Thumbnail

კლუბები უკვე შეთანხმდნენ, ჯერი ფეხბურთელზეა - ლუკა ზარანდია ბელგიაში მიდის?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუკა ზარანდია ბელგიაში ბრუნდება?
  • ბოლო სეზონი არკაში - 28 თამაში, 5 გოლი, 3 ასისტი

პოლონური მედიის ინფორმაციით, გდინიას არკა მალე დაემშვიდობება ქართველ ვინგერ ლუკა ზარანდიას. arkowcy.pl ქვეყანასაც ასახელებს, სადაც შესაძლოა, 23 წლის ლეგიონერი გადავიდეს. 
გასული სეზონი ლუკა ზარანდიასთვის საუკეთესო იყო კარიერაში - მან 28 თამაშში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, 1 გოლიც პოლონეთის თასზე გაიტანა.

"ლუკა ზარანდიას აქვს მიწვევა ერთ-ერთი ბელგიური კლუბიდან. არკამ ყველაფერი შეათანხმა მასთან, ახლა რჩება მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალები", - წერს გამოცემა. 

არკა სამაგიეროდ გარკვეულ თანხას მიიღებს, რომელიც ბოლოს განახლებულ კონტრაქტშია მითითებული. 

ლუკა ზარანდია არკაში 2016/17 წლების სეზონიდან თამაშობს. სულ მალევე ის გდინიელთა ფავორიტი გახდა მას მერე, რაც თასის ფინალში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და კლუბს ბოლო 38 წელიწადში პირველი ტიტული მოუტანა. საერთო ჯამში მან არკას მაისურით 59 თამაშში 10 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ზარანდია ბელგიას კარგად იცნობს - 2015 წელს 19 წლის ლუკა გენკმა აიყვანა, მაგრამ მას იქ ერთი მატჩიც არ უთამაშია და 2016-ში თბილისის ლოკომოტივში დაბრუნება მოუწია, სანამ პოლონურ არკაში გადავიდოდა.

დღეს ლუკამ არკას შემადგენლობაში სპარინგი გამართა, მისმა გუნდმა ტორუნს 3:1 მოუგო. ზარანდიამ პირველ ტაიმში ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები