Thumbnail
  • 📅 3 ივლისი | ⌚ 04:30 | ⚽ ბრაზილია V არგენტინა | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • სამხრეთამერიკული კლასიკო ბელუ ორიზონტეში

ბელუ ორიზონტეს "მინეირაუზე" ისეთი ნახევარფინალია, რომელიც ფინალს უდრის - სამხრეთამერიკული კლასიკური დაპირისპირება ბრაზილია V არგენტინა, კონტინენტის El Clásico! 

ბრაზილია V არგენტინა

ამ ორი ნაკრების დაპირისპირება ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობად ითვლება სანაკრებო ფეხბურთში - ESPN მას პირველ ადგილს აკუთვნებს, ხოლო  CNN - მეორეს (ინგლისი-შოტლანდიის შემდეგ). 
ყველაფერი კი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო - პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1940 წელს შეხვდნენ და ბუენოს აირესში არგენტინამ 3:0 მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ 110 შეხვედრიდან მეტი ბრაზილიამ მოიგო (45), არგენტინამ - 40, ყველაზე მძიმე მარცხი მაინც არგენტინამ მიაყენა მეტოქეს - 1940 წლის მარტში 6:1 მოუგო. არგენტინას მეტჯერ მხოლოდ ურუგვაისთან უთამაშია (193-ჯერ). 

გზა ნახევარფინალამდე

ბრაზილიამ ჯგუფში 3:0 დაამარცხა ბოლივიის ნაკრები (კოუტინიო 2, ევერტონი), 0:0 ითამაშა ვენესუელასთან და 5:0 გაანადგურა პერუ (კაზემირო, ფირმინო, ევერტონი, დანი ალვეში, ვილიანი). მეოთხედფინალში "სელესაომ" ვერაფერი მოუხერხა პარაგვაის ნაკრებს, რომელმაც ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე. 

არგენტინამ კოპა მძიმედ დაიწყო 0:2 წააგო კოლუმბიასთან და 1:1 ითამაშა პარგვაისთან (მესი (პენ)). მესამე მატჩში "ალბისელესტემ" 2:0 მოუგო ყატარს (ლაუტარო, აგუერო) და მეოთხედფინალში გავიდა. 

მეოთხედფინალებში მხოლოდ არგენტინამ მოიგო თამაში ძირითად დროში, ვენესუელა 2:0 დაამარცხა (ლაუტარო, ლო სელსო).

კაზემირო ბრუნდება

ბრაზილიას დისკვალიფიკაციამოხდილი კაზემირო უბრუნდება, რომელიც შუახაზში ალანს შეცვლის. სხვა შემთხვევაში, გუნდში ცვლილებები არ იგეგმება, "სელესაო" იმ შემადგენლობით ითამაშებს, როგორითაც პარაგვაისთან 1/4 ფინალში. 

ბრაზილიელთათვის სამწუხაროდ, რიშარლისონს არ მოუწევს კოპაზე თამაში, ფერნანდინიოს კი მცირე შანსი რჩება. 

ლიონელ სკალონის არ აქვს მიზეზი შეცვალოს მოგებული შემადგენლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლო სელსო ისევ არ იქნება სასტარტოში, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე ისევ ფოიტი გამოჩნდება. 
შეტევა უცვლელია - წინ ლაუტარო მარტინესისა და სერხიო აგუეროს ტანდემი, რომელთაც ზურგიდან პასებით ლეო მესი მოამარაგებს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბრაზილიის ნაკრებს კოპაზე ჯერ გოლი არ გაუშვია (პენალტების სერიაში გაშვებული არ ითვლება). 

⚽ ბრაზილიის ნაკრებს 623 წუთია, რაც გოლი არ გაუშვია.

⚽ არგენტინის ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოიგო. 

⚽ ბომბარდირთა დავაში 2-2 გოლი აქვთ ლაუტარო მარტინესს (არგენტინა), ფილიპე კოუტინიოსა (ბრაზილია) და ევერტონ (ბრაზილია).

⚽ ბოლო 5 წლის განმავლობაში გუნდები ერთმანეთში წელიწადში ერთხელ თამაშობდნენ - 3 თამაში ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, 1 - არგენტინამ, 1 ფრე. 

⚽ ტიტე და სკალონი მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - შარშან ამხანაგურში ბრაზილიამ 1:0 გაიმარჯვა. 

⚽ არგენტინის ბოლო ორ მატჩში ანგარიშს ლაუტარო მარტინესი ხსნიდა, ორჯერვე პირველ 10 წუთში.

⚽ არგენტინის ბოლო 8 მოგებიდან 7 1-ზე მეტი გოლის უპირატესობით მოხდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ფილიპე ლუიში - არტური, კაზემირო - გაბრიელ ჟეზუში, კოუტინიო, ევერტონი - ფირმინო

არგენტინა (4-3-1-2): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი, აკუნია - მესი - ლაუტარო მარტინესი, აგუერო

კომენტარები

ბოლო ამბები