Thumbnail

ერთა ლიგა | პორტუგალია გასაგებია, რა ხდება მერე? საქართველო პლეი ოფის მოლოდინში

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული ცნობილია
  • თუმცა ამ ტურნირს სხვა, ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს
  • პორტუგალიას ევრო 2020-ის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია
  • როგორ დალაგდებიან გუნდები პლეი ოფში?
  • როდის დაიწყება მომდევნო ერთა ლიგა და გათამაშდება თუ არა მუნდიალის საგზურები?
  • ყველაფერი, რაც ერთა ლიგის შესახებ უნდა იცოდეთ

როცა უეფამ ერთა ლიგის ფორმატი გამოაქვეყნა, ახალ ტურნირს მაშინვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ყველა მიხვდა, რომ ეს არის ტურნირი, რომელიც წარმატებული საფეხბურთო ქვეყნებისთვის ‘ზედმეტი თავის ტკივილია’, სუსტებისთვის კი, ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული საკვალიფიკაციო ციკლიდან რომ ვერ გადიან - უნიკალური შანსი.

მეორე კატეგორიის საუკეთესო მაგალითი საქართველოს ნაკრებია, რომელმაც ერთა ლიგის D დივიზიონი მოიგო, პლეი ოფში გავიდა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატამდე მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებს: ნახევარფინალში ბელარუსი უნდა დაამარცხოს, ფინალში კი - მაკედონია ან კოსოვო (რომელიც გავა).

პირველი გამარჯვებული ცნობილია, მაგრამ ტურნირი ევრო 2020-ის საგზურების პლეი ოფებით გაგრძელდება...

ერთა ლიგას განსაკუთრებით წარმატებული საფეხბურთო ქვეყნებიდან აკრიტიკებდნენ, უფრო კონკრეტულად კი - საკლუბო ფეხბურთიდან. მაგალითად, ამ ტურნირის ხშირი კრიტიკით გამოირჩევა ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი. ეს ლოგიკურია, რადგან კლუბებს არ სურთ, რომ ფეხბურთელების ნაკრებში ხშირად გაშვება უწევდეთ - მით უმეტეს, არა ამხანაგური, არამედ ოფიციალური მატჩებისთვის.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის კი ერთა ლიგა იდეალურია - ეროვნულ გუნდს გაუჩნდა შანსი, რომლის მსგავსი ჩვეულებრივი შესარჩევიდან არასდროს ჰქონია!

ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული (პორტუგალია) უკვე ცნობილია, ამ ტურნირს უკვე ბევრი აქებს. მაგალითად, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, რომელმაც ახალ ტურნირს ბრწყინვალე იდეა უწოდა. ან პორტუგალიელთა დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში, რომელსაც მიაჩნია, რომ “ერთა ლიგის პოპულარობა აუცილებლად კიდევ უფრო გაიზრდება” და “კლასიკა გახდება”.

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ადგილი დაიკავა, თვით შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩიც აცხადებს, რომ დარწმუნებულია, პორტუგალიაში გამართულ ფინალურ ეტაპზე ყველა ნაკრებს სურდა მოხვედრა.

პორტუგალიამ მოიგო, მაგრამ ევრო 2020-ზე არ გასულა

მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 71-სანტიმეტრიანი თასი პირველად აღმართა, ფეხბურთის მოყვარულებს მაინც დარჩათ, ან გაუჩნდათ კითხვები.

ფაქტია: პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მოგებით ჯამში 10,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, მაგრამ ფინალის მოგებით პორტუგალიას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში არ გაუნაღდებია! რატომ? აგიხსნით.

ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული: პორტუგალიის ნაკრები

ყველამ იცის, რომ ევრო 2020-ზე სულ 24 გუნდი ითამაშებს. მართალია, აქედან ფინალურ ეტაპზე 4 გუნდი სწორედ ერთა ლიგიდან მოხვდება, მაგრამ ამ 4 გუნდის ვინაობა პლეი ოფში გაირკვევა, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება და რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას (ნახევარფინალი ბელარუსთან, სავარაუდო ფინალი მაკედონიასთან ან კოსოვოსთან).

ერთა ლიგის თასი

B, C და D ლიგების შემთხვევაში ეს გასაგებია, მაგრამ რატომ სჭირდება უეფას A ლიგის შემთხვევაში დამატებითი პლეი ოფის ჩატარება, თუკი გამარჯვებულის გამოსავლენი ოთხთა ფინალი უკვე ჩატარდა და შეიძლებოდა, რომ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის საგზური ამით გაენაღდებინა? საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში პორტუგალიის ნაკრებს ტრადიციულ შესარჩევში მოტივაცია დაეკარგებოდა! შესაბამისად, A ლიგის პლეი ოფიც 2020 წლის მარტში გაიმართება. საბოლოო ჯამში, ევრო 2020-ის საგზურს, A, B, C და D ლიგებიდან თითო გუნდი მოიპოვებს.

თეორიულად, A ლიგიდან პლეი ოფში, შესაძლოა, ისევ პორტუგალია, ინგლისი, შვეიცარია და ჰოლანდია იყვნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებენ. ასეთ შემთხვევაში, პლეი ოფში მომდევნო საუკეთესო გუნდი გავა. ამრიგად, პლეი ოფის მონაწილე გუნდების ვინაობა მხოლოდ ტრადიციული შესარჩევის დასრულების შემდეგ, ნოემბერში გახდება ცნობილი.

საქართველოსთვის, დიდი ალბათობით, არაფერი შეიცვლება, რადგან მცირეა იმის შანსი, რომ D ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდიდან (საქართველო, მაკედონია, ბელარუსი, კოსოვო) რომელიმემ ევრო 2020-ის საგზური ტრადიციული შესარჩევიდან მოიპოვოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუკი A ლიგაში ჩვეულებრივი შესარჩევიდან ევრო 2020-ის საგზურს 8 გუნდზე მეტი მოიპოვებს (რაც საკმაოდ რეალურია), A ლიგის პლეი ოფში რომელიმე გუნდი B ლიგიდან დაემატება - ოღონდ, არა B ლიგის საუკეთესო ოთხეულიდან, არამედ მომდევნო საუკეთესო გუნდი. ასე იმიტომ კეთდება, რომ B ლიგის საუკეთესო ოთხეულიდან რომელიმე არ დაიჩაგროს და პლეი ოფში A ლიგის ძლიერ გუნდს არ შეხვდეს.

როდის დაიწყება მომდევნო ერთა ლიგა?

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა, D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ამით C ლიგაში დაწინაურება გაინაღდა. მომდევნო ერთა ლიგა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება და საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე C ლიგაში იასპარეზებს. ოღონდ, ჯერ არ არის გარკვეული, გათამაშდება თუ არა მომდევნო ერთა ლიგაში მაგალითად, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზურები. ახლა მიდის დისკუსია იმის შესახებ, რომ ერთა ლიგიდან 2022 წლის მუნდიალზე ორი გუნდი გავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები