Thumbnail

ევრობასკეტი 2021 | საქართველო მე-5 კალათში, ზუროსის გუნდი შესარჩევში ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფიბამ 32 ნაკრები 8 კალათში გადაანაწილა
  • საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში უკონკურსოდ იასპარეზებს

22 ივლისს, მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს, ილიას ზუროსის ნაკრები შესარჩევ ციკლში მაინც მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ, უკონკურსოდ.

ისევე, როგორც ევრობასკეტის სხვა სამი მასპინძელი ქვეყანა, გერმანია, ჩეხეთი და იტალია, საქართველოც შესარჩევში კონკურსგარეშე მიიღებს მონაწილეობას. ეს ოთხეული ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში, გავა ფინალურ ეტაპზე. 

წილისყრაზე 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება, ევრობასკეტის 24 საგზურისთვის საბრძოლველად. ფიბა-ევროპამ ეს გუნდები სიძლიერის მიხედვით, კალათებში განთესა. ილიას ზუროსის ნაკრები მე-5 კალათშია მონტენეგროს, ბელგიისა და ისრაელის ნაკრებებთან ერთად. ასე რომ, ეს სამი გუნდი აუცილებლად აგვცდება შესარჩევ ჯგუფში. 

განთესვა ფიბა NIKE-ის რეიტინგის მიხედვით მოხდა, სადაც ზუროსის ნაკრები 354 ქულით 26-ე პოზიციაზეა

მატჩები ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ სამ სანაკრებო ფანჯარაში გაიმართება:

1. 2020 წლის 17-25 თებერვალს;

2. 2020 წლის 23 ნოემბერი-1 დეკემბერს;

3. 2021 წლის 15-23 თებერვალს.

თითოეული ნაკრები თითო ფანჯრის განმავლობაში 2-2 მატჩს ჩაატარებს. 

ეს კალენდარი კი იმას ნიშნავს, რომ ნაკრებს ვერც NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები დაეხმარებიან და ვერც ევროლიგაზე მოთამაშეები. 

ევრობასკეტი 2021. შესარჩევი ციკლი. კალათები

🏀
ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ლიეტუვა
🏀🏀
სლოვენია, საბერძნეთი, ხორვატია, რუსეთი
🏀🏀🏀
იტალია, ლატვია, თურქეთი, უკრაინა
🏀🏀🏀🏀
ფინეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი
🏀🏀🏀🏀🏀
საქართველო, მონტენეგრო, ბელგია, ისრაელი
🏀🏀🏀🏀🏀🏀
უნგრეთი, ბოსნია, ჰოლანდია, მაკედონია
🏀🏀🏀🏀🏀🏀🏀
ესტონეთი, ბულგარეთი, შვედეთი, ავსტრია
🏀🏀🏀🏀🏀🏀🏀🏀
ალბანეთი/ბელარუსი/დანია (ერთ-ერთი)
სლოვაკეთი/კვიპროსი/რუმინეთი (ერთ-ერთი)
ლუქსემბურგი/კოსოვო/დიდი ბრიტანეთი (ერთ-ერთი)
შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია (ერთ-ერთი)

8 ჯგუფიდან ევრობასკეტზე 3-3 ნაკრები გავა. იმ ჯგუფებიდან, სადაც რომელიმე მასპინძელი ქვეყანა მოხვდება, ევრობასკეტზე 2 გუნდი გავა (+ ეს მასპინძელი ქვეყანა). არ შეიძლება ერთ ჯგუფში ერთზე მეტი მასპინძელი ქვეყნის მოხვედრა. ასე რომ, მე-3 კალათიდან იტალია აგვცდება, ხოლო მე-4 კალათიდან გერმანია და ჩეხეთი. ჯგუფში ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე ან ფინეთი იქნება ან პოლონეთი. ორგანიზატორებს დაზუსტებული აქვთ, რომ 8-დან 4 ჯგუფი დაკომპლექტდება 1-ელი, მე-4, მე-5 და მე-8 კალათის გუნდებით, ხოლო 4 სხვა ჯგუფი დაკომპლექტდება მე-2, მე-2, მე-6 და მე-7 კალათის ქვეყნებით. 

შესაბამისად:

1. საქართველოს ერთი მეტოქე აუცილებლად უძლიერესი კალათიდან იქნება: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ლიეტუვა

2. ნაკრების მეორე მეტოქე აუცილებლად ფინეთი ან პოლონეთი იქნება

3. ნაკრების მესამე მეტოქე ყველაზე სუსტი კალათიდან იქნება, რომელში მოსახვედრად ჯერ წინასაკვალიფიკაციო მატჩები უნდა გაიმართოს.

4. საქართველო აუცილებლად A, C, E ან G ჯგუფში ითამაშებს.

წილისყრა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ორშაბათს 14:15-ზე (თბილისის დრო) დაიწყება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები