Thumbnail

'სასახელო ტრადიცია აღდგება' - ქართული და რუსული კლუბები ერთ ტურნირში ითამაშებენ?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 'ევროპის საკლუბო ლიგა' რუსებთან ერთად?
  • რამდენად სანდო შეიძლება იყოს რუსი პარტნიორი სპორტში

რუსეთის რაგბის ფედერაციის მაღალჩინოსანმა იგორ არტემიევმა rugger.info-თან ინტერვიუში ქართული და რუსული რაგბის ერთობლივ პროექტზე ისაუბრა და ეს მოხდა რამდენიმე დღეში, მას მერე, რაც რუსეთის რაგბის ფედერაციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში 27 აგვისტოს გასამართავი მატჩი გააუქმა

"ფედერაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებული აკვირდებოდა. სამწუხაროდ, რადიკალურად განწყობილი ადამიანების ქმედება ამ ქვეყანაში საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

ამ ყველაფრის განთვალისწინებით, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 27 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება. 

ჩვენ ვადასტურებთ, რომ დიდად ვაფასებთ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირთან. ჩვენი თამაშის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სოლიდარობაა, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სხვაობების მიუხედავად. ორივე ნაკრების გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით", - ეწერა რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში. 

იგორ არტემიევი

"კონტინენტის საკლუბო ლიგის პროექტი ისევ ძალაშია. რაგბი ევროპის ორგანიზაციის მხარდაჭერა ჩვენ უკვე გვაქვს. ვფიქრობ, უკვე 2020 წელს პირველი ტურნირი გაიმართება ქართული, რუმინული, რუსული, გერმანული და კიდევ შესაძლოა რამდენიმე სხვა ქვეყნის კლუბების მონაწილეობით. აღდგება დიდებული ტრადიცია მოსკოვის, ქუთაისისა და თბილისის კლუბების დაპირისპირებების. ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება", - განაცხადა არტემიევმა. 

რამდენად მისასალმებელია რუსებთან ერთად ერთობლივ პროექტში მონაწილეობა? ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კარგად აჩვენეს, რომ რუსები ყველაფერს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებენ. გაუგებარია, თუ ახლა მათ მოქალაქეებს თბილისში "საფრთხე ემუქრებათ", რა გარანტია აქვთ, რომ 2020 წელს მათთვის უსაფრთხო იქნება საქართველოში ვიზიტი და "სასახელო ტრადიციების" აღდგენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები