Thumbnail

PREVIEW | ჩილე ზედიზედ მესამე ფინალისკენ - პერუს თავის დაცვა შეუძლია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 4 ივლისი | ⌚ 04:30 | ⚽ ჩილე V პერუ | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ჩილეს ნაკრები კოპა ამერიკის ზედიზედ მესამედ მოგებისკენ მიიწევს
  • პერუმ ტურნირზე ერთი სენსაცია უკვე შემოგვთავაზა - ურუგვაი გააგდო 

კოპა ამერიკაზე მეორე ფინალისტი პორტუ-ალეგრიში, "არენა დე გრემიოზე" გამოვლინდება, სადაც გარკვეულწილად, მოულოდნელი წყვილი წარსდგება - ჩილე და პერუ. ნეიტრალური გულშემატკივრები და ექსპერტები ტურნირის ნახევარფინალში ამ გუნდებზე მეტად კოლუმბიისა და ურუგვაის გასვლას ვარაუდობდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა - უგოლოდ დასრულებულ ორივე ¼-ფინალურ მატჩში, პენალტების სერია უკეთესად სწორედ ჩილემ და პერუმ შეასრულეს.

ჩილეს ნაკრები

"ლა როხა" ბოლო წლებში სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბრაზილიაში მიმდინარე კონტინენტურ ტურნირში მაინც წარმატებით გამოდის და ახლა ბრწყინვალე შანსი აქვს, კოპა ზედიზედ მესამედ მოიგოს. შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა ჯერ 2015 წელს, საკუთარ კედლებში იზეიმა ტურნირის მოგება, ერთი წლის შემდეგ კი უკვე აშშ-ში გამართულ "სენტენარიოში" გაიმარჯვა.

ჩილეს ნაკრები პერუსთან ნახევარფინლური მატჩისთვის ემზადება

რეინალდო რუედას შეგირდება ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ იაპონია გაანადგურეს (4:0), შემდეგ კი ეკვადორს აჯობეს (2:1). "ლა როხამ" C ჯგუფში პირველობა ბოლო ტურში ურუგვაის დაუთმო, რომელთანაც მატჩის მიწურულს კავანისგან მიღებული გოლით დამარცხდა (0:1). ¼-ფინალში ჩილემ კოლუმბიას უკვე პენალტების სერიაში აჯობა (0:0, 5:4).

ჩილეს ნაკრების ფორვარდის ალექსის სანჩესის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 1 საგოლე პასია

პერუს ნაკრები

"ინკები" კოპა ამერიკის ბოლო რვა გათამაშებაში ჯგუფიდან სტაბილურად გადიოდნენ. ამასთან, 2011 და 2015 წლებში მათ ბრინჯაოსაც გამოკრეს ხელი, 1997-ში კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. უკანასკნელ, 2016 წელს გამართულ "ასწლეულის კოპაზე" პერუს მიღწევა ¼-ფინალი იყო. 

პერუს ნაკრების ურუგვაისთან გამარჯვებას ბევრი არ ელოდა

წლევანდელი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა, ჩილეს მსგავსად, რიკარდო გარეკას გუნდმაც უკეთესად შესრულებული 11-მეტრიანების წყალობით მოახერხა. ურუგვაისთან თამაშის დროს პერუელებს კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამთ, მაგრამ სამაგიეროდ, სუარესისა და კავანის წნეხს გაუძლეს. კოპას ჯგუფურ ეტაპზე პერუს ნაკრებმა უგოლოდ ითამაშა ვენესუელასთან, აჯობა ბოლივიას (3:1), მასპინძელ ბრაზილიასთან კი განადგურდა (0:5). გარეკას გუნდმა საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ¼-ფინალში მოხვდა.

📷 პერუს ნაკრების მზადება ჩილესთან მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

⚽ ორივე გუნდმა 1/4-ფინალში უგოლოდ ითამაშა, 1/2-ფინალში კი პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით მოხვდა - ერთნაირი ანგარიშით 5:4.  

⚽ ჩილემ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩემპიონის ტიტული უნდა დაიცვას, რომელიც ბოლოს 2016 წელს მოიპოვა, მანამდე კი - 2015 წელს.

⚽ პერუ კოპა ამერიკის ერთადერთი ნახევარფინალისტია, რომელმაც თავის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

⚽ ჩილეს და პერუს ურთიერთშეხვედრებში 16 მატჩია ფრე არ დაფიქსირებულა. ბოლოს გუნდები მშვიდობიანად 15 წლის წინ დაშორდნენ.

⚽ ამ გუნდების უკანასკნელი 10 შეხვედრიდან 8-ჯერ ჩილემ გაიმარჯვა, პერუმ კი მხოლოდ 2-ჯერ. 

⚽ მაგრამ ამ გუნდების ბოლო მატჩი, რომელიც შარშან შემოდგომით ჩატარდა და ამხანაგური იყო, პერუმ დამაჯერებლად მოიგო - 3:0.

⚽ ჩილეს ნაკრებმა პერუსთან გამართულ ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში პირველი ტაიმის მოგება მოახერხა.

⚽ ჩილეს და პერუს ბოლო ხუთივე დაპირისპირებაში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. აქედან 4-ში კი გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.  

⚽ ჩილე-პერუს კოლუმბიელი ვილმარ როლდანი განსჯის, რომლისთვისაც ეს წელს 26-ე მატჩი იქნება. არბიტრი საშუალოდ თამაშში 4,5 ყვითელ ბარათს აჩვენებდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ჩილე (4-3-3): არიასი - ისლა, მედელი, მარიპანი, ბოსეჟური - არანგისი, პულგარი, ვიდალი - ფუენსალიდა, ვერგასი, სანჩესი. 

პერუ (4-2-3-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო - იოტუნი, ტაპია - კარილიო, ფარფანი, კუევა - გერერო.

კომენტარები

ბოლო ამბები