Thumbnail

‘საკმარისია!’ - ერთი წელიც და 40 წლის კლაუდიო პისარო მართლა წავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლაუდიო პისარომ განაცხადა, რომ კარიერას 2020 წელს დაამთავრებს
  • პერუელი გოლეადორის ბოლო მიზანი ვერდერთან ერთად ევროსაგზურის მოპოვებაა

ბუნდესლიგის ლეგენდა და რეკორდსმენი კარიერას ამთავრებს!

“გადაწყვეტილება მიღებულია: მომავალი სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება!” - განაცხადა 40 წლის კლაუდიო პისარომ ბრემენში. პერუელი თავდამსხმელი კარიერას 2020 წლის ზაფხულში დაასრულებს.

“თავს ახლაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ ბევრ ექიმს ვესაუბრე და მართლაც საკმარისია, რაც ვითამაშე. ბოლო სეზონში ჩემი მიზანი ის იქნება, რომ ბრემენის ვერდერს ევროსაგზურის მოპოვებაში დავეხმარო. თუ ამას შევძლებთ, აქტიური სპორტიდან ბედნიერი წავალ,” - დასძინა პისარომ.

პერუელი თავდამსხმელისთვის ბოლო სეზონი 10 აგვისტოს, გერმანიის თასის პირველ ეტაპზე, დელმენჰორსტთან მატჩით დაიწყება. პისარომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 40 წლის ასაკში თავს შესანიშნავად გრძნობს და იმედი აქვს, რომ ბოლო სეზონში ბევრ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ვერდერისთვის და ბაიერნისთვის მას 197 გოლი აქვს გატანილი. პისარო 1999 წელს ვერდერში ალიანსა ლიმადან გადავიდა - ბრემენული კლუბის გარდა თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში (2001-2007 და 2012-2015 წლებში). 2007/2008 წლების სეზონში ის ჩელსის ფეხბურთელი იყო, 2017/2018 წლების სეზონში კი - კიოლნის ღირსებას იცავდა. ბაიერნთან ერთად პისარო ჯამში 6-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვერდერთან ერთად იგი 2009 წელს გერმანიის თასს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები