Thumbnail
  • ოლივიე ჟირუს ტრანსფერი გადაწყვეტილია.
  • არსენალი და ჩელსი 18 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ.
  • მიში ბაჩუაი დიდი ალბათობით დორტმუნდში წავა.

ლონდონური კლუბები, ჩელსი და არსენალი ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჩელსი არსენალს ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 18 მილიონ ფუნტს (20,5 მილიონი ევრო) გადაუხდის.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონშია და არსენალთან კონტრაქტს ოთხშაბათს გააფორმებს. შესაბამისად, არსენ ვენგერის გუნდში ჟირუს ადგილი აღარ იყო. მისი გადაბირება დორტმუნდის ბორუსიასაც სურდა (ობამეიანგის ნაცვლად), მაგრამ ფრანგმა ჩელსი აირჩია. ჟირუს ტრანსფერი ჩელსიში ოთხშაბათს დადასტურდება. არსენალთან მას კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი წლით დაუკავშირებს თავის ბედს ჩელსის.

ბაჩუაის დორტმუნდისკენ გზა გაეხსნა

მიში ბაჩუაი

ანტონიო კონტეს ფავორიტი რომას ცენტრფორვარდი ედინ ჯეკო იყო, მაგრამ ჩელსიმ ჯალოროსისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ბოსნიელის შემდეგ “არისტოკრატებმა” მიზანი ჟირუსკენ მიმართეს - კონტეს ახალი ცენტრალური თავდამსხმელი ძალიან სჭირდებოდა. იტალიელ მწვრთნელს სურს, რომ ალვარო მორატას ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს.

ჟირუს ტრანსფერი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი მიში ბაჩუაი ჩელსის დატოვებს. ამ უკანასკნელს დორტმუნდში ეპატიჟებიან - ბაჩუაიმ ბორუსიაში ობამეიანგი უნდა შეცვალოს.

ბელგიელი BVB-ში იჯარით გადავა. ინგლისურ და გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თვითონ ფეხბურთელი დორტმუნდს უკვე შეუთანხმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები