Thumbnail

RWC 2019 | აშშ - მძინარე გიგანტი სიკვდილის ჯგუფში

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

მსოფლიო თასის დაწყებამდე 15 კვირაა დარჩენილი. RUGBY XV და პოპსპორტი ვაგრძელებთ გუნდების გაცნობას. ამჯერად C ჯგუფის პირველ გუნდს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოგთავაზებთ.

ისტორიული პანორამა

რაგბს ამერიკაში უძველესი ფესვები აქვს. პირველად ის კალიფორნიაში, ჯერ კიდევ 1872 წელს, ბრიტანეთიდან აშშ-ში გადასახლებულმა ითამაშეს.

ამერიკული რაგბის ბედი შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო, რომ არა პრეზიდენტი თეოდორ რუზველდი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ამერიკული ფეხბურთი აშშ-ში ძალიან პოპულარული, მაგრამ ამასთანავე ძალიან სახიფათო თამაში იყო. მაგალითად, 1905 წლის სეზონის განმავლობაში, მოედანზე 18 კოლეჯის მოთამაშე დაიღუპა და ამერიკაში ფეხბურთის აკრძალვის სერიოზული კამპანია დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუზველტმა ამერიკული ფეხბურთის გავლენიანი წევრები თეთრ სახლში დაიბარა და წესების დახვეწა, მოთამაშეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოსთხოვა და ამით ეს სპორტი აკრძალვას გადაარჩინა. რაგბი პოპულარული მხოლოდ კალიფორნიის რამდენიმე უნივერსიტეტის დონეზე დარჩა და ფეხბურთთან კონკურენციის გაწევა ვერ მოახერხა.

ნაკრებმა პირველი მატჩები 1912-13 წლებში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გამართა და ორივეში დამარცხდა 12-8, 51-3.

ყველაფერში პირველობის მოყვარულმა ამერიკელებმა ეს ორი მარცხი მძიმედ გადაიტანეს და კალიფორნიაში, სადაც მანამდე რაგბი ნომერ პირველი სპორტი იყო, ის ნელ-ნელა სხვა სახეობებმა ჩაანაცვლა. თუმცა, სარაგბო ტრადიცია ამ შტატის უნივერსიტეტებში დღემდე ცოცხალია და სხვებთან შედარებით, რაგბი ყველაზე პოპულარული სწორედ კალიფორნიაშია.

ოლიმპიური ოქროები

1920 წლამდე, ამერიკაში რაგბი კალიფორნიის გარდა, ფაქტობრივად არსად უთამაშიათ. ოლიმპიადის წინ, ამერიკის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რახან სპორტის ამ სახეობას მარტო კალიფორნიაში თამაშობდნენ, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მიეცათ, თუმცა დაფინანსებაზე უარი უთხრეს. სპორტსმენები ნაწილობრივ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნაწილობრივ კი ამერიკის მოყვარულ სპორტსმენთა კავშირმა დააფინანსა და ანტვერპენში ჩასვლა მოახერხეს. ტურნირის დაწყებამდე მას ჩეხოსლოვაკია და რუმინეთი გამოეთიშნენ, შესაბამისად ანტვერპენში ორად-ორი გუნდი, აშშ და საფრანგეთი დარჩა. გამარჯვება კი სრულიად მოულოდნელად ამერიკელებს დარჩათ, 8-0.

სამწუხაროდ, ამ გამარჯვებას აშშ-ში რაგბის განვითარების მხრივ არაფერი შეუცვლია და ამერიკული ფეხბურთის ძალიან მზარდი პოპულარობის გამო თითქმის მიივიწყეს.

1924 წელს, საფრანგეთს მყარად ჰქონდა გადაწვეტილი, რომ 4 წლის წინანდელი მარცხისთვის რევანში აეღო. ბუკმეკერებიც აშკარა ფავორიტებად ევროპელებს ასახელებდნენ, თუმცა ოკეანისგაღმელებმა ისევ გააოცეს ყველა და 50 000 მაყურებლის თვალწინ, მასპინძელი საფრანგეთი 17-3 დაამარცხეს.

მალევე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რაგბი სათამაშო სახეობებიდან ამოიღო და ამერიკულ რაგბსაც ამით ყველანაირი განვითარების და ამერიკულ ფეხბურთთან კონკურენციის შანსი მოუსპო.

1920 წლის ოლიმპიური ნაკრები

შვიდკაცა

ამერიკულ რაგბზე საუბრისას, აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენოთ მათი შვიდკაცას ნაკრები. მსოფლიოში საუკეთესო მძლეოსნობის სკოლის მქონე ამერიკელებმა, თავიდანვე ალღო აუღეს სპორტის იმ სახეობას, სადაც სწრაფი სირბილი და გამძლეობა გადამწყვეტია. ამერიკელებმა აქცენტი შვიდკაცაში მძლეოსნებისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეების ინტეგრაციაზე გააკეთეს. გუნდი ყოველწლიურად პროგრესირებდა და წელს შვიდკაცას მსოფლიო სერიაზე, მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ მფრინავ ფიჯელებს ჩამორჩნენ. 2018 წელს სან ფრანცისკომ, შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

არწივები

1782 წლის 20 ივნისს, 6 წლიანი განხილვის შემდეგ, კონგრესმა დაამტკიცა დიდი ბეჭედი, რომლის ერთ მხარესაც თეთრთავა არწივი ამშვენებს. 1789 წელს, ბეჭდის დამტკიცებიდან 7 წლის თავზე, თეთრთავა არწივი ოფიციალურად იქცა ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლოდ და დღეს, სარაგბო ნაკრების ჩათვლით, თითქმის ყველა ნაციონალური სპორტული გუნდის სიმბოლოა.

საკლუბო რაგბი

ამერიკაში პირველი პროფესიული საკლუბო ჩემპიონატი, 5 გუნდიანი “პრო რაგბი” 2016 წელს ჩატარდა და ფინანსური პრობლემების გამო ერთ წელიწადში დაიხურა. მეორე ცდა ბევრად წარმატბული გამოდგა - 2018 წელს 7 კლუბის მიერ დაფუძნდა მეიჯორ ლიგ რაგბი (MLR).

2019 წელს ლიგას ორი გუნდი დაემატა( მათ შორის ერთ-ერთი კანადური ტორონტო). 2020 წელს ბოსტონის, ვაშინგტონის და ატლანტას გუნდები დაემატება, ხოლო 2022 წლისათვის ლიგის 16 გუნდამდე გაზრდა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მლრ ამერიკის რაგბის კავშირისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანოა და მხოლოდ კერძო ინვესტიციებზე დგას.

სიეტლი მოქმედი ჩემპიონია

სტადიონებზე და ტელევიზიით მაყურებლების ზრდამ, ლიგას ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელ ESPN-სა და CBS Sports-თან საკმაოდ კარგი კონტრაქტები მოუტანა. გარდა ამერიკელებისა, ტურნირით ამერიკის საზღვრებს გარეთაც დაინტერესდნენ და ირლანდიის რაგბის კავშირი ბოსტონის, ხოლო შოტლანდიის რაგბის კავშირი-ვაშინგტონის გუნდებში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. ლიგაში რამდენიმე ასაკში მყოფი ვარსკვლავი თამაშობს -  ბენ ფოდენი, სამუ მანოა, ჯო პიტერსენი, ფეტუ ვაინიკოლო. მომავალ წელს ნიუ იორკს მეტიუ ბასტარო დაემატება. ასევე მრავლად არიან სუპერ რაგბსა და ევროპულ კლუბებში ნათამაშები მორაგბეები და მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. აგუსტინ პიშოს ჩარევით, ლიგაში ურუგაელები, ბრაზილიელები და ჩილელებიც თამაშობენ. 2018 წელს, გლენდეილ რეპტორსის შემადგენლობაში, ქართველმა გრიგოლ ქერდიყოშვილმაც ითამაშა.

სათამაშო სტილი

ამერიკელები შემტევ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. ტრადიციულად, ძალიან ძლიერი ბექები და მობურთალი მესამეხაზელები ყავთ. თუმცა, ღია თამაშში პირველ ხაზელებიც და მეორე ხაზელებიც კარგები არიან. მათი შედარებით სუსტი მხარე შერკინებაში მიწოლა და დაცვაში ბოჭვების შესრულების დროს, ნაკლები თავდადებაა. ბოლო დროს ძალიან გააძლიერეს შემტევი მოლი და თითქმის ყველა თამაშში, ერთხელ მაინც ახერხებენ მეტოქის ამ ხერხით დალელოვებას. თბილისში ორი ლელო, სწორედ მოლით დაგვიდეს.

საკვანძო მოთამაშეები

ეი ჯეი მაქგინთი - ამერიკელთა შეუცვლელი მგეზავი. ინგლისური სეილ შარქსის ერთ-ერთი ლიდერია. იშვიათია, როცა ტიერ 2-ის ქვეყნიდან მგეზავი ტოპ დონეზე თამაშობს, მაქგინთი სწორედ ასეთი გამონაკლისია.

სამუ მანოა - საუკეთესო წლები ინგლისურ ნორსჰემპტონსა და ფრანგულ ტულონში გაატარა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეორეხაზელია, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. ბოლო წელი ფაქტიურად გაუცდა და ფორმაში არაა.

ტიტი ლამოსიტელე - ევროპის საუკეთესო კლუბის, სარასენსის ბურჯია. ახალგაზრდაა და ყოველ წელს უმატებს. წელს ჩემპიონთა თასის ფინალი ძირითადშიც კი დაიწყო. ამერიკის ნაკრებში იშვიათად, მხოლოდ ძალიან მნიშნელოვან ტესტებზე თუ ჩადის სათამაშოდ.

ბლეინ სქალი - ამერიკელთა კაპიტანი, კარდიფ ბლუზის მორაგბეა. წლების განმავლობაში, ლეგენდარულ ქრის ვაილსთან ერთად, ამერიკის ნაკრების ფრთებზე ძალიან საზიფათო წყვლის ქმნიდა.

ჰენკო გერმესაისი - სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა მესამეხაზელი.
ძალიან სწრაფია და როგორც ყველა აფრიკელი, ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

ჯო ტაუფეტე - ინგლისური ვუსტერის კვაჭი. ამერიკელების საუკეთესო მელელოვე. ლელოების აბსოლუტურ უმეტესობას მოლიდან დებს. ორჯერ დაგვალელოვა თბილისშიც.

სამწვრთნელო შტაბი

ამერიკელებს სამხრეთ აფრიკელი გერი გოლდი წვრთნის. ტიერ 2-ის ქვეყნებში, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. გოლდს უმუშავია სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ, აფრიკულ, ინგლისურ და იაპონურ კლუბებში მთავარ მწვრთნელად.

სწორედ მის ხელში, 2018 წელს ამერიკას ისტორიაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - ზამთარში მოიგეს ამერიკის ჩემპიონატი, ზაფხულში შოტლანდია დაამარცხეს და შემოდგომაზე - სამოა. თუმცა, წელს ამერიკის ჩემპიონატი არც თუ ისე კარგად ითამაშეს - არგენტინის ა ნაკრებთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და პირველად ისტორიაში, სახლში წააგეს ურუგვაისთან. 

გზა მსოფლიო თასზე

ამერიკა სიკვდილის ჯგუფშია, არგენტინასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან და ტონგასთან ერთად. არწივებთან ყველა ფავორიტი იქნება და ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი არასერიოზულია. თუმცა, თუ ასეთი სასწაული მოხდა, მაშინ ამერიკელები საქართველოს (D) ჯგუფიდან გასულ რომელიმე გუნდს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

ბორჯღალოსნებსა და არწივებს შორის სრული თანაფარდობაა. 6 მატჩიდან თითეულმა 3-3 მოვიგეთ. დასაწყისში თუ ამერიკელები გვჯობდნენ, ბოლო ორი შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. მათ შორის, პირველად მოვახერხეთ გამარჯვება სტუმრად, 2017 წელს, ატლანტაში.

სამი მარცხიდან განსაკუთრებით გულდასაწყვეტია 2013 წლის მატჩი რუსთავში. თითქმის მოგებულ შეხვედრაში, როცა ბურთს ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ, დიდი გაუგებრობა მოხდა, ქართველებს მატჩისთვის განკუთვნილი 80 წუთი გასული ეგონათ, ბურთი მოედნის კიდეზე მოიგერიეს, იქედან მოწოდებულ აუტში კი დავჯარიმდით და სიდელმა ზუსტად დაარტყა 23-25.

ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2010 წლის გამარჯვებაა. მაშინ ყველაფერი პირიქით მოხდა, თითქმის წაგებულ შეხვედრაში, ამერიკელთა ხუთმეტრიანში მათივე შერკინება მოვიგეთ, ლელო გავიტანეთ და 19-17 გავიმარჯვეთ.

დიდი ბაზარი

ბოლო პერიოდში, წელი ისე არ გავა, რომელიმე სარაგბო გრანდმა აშშ-ში ერთი შეხვედრა მაინც რომ არ ჩაატაროს. საუბარი არ არის მარტო არწივებთან შეხვედრაზე. ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია…

ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ერთმანეთს ბოლო წლებში აშშ-ს ტერიტორიაზე შეხვდნენ. მიზეზი ამერიკის უდიდესი ბაზარია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოკეანისგაღმა მილიონობით იტალიელი და ირლანდიელი ცხოვრობს, ყველა მატჩზე სტადიონი ივსება და ზემოთაღნიშნული გუნდები დიდ მოგებასაც ნახულობენ.

თავად მსოფლიო რაგბიც აქტიურად ცდილობს ამერიკაში რაგბის პოპულარობი გაზრდას, რადგან თუ იქაური სპორტული ბაზრის რამდენიმე პროცენტის ათვისება მაინც მოახერხეს, ვორლდ რაგბისთვის ეს უდიდესი შემოსავლის წყარო იქნება.

დღემდე ამერიკელების მთავარი პრობლემა პროფესიული რაგბის არქონა იყო. კოლეჯებიდან მორაგბეების დიდი ნაწილი, პროფესიულ გუნდებში გადასვლას ვერ ახერხებდა. MLR-ის შექმნით ეს პრობლემა გადაიჭრა. პროფესიული ლიგა ამერიკელებს სხვადასხვა ეროვნების მორაგბეების ნარურალიზების საშუალებასაც აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ტონგელების და სამოელების საკმაოდ დიდი დიასპორა ცხოვრობს. სწორედ ამ ფაქტორების გამო, ბევრი სპეციალისტი ამერიკის ნაკრებს მძინარე გიგანტს უწოდებს.

ჩვენი პროგნოზი

როგორც ზემოთ ვთქვით, ამერიკელები სიკვდილის ჯგუფში არიან და მეოთხედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. არწივების მთავარი მიზანი ჯგუფში ერთი შეხვედრის მოგებაა და მიზანში ტონგა ჰყავთ ამოღებული, თუმცა კუნძულელებთან გამარჯვების შანსი 30-40%-ს არ სცდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები