Thumbnail
  • 18 წლის ქართველი ცენტრფორვარდი მოსკოვის სპარტაკში სინჯებზე იმყოფება  
  • ჯანო ანანიძემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქუთათელაძეს სპარტაკის მაისურა აცვია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის სპარტაკში სინჯებზე იმყოფება და კლუბში ჩარიცხვასთან ახლოსაა. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება, რომელიც მოსკოველთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის "ინსტაგრამზე" დადებულ ფოტოს აქვეყნებს. 

ფოტო ჯანოს ინსტაგრამიდან

ნიკოლოზი სპარტაკის ბაზაზე იმყოფება და ამ კლუბის მაისურა აცვია. როგორც championat.com იუწყება, 18 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად უკვე გაიარა.

ნიკოლოზ ქუთათელაძე რომ მოსკოვის სპარტაკში დამკვიდრებას ცდილობს, ამის შესახებ championat.com  ჯერ კიდევ მაისის ბოლოს იუწყებოდა. მაშინ დაიწერა, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა იყო საჭირო.
 
ნიკოლოზ ქუთათელაძემ ფეხბურთის თამაში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი ლილის აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პარი სენ-ჟერმენის სისტემაში ვარჯიშობდა.

ქუთათელაძე შარშან შემოდგომით მახაჭყალის ანჟიში ჩაირიცხა, მაგრამ დაღესტნურ გუნდში მაინც ვერ ითამაშა, რისი მიზეზიც კლუბისთვის ახალწვეულების რეგისტრაციაზე აკრძალვა იყო. საბოლოოდ, ნიკოლოზი ანჟის დაემშვიდობა და კიევის დინამოში სცადა გადასვლა. ქუთათელაძემ კიეველთა 21-წლამდელთა გუნდშის საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

მოსკოვის სპარტაკში ჯერ კიდევ ირიცხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი კრილია სოვეტოვში იჯარით გაატარა. არის მოლოდინი, რო ჯანო სპარტაკს ამ ზაფხულს დაემშვიდობება.

მოსკოვის სპარტაკმა რუსეთის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები