Thumbnail
  • სან ხოსემ MLS-ის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს გალაქსის უმასპინძლა და 3:0 მოუგო
  • მატჩის გმირი 26 წლის ქართველი ნახევარმცველი გახდა გოლითა და საგოლე პასით
  • ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსეს მაისურით ბოლო 4 მატჩში 6 გოლი და 1 პასი მიითვალა  

ვაკო ყაზაიშვილი სან ხოსეში ბრწყინავს, ზედიზედ ოთხი მატჩია, მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. მეტიც, 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ოთხიდან ორ შეხვედრაში დუბლი მიითვალა, უკანასკნელ თამაშში კი გოლს საგოლე პასიც დაუმატა. 

გურამ კაშიამ შვედ ვარსკვლავს გოლი არ გაატანინა

სან ხოსემ MLS-ის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მის ლოს ანჯელეს გალაქსის უმასპინძლა, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერია. მასპინძელთა რიგებში თავიდანვე იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებმაც შეუცვლელად ითამაშეს. ანგარიში კი ამ უკანასკნელმა უკვე მე-11 წუთზე, სტანდარტის ეფექტურად გათამაშების შემდეგ, საჯარიმოს გარედან შესრულებული ძლიერი და ზუსტი დარტყმით გახსნა.  

მომენტები ზლატანს და გალაქსისაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, 82-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ოსტატური გადაცემით თანაგუნდელი სალინასი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია. 

მატიას ალმეიდას შეგირდებმა გალაქსის მესამეც გაუტანეს და ეს თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოახერხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ სან ხოსეს 17 მატჩში მოპოვებული 25 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. მომდევნო თამაში ყაზაიშვილისა და კაშიას გუნდს 4 ივლისს, სტუმრად მინესოტასთან უწევს.

ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. კიდევ 3 ბურთი მან აშშ-ის თასის ორ შეხვედრაში შეაგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები