Thumbnail

მორაგბეებში ჩანს ქართული სული - უფას მეკარე ბორჯღალოსნებს ქომაგობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია უფას ღირსებას ჯიმი ტაბიძესთან ერთად იცავს.
  • 29 წლის მეკარე საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გამორიცხავს.
  • დადიოდა კარატეზე, უყვარს წინ თამაში და გულშემატკივრობს რაგბის .

გიორგი შელიას ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს. უფას 29 წლის მეკარეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, კარიერაც ამ ქვეყნის კლუბებში აქვს გატარებული. მოსკოვის დინამოს აღზრდილს რუსეთის ქვედა ლიგების გუნდებში: ბრიანსკის დინამოში, ბალტიკასა და ენისეიში უთამაშია, ელიტის კლუბ უფაში კი 2016 წლიდან გამოდის.

2017/18 წლების სეზონში შელია უფას სათადარიგო მეკარეა, ამჟამად კი გუნდთან ერთად კვიპროსულ შეკრებაზე ემზადება. 

გიორგიმ championat.com-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საყურადღებო საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის პერსპექტივაზე.

გიორგი, როგორც გრძნობთ თავს შვებულების შემდეგ? მოასწარით საწვრთნელ პროცესში ჩართვა?

ნელნელა ვერთვებით. თავს ნორმალურად ვგრნობ, კარგად დავისვენე. ტოკიოსა და სინგაპურში ვიყავი, შემდეგ კი საქართველოში, დედასთან ჩავედი.

რატომ მაინც და მაინც ტოკიო და სინგაპური?

იმ ადგილების ჩამონათვალში მქონდა, რომელთა მონახულება მსურს. სიაში ბევრი ქალაქი და ქვეყანაა, უახლოესი მიზანი კი - ავსტრალია და ბრაზილიაა.

თქვენი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს?

მამაჩემი მოსკოვში მუშაობს და ხშირად უწევს რუსეთის დედაქალაქში ყოფნა. დედა და და თბილისში ცხოვრობენ. და ჯერ კიდევ სწავლობს. მე და მამაჩემს, როგორც კი თავისუფალი დრო გვიჩნდება, შინ მივდივართ. 

13 წლამდე თბილისში ცხოვრობდით, მოსკოვში რატომ გადმოხვედით?

საქართველოში ფეხბურთის დონე არცთუ მაღალია. საკუთარი თავის უფრო ძლიერ გუნდებთან გამოცდა მსურდა. იმხანად მამა და ბიძა მოსკოვში იმყოფებოდნენ და გამიჩნდა შანსი, თავი დედაქალაქში გამომეცადა. სინჯებზე ჩამოვედი და მითხრეს, რომ ჩემგან რაღაც შეიძლებოდა გამოსულიყო. და მეც დავრჩი. 

რატომ არ აიღეთ საქართველოს მოქალაქეობა, ნაკრებში რომ გეთამაშათ?

უარი არ მითქვამს, მაგრამ ახლა რუსეთის მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს ნაკრების ან მისი სამწვრთნელო შტაბიდან წინადადებაც არ მიმიღია.

თუკი იქნება საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება, აუცილებლად განვიხილავ.

არ გამორიცხავთ საქართველოს ნაკრებში გამოსვლას?

დავფიქრდები.

საქართველოს ნაკრების “პირველ ნომერ” გიორგი ლორიასთან ურთიერთობთ, რომელიც ამჟამად ანჟიში გამოდის?

დიახ, ვიცნობთ ერთმანეთს და ზოგჯერ მიმოწერაც გვაქვს. საქართველოს ნაკრებში კიდევ ბევრს ვიცნობ. კარგი ურთიერთობა მაქვს გიორგი ნავალოვსკისთან, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. ჯანო ანანიძესთან ერთად რამდენჯერმე გავფრინდი საქართველოში, უბრალოდ, ასე დაემთხვა. ერთმანეთს მივესალმეთ. 

შელიას კარში დგომას, წინ თამაში ურჩევნია

ბავშვობაში კარატეში ვარჯიშობდით...

ვვარჯიშობდი, ხმამაღალი ნათქვამია. სექციაში სამი თვე ვიარე, შემდეგ კი ფეხბურთში გადავედი.

რატომ მიატოვეთ

რაღაც არ მომეწონა. გამახსენდა - საზარდულში ამომარტყეს და მივატოვე. შინ ვთქვი, ვარჯიშზე აღარ მივალ-მეთქი და ფეხბურთზე შემიყვანეს. 

შეგეძლოთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მიგებაძათ, ოღონდ, მეკარე-კარატისტი გამოსულიყავით.

ზლატანის მიბაძვაზე თუ მიდგა საქმე, თავდამსხმელადაც შემიძლია თამაში. მიყვარს მოტყუება და გატანა და ამიტომ, გასართობად როცა ვთამაშობთ, კარში არ ვდგები. მ

იყვარს წინ თამაში და ამით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე კარში დგომით. მეკარეს შეცდომის უფლება არ გაქვს, მოედნის მოთამაშეს კი ყველაფერი შეგიძლია. 

რაგბის დიდი ქომაგი ხართ, რაც ფეხბურთელისთვის ერთობ უცნაურია.

მიყვარს სპორტის ეს სახეობა. ვქომაგობ საქართველოს ეროვნულ გუნდს, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე ძალიან წარმატებით გამოდის. თვალს ვადევნებ მის თამაშებს. ჩვენს მორაგბეებში ჩანს ქართული სული, როდესაც მოედანზე გამოდიან.

რომელიმე მორაგბეს პირადად იცნობთ?

დიახ, ვასილ ლობჟანიეს, 9 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭია, რომელიც უკვე ეროვნული გუნდის წევრია. 

მაშ, რატომ არჩიეთ მეკარეობა?

ისე გამოვიდა, რომ კარში დამაყენეს და მეც გავამართლე.

გუნდში ყველაფრით კმაყოფილი ხარ?

ნახევარი წელია, არ მითამაშია და ყველაფრით კმაყოფილიც არ ვარ.

გიორგის მიმდინარე ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა აკლია

უფას მეორე მეკარე ალეკსანდრ ბელენოვთან ურთიერთობა დაძაბული გაქვთ?

არა, ამის გამო ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს. ყველამ ვიცით, რომ კარში ერთი ადგილია და მის გამო აზრი აქვს გაბრაზებას. საშა რა შუაშია, დააყენეს და თამაშობს.

ბავშვობაში მეკარეთა შორის კუმირი ვინ გყავდათ?

ვქომაგობდი მანჩესტერ იუნაიტედს და შესაბამისად, პეტერ შმეიხელი მომწონდა. თუმცა, მეკარეებზე ჭკუა არასდროს მეკეტებოდა. 

მეკარეები არ გიყვართ?

უბრალოდ, მე ფეხბურთი მიყვარს. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი დევიდ ბექჰემით. სიამოვნებას ვიღებდი მისი გრძელი პასებით. მყავს როგორც რჩეული მეკარეები, ისე - მოთამაშეები. 

ამჟამად რომელი მოქმედი მეკარე მოგწონთ?

დღეს დავიდ დე ხეა არაჩვეულებრივად ძლიერია და ალბათ, სიაში ისაა პირველი. ნოიერი ყოველთვის სტაბილური და საუკეთესოა… საინტერესო სანახავი იქნება, რა მოხდება მსოფლიოს ჩემპიონატზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები