Thumbnail
  • ქართველი ნახევარმცველის დუბლით სან ხოსემ ჰიუსტონის დინამოს მოუგო - 2:0
  • ყაზაიშვილი ამ მატჩში გოლების გარდა, არაერთი ეფექტური მოქმედებით გამოირჩა
  • 26 წლის ფეხბურთელმა სან ხოსეს მაისურით ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ხოსეს 26 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი უდაოდ ფორმის პიკშია - ზედიზედ მესამე მატჩია, მოედანს უგულოდ არ ტოვებს. მეტიც, ვაკომ ბოლო სამი შეხვედრიდან ორში სულაც დუბლი მიითვალა, ჯამში კი 5 გოლი შეაგდო.

ბოლოს ვაკომ თავის გამოჩენა MLS-ის შეხვედრაში შეძლო, რომელშიც სან ხოსემ შინ ჰიუსტონის დინამო მიიღო და ქართველის დუბლით, ანგარიშით 2:0 მოუგო. 

ვაკო ყაზაიშვილის პირველი გოლის ეპიზოდი

ყაზაიშვილმა ანგარიში 22-ე წუთზე, მასპინძელთა გათამაშებული კუთხურის შემდეგ გახსნა. მაგნუს ერიკსენმა კარის სიახლოვეს მყოფ ქართველ ფეხბურთელს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

ვაკომ საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში, 75-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით დააფიქსირა - ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ერთი მცველი ჩამოიშორა და ბურთი კარის კუთხეში ძლიერად და ზუსტად გაუშვა.

ყაზაიშვილი ამ მატჩში უბრალოდ ბრწყინვალე იყო. შეხვედრის მიწურულს ვაკოს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, როდესაც შთამბეჭდავი დრიბლინგის შემდეგ, მხოლოდ მეკარეს ვეღარ აჯობა. დასამახსოვრებელი იყო ქართველი ფეხბურთელის ძალიან მწვავე პასებიც, რომლებიც მისმა თანაგუნდელებმა გოლებად ვერ აქციეს.

ვაკომ მოედანზე 87-ე წუთამდე დაჰყო, რის შემდეგაც შეცვალეს. სან ხოსეს კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, გურამ კაშიამ კი შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

📺 სან ხოსე-ჰიუსტონის ჰაილაითები

ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია. კიდევ 3 ბურთი მან აშშ-ის თასის ორ შეხვედრაში შეაგდო.

ქართველების გუნდი, რომელსაც მატიას ალმეიდა წვრთნის, 16 მატჩში მოპოვებული 22 ქულით, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები