Thumbnail

ალექსანდრე მეტრეველი: დევისის თასს ბასილაშვილი კარგ ფორმაში ხვდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 3-4 თებერვალს დევისის თასზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება.
  • საქართველოს ნაკრებში ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს.
  • 7-9 თებერვალს საქართველოს გოგონათა ნაკრები ფედერაციის თასზე იასპარეზებს.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მარაკეშში გაემგზავრა, სადაც 3-4 თებერვალს დევისის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. პირველი მეტოქე მაროკოა. საქართველოს ნაკრებს ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ულიდერებს. მასთან ერთად, გუნდში არიან სანდრო მეტრეველი და გიორგი ცივაძე. ნაკრების კაპიტანია დავით კვერნაძე. მაროკოს დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავა და უკვე თბილისში რუმინეთი-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

7-9 თებერვალს ფედერაციის თასზე იასპარეზებს საქართველოს გოგონათა ნაკრები. ტურნირი დევისის თასისგან განსხვავებული ფორმატით ტარდება და ქართველ გოგონებს 3-გუნდიან ჯგუფში სერბებთან და ბულგარელებთან მოუწევთ კონკურენცია. თამაშები ტალინში ჩატარდება. საქართველოს გოგონათა ნაკრები ესტონეთში შემდეგი შემადგენლობით ჩავა: ოქსანა კალაშნიკოვა, სოფია შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე.

მოახლოებული სანაკრებო ტურნირების შესახებ, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებთან ერთად მარაკეშში იმყოფება... 

POPSPORT: როგორ ფორმაში ხვდება საქართველოს ნაკრები დევისის თასს?

მეტრეველი: ნიკოლოზ ბასილაშვილს მაჯის მსუბუქი ტრავმა აქვს, თუმცა არამგონია, რომ ანან პრობლემები შეუქმნას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა კარგ ფორმაში ხვდება დევისის თასს. მართალია, თიხნარზე დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ იმედია კარგად წარმოაჩენს თავს. რაც შეეხებათ გიორგი ცივაძეს და სანდრო მეტრეველს, ბოლო შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა გვაქვს დრო და იმედია, რომ მოუმატებენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

POPSPORT: როგორ შეაფასებთ მაროკოს ნაკრებს და როგორია ჩვენი გუნდის შანსები?

მეტრეველი: გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მაროკო დიდი ტრადიციების საჩოგბურთო ქვეყანაა და განსაკუთრებით ეს ვაჟ ჩოგბურთელებს ეხებათ. ჩემი პროგნოზით, გადამწყვეტი იქნება წყვილთა თამაში და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.

ჩემი პროგნოზით, გადამწყვეტი წყვილთა თამაში იქნება 

POPSPORT: დევისის თასი ახალი ფორმატით ტარდება. რა ცვლილებებია წესებში?

მეტრეველი: მთავარი სიახლე ისაა, რომ თამაში ორი სეტის მოგებამდე გაგრძელდება და არა სამის, როგორც ეს აქამდე იყო. შესაბამისად, თამაშები არა სამ, არამედ ორ დღეზე იქნება გაწერილი. პირველ დღეს, ორი პაექრობა შედგება ერთეულებს შორის, მეორე დღეს კი უფრო დატვურთული გრაფიკია: ერთეულების გარდა, წყვილთა ბრძოლაც გაიმართება. ჯამში ხუთი თამაში გამოდის.

POPSPORT: ორ დღეში ხუთი თამაშია ჩასატარებელი. საკმარისია 3-კაციანი შემადგენლობა მაროკოს დასამარცხებლად?

მეტრეველი: მაროკოში 4 ჩოგბურთელით უნდა წავსულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ალექსანდრე ბაქში ვერ შემოგვიერთდა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი ამერიკაშია, იქ ემზადება და უნივერსიტეტიდან ვერ მოახერხა გათავისუფლება. იძულებულნი გავხდით, რომ მეოთხე მოთამაშეთ კაპიტანი დავით კვერნაძე ჩაგვემატებინა, თუმცა ის მხოლოდ კაპიტნის ფუნქციებით შემოიფარგლება და არ ითამაშებს. იმედია, სამი ჩოგბურთელი საკმარისი იქნება მაროკოს ნაკრების დასამარცხებლად.

POPSPORT: მაროკოს დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე რუმინეთის და ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. რა მიზანი გაქვთ დასახული დევისის თასზე?

მეტრეველი: სპორტსმენი ამბიციის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანი პირველ ჯგუფში გადასვლაა. ასე რომ არ იყოს, არც მე წავიდოდი მაროკოში და არც ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, საქართველოს გოგონათა ნაკრების მიზანი ჯგუფში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს

POPSPORT: 7-9 თებერვალს საქართველოს გოგონათა ნაკრები ფედერაციის თასზე იასპარეზებს. როგორ ფორმაში არიან ჩოგბურთელები და რა არის გოგონათა გუნდის მიზანი?

მეტრეველი: გოგონათა ნაკრები ფედერაციის თასის პირველ ლიგაში ასპარეზობს, სადაც 14 გუნდი ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი. ჩვენ ნაკრებს სერბეთთან და ბულგარეთთან მოუწევს კონკურენცია. მართალია, ბულგარელებს ცვეტანა პირონკოვა აკლიათ, მაგრამ სხვა ჩოგბურთელებიც მაღალ დონეზე თამაშობენ. იგივე შემიძლია ვთქვა სერბებზეც. ჩემი აზრით, საქართველოს გოგონათა ნაკრების პლუსი გრძელი სკამია და პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. როდესაც ისრაელს მოვუგეთ, მეტოქე უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ შემართებამ და საბრძოლო სულისკვეთებამ დადებითი შედეგი მოგვიტანა. იმედია, ამჯერადაც ასე იქნება. ობიექტურად თუ შევაფასებთ, საქართველოს გოგონათა ნაკრების მიზანი ჯგუფში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.

2017 წელს ქართული ჩოგბურთის ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო, რაც დღევანდელი კურსით 160 000 ევროა. როგორ ფიქრობთ, ამ თანხით შეიძლება დიდი მიზნების მიღწევა?

POPSPORT: ბოლოს, 2017 წელი შევაფასოთ: როგორი იყო ქართული ჩოგბურთისთვის და რა გეგმები გაქვთ 2018 წელს?

მეტრეველი: ჩემი აზრით, 2017 წელი წარმატებული იყო ქართული ჩოგბურთისთვის. ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთი მონაწილე გვყავდა: ბასილაშვილი და კალაშნიკოვა უფროსებში, ხოლო სამი ჩოგბურთელი იუნიორებში. ვფიქრობ, ჩვენთვის ეს აშკარა წარმატებაა. იმ ფინანსური რესურსით, რაც დღეს ქართულ ჩოგბურთშია, მეტის მიღწევა წარმოუდგენელია. ძალიან გვინდა, რომ 2018 წელს თბილისში მსაღალი დონის საერთაშორისო ტურნირები ჩავატაროთ, მაგრამ ამისთვის სახსრებია საჭირო. 2017 წელს ქართული ჩოგბურთის ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო, რაც დღევანდელი კურსით 160 000 ევროა. როგორ ფიქრობთ, ამ თანხით შეიძლება დიდი მიზნების მიღწევა? მინიმუმ ორჯერ მეტი თანხაა საჭირო რეალური წინსვლისთვის და 2018 წელს სწორედ ასეთი მოთხოვნა წავუყენეთ შესაბამის ორგანოებს. გავიდა იანვარი და პასუხი არ მიგვიღია: არ ვიცით, რამდენი იქნება ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტი, რაც უკვე ძალიან ცუდია.  

კომენტარები

ბოლო ამბები