Thumbnail
  • 20 ივნისს NBA-ს დრაფტს ბრუკლინი მასპინძლობს
  • კლუბები, რომლებიც გოგა ბითაძის აყვანით არიან დაინტერესებულნი

Orlando Pinstriped Post წერს, რომ გოგა ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტზე საუკეთესო არაამერიკელი მოთამაშეა. მეტიც, გამოცემის თანახმად, მასთან ტალანტით წლევანდელ დრაფტზე უცხოეულთაგან ახლოსაც არავინაა. 

"იმედია, რომ NBA-ს რომელიმე კლუბი ამირჩევს, მაგრამ, სადაც არ უნდა მოვხვდე, გპირდებით, რომ 100%-ით დავიხარჯები", - ამბობს ინტერვიუში 19 წლის ქართველი კალათბურთელი. დრაფტამდე ცოტა დრო რჩება - ის 20 ივნისს (საქართველოში უკვე 21 ივნისის დილის 3 საათი იქნება). 

წაიკითხე | მაგარი ამბები ბითაძეზე - გოგა NBA-ს 5-მა კლუბმა მიიწვია!

ბრუკლინში გოგას დიდი ალბათობით, დრაფტის I წრეში აირჩევენ. ბოლოს მოვლენები ისე განვითარდა, რომ შესაძლოა, ეს სულაც "ლატარიის ზონაში" მოხდეს, მაგრამ მაინც რომელ კლუბებს უფრო მეტი ინტერესი და შანსი აქვს?

ის, რაც გაცხადდა

გოგა ბითაძე ბოლო დღეებია ამერიკაშია და ინტენსიურად ემზადება დრაფტისთვის - მას უკვე ჰქონდა ვარჯიში ატლანტაში და სან ანტონიოში, ახლა ის ბოსტონშია. დაგეგმილია ვორქაუთები შარლოტსა და დეტროიტშიც.

ასევე უკვე ცნობილია, რომ გოგა "მწვანე ოთახშია" მიწვეული, სადაც სულ 20 კალათბურთელი მიიწვიეს. 

პირველი ვარიანტი - ატლანტა 

ეს კლუბი მშვიდად აპირებს ახალი გუნდის შენებას და ამისთვის დრაფტის პირველ წრეში სამი არჩევანის უფლებასაც გამოიყენებს. ჯორჯიელებს მე-8, მე-10 და მე-17 არჩევანი აქვთ დრაფტზე. მე-17 ნომერი მათ ახლახან მოიპოვეს ბრუკლინ ნეტსისგან და თუ nbadraft.net-ს დავუჯერებთ, ამ ნომრის გამოყენებას სწორედ ბითაძეზე აპირებს. 

ერთია, რომ ბოლო დღეებში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება და, როგორც ჩანს, გოგას "აქციები იზრდება", მას უკვე "ლატარიის ზონაში" (1-14) უწინასწარმეტყველებენ არჩევას. ამ შემთხვევაში კი მისთვის მე-17 ნომრის მოტოვება რისკის ტოლფასია.

თუმცა ატლანტაში ქართველმა უკვე ივარჯიშა და ჰოუკსის ხელმძღვანელობამაც იცის, რამდენად უღირთ ქართველი ცენტრი.  

გოგას ვარჯიშის კოლაჟი Atlanta Hawks-ში 🏀✌💪 #Hawksdraft2019

Posted by Goga Bitadze on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

მეორე ვარიანტი - ბოსტონი

გოგა ახლა ბოსტონ სელტიკსში ვარჯიშობს და ცდილობს, ხელმძღვანელობას თავი მოაწონოს. ბოსტონელები კარგა ხანია, დაინტერესდნენ მისით. 

ბოსტონსაც სამი არჩევანი აქვს პირველ წრეში: მე-14, მე-20 და 22-ე. აქედან ერთი ცენტრი სჭირდებათ, ბოლ ბოლი თუ ბითაძე ამას დრაფტის მიმდინარეობა აჩვენებს. ბუნებრივია, მე-14 ნომრის 'დახარჯვა' ცენტრში ნაკლებად სურთ, მაგრამ ბოლ ბოლიც "მწვანე ოთახში" მიწვეულია. მოკლედ, იმის გარანტია, რომ მე-20 ნომრამდე რომელიმე მიაღწევს, არ არსებობს. ბევრი რამ მაინც გოგას ვორქაუთის მერე გაირკცვევა.

მესამე ვარიანტი - სან ანტონიო

ბითაძემ სან ანტონიოში უკვე ივარჯიშა და ყველამ იცის, რომ პოპოვიჩი და კომპანია უცხოელ ტალანტებს წყალობს. სან ანტონიოს მე-19 და 29-ე არჩევანი აქვს პირველ წრეში. 

თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია თქმა - თუ გოგა მე-19 ნომრამდე თავისუფალი იქნება, მას სან ანტონიო აიყვანს! თუ არადა, სან ანტონიო ცენტრ ბრუნო ფერნანდოს შეარჩევს.

მეოთხე ვარიანტი - შარლოტი

გოგას ვორქაუთი ამ გუნდშიც დაგეგმილია. შარლოტ ჰორნეტს მე-12 არჩევის უფლება აქვთ და პი ჯეი ვაშინგტონის აყვანას აპირებს, თუმცა ნუ ჩამოვწერთ ქართველის შანსსაც. 

მეხუთე ვარიანტი - ნიუ ორლეანსი

ეს ყველაზე ზღაპრული ვარიანტია, რადგან რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ნიუ ორლეანმა მე-4 არჩევის უფლება, რომელიც ახლახან მიიღო ენტონი დევისის ლეიკერსში ტრეიდით გოგაზე გამოიყენოს! პელიკანსს პირველი არჩევანიც აქვს და ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ ზაიონ უილიამსონი ამ გუნდში მოხვდება. 

ცოტა ფანტასტიკურად გვეჩვენება, რომ NBA-ს კლუბმა მე-4 არჩევანი ცენტრზე "დახარჯოს", როცა ამდენი საინტერესო უკანახაზელია დრაფტზე. ისე, თუ ეს მართლაც მოხდა, გოგა ნიკა ცქიტიშვილის რეკორდს დაამხობს, რომელიც დრაფტის მე-5 ნომრად აირჩიეს თავის დროზე. 

მეექვსე ვარიანტი - დეტროიტი

დეტროიტს მე-15 არჩევანის უფლება აქვს და ამ კლუბშიც დაგეგმილია გოგას ვარჯიში. სიმბოლურია, თუ ასე მოხდა, გოგა ზაზა ფაჩულიას შეხვდება, თუმცა სიმბოლურად, 10 დღის განმავლობაში მისი თანაგუნდელი იქნება, სანამ ზაზა ოფიციალურად გახდება თავისუფალი აგენტი. 

მეშვიდე ვარიანტი - ბრუკლინი

გოგა შეიძლებოდა იქ დარჩენილიყო, სადაც დრაფტი ტარდება, მაგრამ ბრუკლინმა, რომელიც მართლაც დაინტერესებულია ქართველი ცენტრით, ატლანტას დაუთმო მე-17 ნომერი. პირველ წრეში ნეტსს მხოლოდ 27-ე არჩევანი აქვს და ნიუიორკელებს მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, ქართველი ცენტრის არჩევა, თუ ბითაძე იქამდე თავისუფალი დარჩება, რაც თითქმის გამორიცხულია. 

ჩვენ ყველაზე სავარაუდო ვარიანტები ჩამოვწერეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბითაძე შეუძლებელია სხვა კლუბში მოხვდეს. დრაფტი მოულოდნელობებით აღსავსეა. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ, რომ, მაგალითად, ბითაძე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აიყვანოს, ან ვაშინგტონმა - მეცხრედ. 

კომენტარები

ბოლო ამბები