Thumbnail

PREVIEW | 10 ცვლილება ბორჯღალოსნებში - მზადება პირველი მოგებისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე მატჩს გამართავს
  • მესამე ტურში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე შოტლანდიის ნაკრებია
  • საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ამ ტურნირში მესამედ ხვდებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში შოტლანდიას შეხვდება. ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ეცდებიან, რომ პირველი ქულებისთვის შოტლანდიასთან იბრძოლონ.

შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:30-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებს პირველ ორ მატჩში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ახალზელანდიელებისა და სამხრეთაფრიკელების გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორივე შეხვედრა დათმეს.

შოტლანდიასთან მატჩი უმნიშვნელოვანესია. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვებას მოიპოვებს. ილია მაისურაძის გუნდმა შარშან საფრანგეთში, ირლანდიას მოუგო და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ შოტლანდიასაც მოუგო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 8 ქულით, 39:31 გაიმარჯვეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს - მაისურაძის გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა, რაც საქართველოსთვის ამ ტურნირზე უმაღლესი შედეგია.

შოტლანდიასთან მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა კვაჭმა ვანო კარკაძემ, თუმცა შეიცვალა ორივე ბურჯი. ძირითადში დაბრუნდა ნიკა ღვალაძე, ხოლო ზაურ თევდორაშვილი სასტარტოში პირველადაა.

შეიცვალა ორივე მეორეხაზელი და ახალ ზელანდიასთან მატჩის მსგავსად, ძირითადში ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე არიან. მეორე ხაზიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა იოანე იაშაღაშვილმა, ბექა ყორიაული ამჯერად ფლანკერი იქნება, ხოლო მეორე ფლანკერად პაატა ბურჭულაძე დადგება, რომელიც სასტარტოში პირველადაა.

სრულად შეიცვალა ღერძი და პირველად მიმდინარე ჩემპიონატზე 9-10 ნომრებზე გიორგი მარგალიტაძე და სანდრო მარგიანი შეწყვილდებიან. ფულბეკის პოზიციაზე დამწყებთა შორის პირველად დაწინაურდა დაჩი პაპუნაშვილი.

შუამარბად იწყებს თამაშს ირაკლი სიმსივე, რომელიც გუნდის კაპიტანს, დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე ბრუნდება კოტე მარჯანიშვილი, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება, რომელმაც აფრიკელებს ორი ლელო გაუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: 15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

8. იოანე იაშაღაშვილი, 7. ბექა ყორიაული, 6. პაატა ბურჭულაძე, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 4. ლუკა გელაშვილი, 3. ზაურ თევდორაშვილი, 2. ვანო კარკაძე,1. ნიკა ღვალაძე,

სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები