Thumbnail
  • ჰოლანდიური მედია: აბურჯანია ტვენტეში გადავიდა
  • 2-წლიანი იჯარა სევილიიდან

TC Tubantia-ს ინფორმაციით, სევილია და ჰოლანდიური ტვენტე შეთანხმდნენ - ქართველი საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 2-წლიანი იჯარით ენსხედეში მიდის. ქართველი ლეგიონერი უკვე ამ კვირაში გახდება ოფიციალურად ტვენტეს ფეხბურთელი. 

24 წლის აბურჯანია სევილიამ 2016 წლის აგვისტოში ხიმნასტიკისგან  €1.8 მილიონად შეიძინა. სევილიას მეორე გუნდში თამაშის შემდეგ, ანდალუსიურმა კლუბმა შარშან იგი ლუგოში გაანათხოვრა. ახლა კი ჰოლანდიური ტვენტეს ჯერია.

"ტრანსფერმარკტი" აბურჯანიას €800 ათასად აფასებს. მან ლა ლიგა 2-ში ჯამში 73 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. 

ტვენტეს ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლივენი და მწვრთნელი გონსალო გარსია აბურჯანიას კარგად იცნობენ, რადგან ფამაგუსტას ანორთოსისში ერთად მუშაობდნენ. 

აბურჯანიას ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ახლახან ტვენტეს გამომწერი გახდა ტვიტერზე. იმავე წყაროს ინფორმაციით, ტვენტე გამბა ოსაკას თინეიჯერ კეიტო ნაკამურასაც შეუთანხმდა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ერედივიზიეში ქართველთაგან გურამ კაშია (ვიტესი) თამაშობდა, სანამ ამერიკულ სან ხოსეში გადაბარგდებოდა.

ტვენტეს კარგი ურთიერთობა აქვს სევილიასთან, გასულ სეზონში ჰოლანდიურმა კლუბმა ანდალუსიელებისგან კრისტიან გონსალესი ინათხოვრა. ტვენტე ჰოლანდიურ ელიტას მას მერე დაუბრუნდა, რაც ეერსტე დივიზიე დიდი უპირატესობით მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2003-06 წლებში ტვენტეს ღირსებას გიორგი გახოკიძე იცავდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები