Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში სტუმრად დანიას ეთამაშება
  • "ტელია პარკენზე" ანგარიში დანიამ გახსნა, მაგრამ საქართველომ მალევე გაათანაბრა
  • შესვენებამდე მასპინძლებმა 11-მეტრიანის გატანაც მოასწრეს და ტაიმი მოიგეს - 2:1

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრას სტუმრად დანიასთან მართავს. მატჩი კოპენჰაგენში, "ტელია პარკენზე" მიმდინარეობს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 2:1, დანიის ნაკრების სასარგებლოდ.

მასპინძლებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და საქართველოს ნაკრები საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. უკვე მე-14 წუთზე დანიშნულ კუთხურს, გიორგი ლორიას კარში გოლი მოჰყვა. სტანდარტი კრისტიან ერიკსენმა შეასრულა, სიმონ კიაერმა ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა, შორეულ ძელთან კი მას კასპერ დოლბერგმა ფეხი შეაგება. ოთარ კაკაბაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა.

1:0 დოლბერგი 14'

საქართველოს ნაკრებმა 25-ე წუთზე იშვიათი კონტრშეტევის შემდეგ, ანგარიში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა საბა ლობჟანიძეს გაუკეთა, რომელმაც დანიელთა მეკარე კასპერ შმეიხელს შანსი არ დაუტოვა. 24 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი გოლია საქართველოს ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩში.

1:1 ლობჟანიძე 25'

სამწუხაროდ, დანიელებმა ანგარიშში წინ გასვლა კვლავ მოახერხეს. საჯარიმოში ჩაწოდებისას, ჯაბა კანკავამ სიმონ კიაერს დაქაჩა, თავად ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი ლორიას კარში კი 11-მეტრიანი დაიშნა. საქართველოს ნაკრების მეკარემ კრისტიან ერიკსენს დარტყმის კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ კარის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.

2:1 ერიკსენი 30'

პირველი ტაიმი დანიის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

მეტოქეებმა შეხვედრა ამ სასტარტო შემადგენლობებით დაიწყეს:

დანია (4-3-1-2): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი (კ), კრისტენსენი, ლარსენი - ჰოიბერგი, ერიკსენი, დელეინი - სკოვი - ი.პოულსენი, დოლბერგი.  

საქართველო (4-3-3): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა (კ), კვეკვესკირი, პარუნაშვილი - კიტეიშვილი, გვილია, ლობჟანიძე.

მსაჯი: რობერტ შიორგენჰოფერი (ავსტრია) 

დღესვე D ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება - ირლანდიის ნაკრები გიბრალტარს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები