Thumbnail
  • ქუთაისის ტორპედომ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა
  • კახა ჩხეტიანის გუნდი კახა ცხადაძის ორდაბასისთან 0:1 დამარცხდა

ქუთაისის ტორპედო ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ყახაზურ ორდაბასისთან სტუმრად 0:1 დამარცხდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა, რომელსაც ურთულესი დრო უდგას, საგრძნობლად ძლიერ მეტოქეს 65 წუთი გაუძლო. შესაძლოა, სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო, 0:1 კი ისეთი ანგარიშია, რომელიც ტორპედოს, საპასუხო მატჩის წინ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

პირველ ტაიმში ორდაბასი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა კახა ცხადაძის ფეხბურთელებს ქუთაისელთა კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. აღსანიშნავია, რომ ყაზახური კლუბი პირველ ნახევარში არცისე მაღალ ტემპში თამაშობდა. მასპინძლები ტემპს და პრესინგს მხოლოდ პერიოდულად უმატებდნენ და ასეთ დროს მათი უპირატესობა კიდევ უფრო იკვეთებოდა.

ერთადერთი რეალური მომენტი პირველ ტაიმში 39-ე წუთზე შეიქმნა, როცა ჟოაო პაულოს კუთხურის შემდეგ, იერლანოვის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.

კვასხვაძის სეივი (39’)

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმში მასპინძლებმა მოუმატეს. ორდაბასის ფეხბურთელები ტორპედოს ნახევარზე აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ და ტემპსაც მოუმატეს. კახა ჩხეტიანის შეგირდები იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ. ტორპედო თავს იცავდა და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყო. 50-ე წუთზე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, თუმცა ჟოაო პაულო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი არ ჩაითვალა.

დაახლოებით 55-ე წუთიდან ორდაბასის ფეხბურთელები შეეცადნენ, ტორპედოსთვის შტურმი მოეწყოთ, მაგრამ ქუთაისელებმა მათი იერიშების მოგერიება შეძლეს. 0:0 ორდაბასის არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა. შესაბამისად, რაც დრო გადიოდა, მასპინძლები უფრო უფრო აგრესიულებიც ხდებოდნენ. ერთ მომენტში ცხადაძის ფეხბურთელები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი სამართლიანად არ დანიშნა.

64-ე წუთზე ორდაბასის შემტევი ჟანგილიშბაი ტორპედოს მეკარე კვასხვაძეს ეუხეშა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ჟანგილიშბაის უხეშობა

65-ე წუთზე ყაზახებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს: ჟოაო პაულოს კუთხურის შემდეგ, კვასხვაძემ კარი დატოვა, მაგრამ შეცდა, იერლანოვმა კი ბურთი თავით დაუცველ კარში გადაგზავნა.

1:0 იერლანოვი (65)

72-ე წუთზე მალანგუს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.

კვასხვაძის კიდევ ერთი სეივი

ცხადაძის გუნდი ერთი გოლით არ კმაყოფილდებოდა - ორდაბასის ფეხბურთელები აქტიურ იერიშებს აგრძელებდნენ. ტორპედომ ბურთის დაჭერა მხოლოდ 90-ე წუთისთვის მოახერხა. მანამდე, ქუთაისელებს ერთი სახიფათო კონტრშეტევის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, მასპინძლებს კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდათ - ტორპედო კვასხვაძემ გადაარჩინა.

ორდაბასი 1:0 ტორპედო

გოლები: 1:0 იერლანოვი (65)

ორდაბასი (3-5-2): ნეპოგოდოვი - იერლანოვი, ფონტანელო, მალი - ტოლებეკი (56. ბადიბანგა), მეჰანოვიჩი (67. შჩეტკინი), დიაკატე, მალანგუ, დოსმაგამბეტოვი - ჟანგილიშბაი (73. ბისტროვი), ჟოაო პაულო.

ტორპედო (4-3-3): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია - ცინცაძე, ფონიავა (86. მოსიაშვილი), ნებიერიძე - ციცქიშვილი, კაპანაძე (78. კაპანაძე), ჩოგაძე (69. კობახიძე).

 

კომენტარები

ბოლო ამბები