Thumbnail
  • ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირში სანდრო ბაზაძე მე-12 ადგილზე გავიდა
  • მიხეილ მარდალეიშვილმა გამოსვლა 1/32-ფინალში დაასრულა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, მეოთხე დღეს, თექვსმეტ საუკეთესოს შორის მოხვდა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა და პლანეტის პირველობებზე ნაჩვენები კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. სანდრო ბაზაძე 2017 წელს, ლაიფციგშიც მე-12 იყო.

24 წლის ქართველმა მოფარიკავემ, რომელიც რეიტინგში მეცამეტეა, ბუდაპეშტში 1/8-ფინალში გააღწია, სადაც იტალიელ ლუკა კურატოლისთან (რეიტინგში მე-6) დამარცხდა - 10-15. მანამდე სანდრომ 1/16-ფინალში არგენტინელი დი ტელა დაამარცხა (15-7), 1/32-ფინალში კი ჰონკონგელ აარონ ჰოს სძლია (15-12). 

სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტში მე-12 ადგილზე გავიდა

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძეს მსოფლიოს თასზე (2016 წელს) ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატებზე კი ზედიზედ სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (2017, 2018 და 2019 წლებში).

დღესვე ბუდაპეშტში ასპარეზობა 1/32-ფინალში დაასრულა კიდევ ერთმა ხმლით მოფარიკავე ქართველმა სპორტსმენმა, მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, ერთ-ერთ ფავორიტთან, მასპინძელ ანდრას სზატმართან დამარცხდა (10-15).

მიხეილ მარდალეიშვილი სტარტზე მასპინძელთან დამარცხდა

ბუდაპეშტში, რაპირით მოფარიკავეთა ტურნირში, 1/32 ფინალში გავიდნენ ლაშა გალუაშვილი და ლუკა ღაღანიძე, რომლებიც 19 ივლისს იასპარეზებენ. ხვალვე, მოხმალავე ქალთა პლეი ოფში თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები