Thumbnail

კაიზერ-ფრანცი ცუდად არის - ბეკენბაუერის დაკითხვაც კი შეუძლებელია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანც ბეკენბაუერი ბოლო დროს იშვიათად ჩნდება
  • კაიზერ-ფრანცს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს
  • გერმანული ფეხბურთის ლეგენდის დაკითხვა სურთ, მაგრამ ეს შეუძლებელია
  • სკანდალური საქმე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს ეხება

რამდენად მძიმეა ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გერმანული და შვეიცარიული მედია წერს, რომ 73 წლის კაიზერ-ფრანცი ძალიან ცუდადაა - შეუძლებელია არა მარტო მისი დაკითხვა, არამედ მასთან მოლაპარაკებებიც კი.

რა საჭიროა ბეკენბაუერის დაკითხვა? საქმე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს ეხება. მაშინ კაიზერი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, კონკრეტულად კი 2016 წლის 1 სექტემბერს, საქმე მის წინააღმდეგაც აღიძრა. გამოძიება არკვევდა თანხების გადარიცხვებს მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტიდან ყატარელი ფუნქციონერისკენ, მოჰამედ ბინ ჰამამისკენ, რომელმაც, როგორც ირკვევა, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 2006 წელს გერმანიას ემასპინძლა.

უფრო კონკრეტულად: საქმე ეხება 6,7 მილიონ ევროს, რომელიც მაშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან ფიფაში გადაირიცხა. ოფიციალურად მითითებულია, რომ ეს თანხა დაგეგმილი გახსნის ცერემონიალისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად ამაში არ გამოიყენეს. ეს თანხა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა თავის დროზე ადიდასის ყოფილ შეფს, რობერტ-ლუის დრეიფუსს გადაახდევინა. ეს უკანასკნელი 2009 წელს გარდაიცვალა.

შვეიცარიული გაზეთი ‘ნოიე ციურიხერ ცაითუნგი’ წერს, რომ ახლა ბეკენბაუერის დაკითხვა იგეგმებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან სამედიცინო დასკვნაში წერია: “კაიზერ-ფრანცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მასთან მოლაპარაკებები და მისი დაკითხვა შეუძლებელია.”

ბეკენბაუერი ბოლო დროს მართლაც ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში - სწორედ მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 2016 და 2017 წლებში მან გულის ორი ოპერაცია გადაიტანა. ცოტა ხნის წინ ბეკენბაუერს თვალმაც უმტყუნა. “დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ბოლოს სპეციალურ კლინიკაში ვიყავი, ე.წ. თვალის ინფარქტი დამიდგინეს. მარჯვენა თვალით თითქმის ვეღარ ვხედავ,” - უთხრა ცოტა ხნის წინ ბეკენბაურმა ‘ბილდს’.

კომენტარები

ბოლო ამბები