• 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში 6:13 დათმო კარდიფში უელსის ნაკრებთან
  • უელსის ნაკრები ბოლო წუთებზე სარაგბო ეშმაკობის წყალობით გამოძვრა რთული სიტუაციიდან
  • ნოემბრის ტესტების მესამე მატჩს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს თბილისში გამართავენ აშშ-ს წინააღმდეგ

კარდიფის "პრინსიპალიტი სტედიუმზე" "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ 7-ქულიანი სხვაობით დათმეს მატჩი მასპინძელ უელსთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა.

ბოლო წამების უელსური ფარსი

მეტიც, ბოლოს უორენ გეტლენდის გუნდმა ფრე ეშმაკობის წყალობით აიცილა თავიდან - შერკინების ბურჯი ფრენსისი 10 წუთით გააძევეს, თუმცა მისი შეცვლა უკვე მოედნიდან გასულმა ლიონ ბრაუნმა არ ინება, მან ტრავმა მოიმიზეზა. ამის გამო დაინიშნა ცრუ შერკინება უელსელთა ლელოს ხაზთან, რომელშიც მიწოლა არ შეიძლება და ქართველებს სხვა შანსი აღარ ჰქონდათ, ჯარიმიდან ბურთი კიდეზე გადაიტანეს. 

მილტონ ჰეიგი დარმწუნებულია, რომ ასე რომ არ მომხდარიყო, შერკინება შეძლებდა ბურთის ლელოში შეტანას და გუნდი სწორედ იმ 7 ქულას მიითვლიდა, რაც უელსთან აშორებდა.

ისტორიულ ფრეს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ევროპულ მედიაში დადებითი გამოხმაურება ნამდვილად დავიმსახურეთ, ხოლო უელსელებმა ბოლო წუთების "მაიმუნობისთვის" საფუძვლიანი კრიტიკაც მიიღეს, თვით უელსელი ფანებისგანაც კი.

საქართველო სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს იყო

რა თქვეს საქართველოს ნაკრებზე

მიმომხილველთა დიდმა ნაწილმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაქო. BBC წერს, რომ რაგბიში ძალა მხოლოდ ფორვარდების თამაშით, რომ განიხილებოდეს, საქართველო ახლავე იმსახურებს ადგილს ექვს ერში. ახლა კი ცნობილმა სააგენტომ ასეთი დასკვნა დადო - "საქართველო, სულ ყველაზე ცოტა, გაცილებით მეტ თამაშს იმსახურებს პირველი დონის გუნდებთან". 

ევროპელი ექსპერტების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ჩვენმა შერკინებამ, განსაკუთრებით პირველმა ხაზმა, რომელსაც არა მხოლოდ შერკინებაში თამაში შეუქეს, არამედ რაქებშიც. მათი აზრით, უელსელები, რომ სწრაფად ვერ ავითარებდნენ თავიანთ შეტევებს, ჩვენი პირველხაზელების დამსახურებაა.

ძალიან შეაქეს ვიქტორ კოლელიშვილიც დაცვაში საიმედო თამაშისთვის. თითქმის უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, რომელსაც უბრალოდ "ელიტის მორაგბე" უწოდეს. 

სასტარტო 10-მა ნომერმა ხმალაძემ კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მისი შემცვლელი ჯინჭველაშვილი მოეწონათ, ზელანდიელი ბარეტის სტილში თუ ითამაშობს, კიდევ უკეთესი იქნებაო. შეაქეს უკანახაზელი მოდებაძეც. მთლიანობაში, შერკინებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ითქვა, რომ მას ჯერ ვერ უბამს მხარს უკანახაზი. ექსპერტები ამ ნაკრებისგან 2023 წლისთვის საინტერესო გუნდის დადგომას ელიან. 

ფრენსისის 10-წუთიანი, რომლის მერეც დაიწყო უელსური ფარსი

walesonline.co.uk:

"უელსისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტესტ-მატჩი ბოლო პერიოდში. უელსი ძლივს გადაურჩა ბოლო წუთებზე მისთვის კატასტროფულ შედეგს. მატჩი ყველას დაამახსოვრდება საჩოთირო სიტუაციით, რომელშიც თავი უელსის ნაკრებმა ჩაიგდო. ყოფილი საბჭოთა ქვეყანას ალბათ, ახალი გულშემატკივბი დაემატა, მაგრამ რა ვთქვათ უელსის ნაკრებზე"?
გამოცემამ ამ თამაშის "მოგებულები" და "წაგებულები" ჩამოთვალა და პირველთა კატეგორიას მილტონ ჰეიგი მიითვალა:

"ქართველთა კივი დამრიგებელი მთელი კვირა ყურადღების ცენტრში იყო. ჰეიგის სახელს მომავალ წლებში კიდევ უფრო ხშირად გავიგებთ".

მოგებულთა შორისაა ქართული რაგბიც - "ქართველები ძალიან ახლოს იყვნენ მათი რაგბის ისტორიაში საუკეთესო შედეგთან. ისინი არ თამაშობდნენ შესანიშნავ რაგბის, თუმცა არც ჩამოსულან კარდიფში საამისოდ. მათ ესაჭიროებოდა შედეგი და უელსელებს კარგადაც მიაწვნენ. 

არის კი საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრების დარი გუნდი, ვისი ჩანაცვლებაც მათ ექვს ერში სურთ? ქართველთა გუნდი ისევ რჩება შერკინებაზე დამოკიდებულ ნაკრებად, მაგრამ მათ ამის გამოყენება ძალიან კარგად შეუძლიათ, რაც მეორე ტაიმმა აჩვენა. მატჩის შემდეგ მათი მწვრთნელი ჰეიგი და კაპიტანი შარიქაძე ერთხმად ითხოვდნენ მეტ მატჩს პირველი დონის ქვეყნებთან.

შესაძლოა, მსოფლიო რაგბის ძალების დასარწმუნებლად ქართველებს კიდევ დრო ესაჭიროებათ, რომ ისინი ექვს ერში (ან შვიდ ერში) მიიღონ, მაგრამ სულ მცირე, ისინი ახლავე იმსახურებენ ასეთ შეხვედრებს".

იმავე გამოცემამ სპეციალური წერილი მიუძღვნა ბოლო წუთებზე მომხდარს და ინიციატივით შემოვიდა, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ შეცვალოს წესები, რადგან ასე უფრო ძლიერი შერკინების პატრონი გუნდები (როგორიც საქართველოა) ისჯებიან და ეს უსამართლოა.

punditarena.com

punditarena.com-ს მიაჩნია, რომ ამ თამაშმა საქართველოს მოთხოვნა, ჩაერთოს ექვსი ერის გათამაშებაში, უფრო წონიანი გახადა. "საქართველო უკვე რამდენიმე წელია აკაკუნებს ექვსი ერის კარზე, მაგრამ ახლახან უელსთან ნაჩვენებმა თამაშმა აჩვენა, რომ მათი მოთხოვნები საფუძვლიანია. რომ არა, საეჭვო სიტუაცია ბოლო წუთებზე, საქართველოს შეეძლო სენსაციური ფრის მიღწევა კარდიფში".

Daily Mail:

"საქართველო ბევრად უკეთესია, რომ ისევ მეორე დონის სარაგბო ქვეყანად ითვლებოდეს".

კომენტარები

ბოლო ამბები