Thumbnail
  • ყატარში გასამართი მუნდიალის შესარჩევი ციკლის წილისყრა ივლისში 
  • ტურნირის 13 საგზურისთვის ევროპის ზონიდან 55 ნაკრები იბრძოლებს
  • წილისყრის კალათები ფიფას ბოლო რეიტინგის მიხედვით დაკომპლექტდა

ფიფამ 14 ივნისს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში საქართველოს ნაკრების პოზიციაზე გავლენა არ მოახდინა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ორი მატჩის შედეგებმა - ისევ 94-ე ადგილზე დავრჩით. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა შინ გიბრალტარი დაამარცხა (3:0), სტუმრად კი დანიასთან განადგურდა (1:5).

მეტი ამ თემაზე: ფიფას რეიტინგი განახლდა - რად დაუჯდა საქართველოს დანიაში განადგურება

ყატარი მუნდიალს ნოემბერ-დეკემბერში  უმასპინძლებს და მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს

ცნობილია, რომ ყატარში, 2022 წელს გასამართი მუნდიალის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ივლისში უნდა გაიმართოს, ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა და არც ისაა გამორიცხული, ვადამ გადაიწიოს, თუმცა ფიფას რეიტინგის ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირისთვის წილიყრის კალათები დადგენილია. საქართველოს ნაკრები კი მეხუთე კალათაშია.

საქართველოს, რომელიც რეიტინგში 1255 ბალით 94-ეა, სულ ცოტა დააკლდა მეოთხე კალათში მოსახვედრად, სადაც 95-ე ადგილოსანი კვიპროსი (1258 ბალი) და 90-ე ადგილოსანი ლუქსემბურგი (1265) არიან.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპიდან 55 ნაკრები 13 საგზურისთვის იბრძოლებს. ეს ნაკრებები 10 ჯგუფში განაწილდებიან. ხუთი ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება, კიდევ ხუთი - 5-გუნდიანი. 

ჯგუფების გამარჯვებულები (ჯამში 10) ყატარის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო ათი მეორეადგილოსანი საგზურისთვის ბრძოლას მეორე რაუნდში გააგრძელებს. ფორმატის თანახმად, რომელიც ჯერ საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს, მეორეადგილოსნებს 2020/21 წლების ერთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი დაემატება, რომლებსაც სტანდარტული შესარჩევიდან საგზური არ ექნებათ მოპოვებული. ეს 12 ნაკრები კი ორრაუნდიან პლეი ოფში ყატარის 3 საგზურს გაითამაშებს.

ვლადიმირ ვაისი ჯერ ევრო 2020-ის შესარჩევსა და ერთა ლიგაზე ფიქრობს

კალათების შემადგენლობა 

I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, ესპანეთი, შვეციხარია, დანია, გერმანია, იტალია.

II კალათა: ჰოლანდია, შვედეთი, პოლონეთი, უელსი, უკრაინა, ავსტრია, რუმინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი, ირლანდია.

III კალათა: სერბეთი, ისლანდია, თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩეხეთი, უნგრეთი, რუსეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საბერძნეთი.

IV კალათა: მონტენეგრო, ფინეთი, ბულგარეთი, სლოვენია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, კვიპროსი.

V კალათა: საქართველო, სომხეთი, ესტონეთი, ფარერები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, ლატვია, ანდორა.

VI კალათა: მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი, სან მარინო.

კომენტარები

ბოლო ამბები