Thumbnail

'ეს დიდხანს გაგრძელდა' - რა საკითხებზე დაიკითხა მიშელ პლატინი

  • უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი გათავისუფლებულია
  • 63 წლის ფუნქციონერის დაკითხვა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა
  • გათავისუფლებულმა მიშელ პლატინიმ კომენტარი გააკეთა 

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც 2022 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე დააკავეს, გათავისუფლებულია. 

63 წლის ფრანგი სპორტული ფუნქციონერი სამშაბათს, მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა კორუფციასთან, ფინანსურ და საგადასახადო დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილზე მისული პლატინი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს: სოფი დიონი (საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მრჩეველი სპორტის საკითხში) და კლოდ გეანი (ელისეის სასახლის ყოფილი გენმდივანი) დაკავება.

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთს ჩამოაშორეს

აღნიშნავენ, რომ პლატინისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, უბრალოდ, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. ფრანგმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: 

"ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, კითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც მისვამდნენ. მეკითხებოდნენ საფრანგეთში ჩატარებულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, რუსეთში გამართულ მუნდიალსა და ყატარში დაგეგმილ პირველობაზე. ასევე მეკითხებოდნენ ფიფაზე. გამომძიებლებთან მშვიდად ვსაუბრობდი მათთვის საინტერესო ყველა თემაზე".  

წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშვიდად არიან, რადგან სჯერათ, საქმე მათთვის სასურველი შედეგით დასრულდება. 

მიშელ პლატინი ტურინის იუვენეტუსის ღირსებას 1982-87 წლებში იცავდა

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც ამავდროულად ფიფას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2015 წლის ბოლოს ფეხბურთს რვა წლით ჩამოაშორეს. ამის მიზეზი, 2011 წელს, ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის (ამ თანამდებობას 1998-2015 წლებში იკავებდა) მიერ, ფიფას სახსრებიდან პლატინის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვა გახდა, რომელიც, 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 1,7 მლნ ევრო) შეადგენდა.

მიშელ პლატინის დისკვალიფიკაციის ვადა ამ წლის შემოდგომაზე იწურება, რადგან სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფრანგის აპელაცია და სასჯელის ვადა 4 წლამდე შეამცირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები