი: მინსკში ნინო პასიკაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ხშირად გვქონდა მიმოწერა და ბევრჯერ ვისურვეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ ერთად გვეთამაშა. ისრაელის ჩემპიონატი დასრულდა, დიდი შესვენება მოგვცეს და მეც ვისარგებლე ამ პაუზით. საქართველოში ვარ და ისევ ნინოსთან ერთად ვითამაშებ, ამჯერად ნიკეში. 

ნახექალთა ნაკრების კაპიტნის ამბავი - იცი ვინ არის ნინო პასიკაშვილი?

popsport: ანუ, კონტრაქტი დროებითია და შემდეგ, ისევ ისრაელში დაბრუნდები...

მიკლაშევიჩი: ნიკე საქართველოს ჩემპიონია და სულ მალე, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. თავიდან, მხოლოდ ამ ტურნირში ვაპირებდი ნიკეს დახმარებას, მაგრამ დღეს უფრო დიდი გეგმები მაქვს და მინდა გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ყველა გეგმას ვერ გავამხელ.

popsport: რა გეგმები აქვს ნიკეს ჩემპიონთა ლიგაზე?

მიკლაშევიჩი: ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და პლეი ოფში თამაშია. ჯგუფში შოტლანდიურ, უელსურ და სლოვენიურ გუნდებს შევხვდებით. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ არც ადვილი მატჩები გვექნება. ნიკეს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ. თავს არ დავზოგავთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

კატერინა მიკლაშევიჩი

popsport: როგორ მიგიღეს გუნდში და რამდენად კარგად გრძნობ თავს საქართველოში?

მიკლაშევიჩი: ერთი კვირაა, რაც თბილისში ჩამოვედი და პირველი შთაბეჭდილებები მხოლოდ პოზიტიურია. მომწონს, რომ თბილისში ძველი სახლებია შენარჩუნებული და იგრძნობა ტრადიციები. იშვიათად ნახავ ასეთ გახსნილ და მეგობრულ ხალხს. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ნიკე ახალგაზრდული გუნდია, თუმცა გოგონები კარგად თამაშობენ ფეხბურთს და ბევრის მიღწევა შეუძლიათ. შესაძლოა, დღეს ყველაფერი არ გამოსდით, მაგრამ მთავარია რომ საქმისადმი სწორი მიდგომა აქვთ და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ორ-სამ წელიწადში ისინი უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.

popsport: ბევრი ქალი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ისინი მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ...

მიკლაშევიჩი: ეს მტკივნეული თემაა და ჩემი აზრით, ქალთა ფეხბურთში მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა. ფედერაციები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ, რომ გოგონები ფეხბურთით დააინტერესონ. შემთხვევით რომ არ მენახა გოგონების ვარჯიში, დღეს სპორტოთ არ ვიქნებოდი დაკავებული. ქალთა ფეხბურთს მეტი რეკლამა სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის არავის სცალია. როდესაც კაცები ქალთა გუნდების თამაშის დროს, ფეხბურთით დაინტერესდებიან და არა მორბენალი გოგონებით, შემდეგ უკვე შეიძლება განვითარებაზე და წინასვლაზე ლაპარაკი.

popsport: ვინ არის შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი და რა გეგმები გაქვს სპორტულ კარიერაში?

მიკლაშევიჩი: ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელიც ასაკის მიუხედავად, სასწაულებს აკეთებს. ვაფასებ ფეხბურთის მიმართ მის ერთგულებას და სიყვარულს. თამაშის სტილით მანუელ ნოიერი მომწონს და ვცდილობ, რომ ფეხით თამაშში მაგალითი მისგამ ავიღო. ჩემი მიზანია, რომ ყველგან და ყოველთვის ჩემპიონი გავხდე, ოცნება კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები