Thumbnail

‘ბრუტალური, სამარცხვინო უხეშობა’ - სკანდალი ლივერპულის ტესტ-მატჩში სევილიასთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპული სევილიასთან ტესტ-მატჩში 1:2 დამარცხდა
  • თამაშის შემდეგ ყველა ჟორის ნიანონის უხეშობაზე ლაპარაკობს

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ლივერპულისა და ესპანური სევილიას დაპირისპირება ერთი ჩვეულებრივი ტესტ-მატჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინგლისურ-ესპანური დუელი სკანდალში გადაიზარდა.

ნოლიტომ სევილია 37-ე წუთზე დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს დივოკ ორიგიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 90-ე წუთზე ესპანელებს გამარჯვება ალეხანდრო პოცომ მოუტანა, თუმცა მატჩის მთავარი ამბავი მანამდე მოხდა. პოცოს გოლამდე სევილიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - მსაჯმა მათ ჟორის ნიანონი 76-ე წუთზე გაუძევა.

ამ უკანასკნელის უხეშობა ლივერპულის ტალანტ იასერ ლარუცისთან იმდენად ბრუტალური იყო, რომ მატჩის შემდეგ ყველა ამაზე ლაპარაკობს. მერსისაიდელთა კაპიტანმა ჯეიმს მილნერმა ნიანონის ფოლს სამარცხვინო საქციელი უწოდა.

18 წლის ლარუცი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ტრავმის სიმძიმე დღეს დაგეგმილმა გამოკვლევამ უნდა დაადგინოს. სევილიას ცენტრალურმა მცველმა ‘ტვიტერზე’ უკვე მოიხადა ბოდიში: “მინდა, რომ ლივერპულს, მის ფანებს და ფეხბურთელის ოჯახს ბოდიში მოვუხადო. მართლაც ძალიან ცუდად გამომივიდა და ფეხბურთში ასეთი უხეშობის ადგილი არ არის,” - დაწერა მან.

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სევილიელთა დამრიგებელ ხულიენ ლოპეტეგის მატჩის დროს საკუთარი გუნდის დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, რადგან სევილიელები ძალიან ხშირად უხეშობდნენ. 

თამაშის შემდეგ, კლოპმა მომხდარის კომენტირება არ ისურვა: “ჯერ ზედმეტად ადრეა იმისათვის, რომ საჰედლაინო მასალა მოგცეთ, - უთხრა მან ჟურნალისტებს, - არ მინდა ვთქვა ის, რასაც ახლა ვფიქრობ!”

სამაგიეროდ, კომენტარი მილნერმა გააკეთა: “ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო. არ მესმის, ახალგაზრდა ბიჭს ასე როგორ უნდა ჩაარტყა? ეს სამარცხვინო უხეშობა იყო!”

არადა, ეს ერთი უბრალო ტესტ-მატჩი უნდა ყოფილიყო...

კომენტარები

ბოლო ამბები