Thumbnail
  • 📅 7 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V გიბრალტარი | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩს გამართავს
  • ვაისის გუნდი ციკლში პირველი გოლების გატანას და ქულების მოპოვებას გეგმავს
  • გიბრალტარის ეროვნული ნაკრები დინამო არენას ისტორიაში მეორედ სტუმრობს   

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გოლების გატანასა და ქულების მოპოვებას შეეცდება. 7 ივნისს, ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" D ჯგუფის უსუსტეს წარმომადგენელს - გიბრალტარს უმასპინძლებს.

მომავალი დაპირისპირებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ, ზესტაფონის ბაზაზე ემზადებოდა. თამაშის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე მომავალი დაპირისპირების მოლოდინზე ისაუბრეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ზედიზედ ორი წაგებით დაიწყო - შინ შვეიცარიასთან (0:2) და სტუმრად ირლანდიასთან (0:1) და გიბრალტარი სწორედ ის მეტოქეა, რომელთანაც ვაისის შეგირდებმა ცხრილში გოლებისა და ქულების გრაფაში "ნულები" უნდა ჩაასწორონ.

მაგრამ საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ვაისის განკარგულებაში, ტრავმებისა თუ არასათანადო სათამაშო ფორმის მიზეზით, არ არიან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები: ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია… 

ნაკრების დღევანდელ ვარჯიშზე

გუნდთან ერთადაა, მაგრამ გიბრალტართან თამაშს ნამდვილად ვერ შეძლებს საბა კვერკველია, რომელიც შეკრებაზე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. გარკვეული პრობლემების გამო, გიბრალტართან მატჩისთვის სრულფასოვნად ვერც გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი ნავალოვსკი ემზადებოდნენ. მცირე ტრავმა აქვს დავით ხოჭოლავასაც.

წაიკითხე | ცხადაძე 4:0, ქეცბაია 3:0 - გიბრალტარს საქართველოსთან ისტორიის დაწერაც შეეძლო

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გია გრიგალავა დააბრუნა. ტულის არსენალის 29 წლის მცველს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2017 წლის შემდეგ არ უთამაშია, რუსეთში საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა - მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, 26-ივე მატჩი სასტარტოში, ერთი გოლი, მეექვსე ადგილი და ევროპალიგის საგზური...

ვაისის ბოლო დარიგებები შესარჩევი მატჩის წინ

ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდა 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სეზონის მეორე ნაწილი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გაატარა და კვერკველიასთან ერთად, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი და რუსეთის თასის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა, დაიმსახურა ვაისის ყურადღება და დიდი ალბათობით, ნაკრების სადებიუტო მატჩში სასტარტოში ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ნაკრების სლოვაკი თავკაცის პრესკონფერენციიდან ასეთი შთაბეჭდილება იქმნება.

გიბრალტარის ნაკრები 

გიბრალტარმა უეფას დროებითი წევრობა 2012 წლის ოქტომბერში მოიპოვა, მუდმივი წევრის სტატუსი კი 2013 წლის მაისში დაიმსახურა და ამ დროისთვის უეფას ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფოა, 6,5 კმ² კილომეტრის ფართობითა და 30 ათასზე ცოტა მეტი მოსახლით. 2016 წლის მაისიდან გიბრალტარი ფიფას 211-ე წევრი გახდა, ამ ორგანიზაციის სანაკრებო რეიტინგში კი ამჟამად 195-ე ადგილს იკავებს (საქართველო 94-ეა).

ჟოზეფ ჩიპოლინა გიბრალტარის პირველი ფეხბურთელია, ვინც ოფიციალურ მატჩში გაიტანა

რაც შეეხება უშუალოდ გიბრალტარის ნაკრებს, გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - შინ ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით (0:1) წააგო. ზოგადად, ამ გუნდის ისტორიაში ოფიციალურ მატჩებში სულ ორი მოგებაა. შარშან ოქტომბერში, უეფას ერთა ლიგაში, გიბრალტარელებმა სტუმრად ჯერ ჰენრიკ მხითარიანის სომხეთს აჯობეს (1:0), რაც ნამდვილი სენსაცია გახდა, შემდეგ კი შინ ლიხტენშტაინთან გაიმარვეს (2:1).

საოცნებო მეტოქე

საქართველოს და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ევრო 2016-ის შესარჩევშიც დაუპირისპირდნენ.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად პორტუგალიაში ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა (ნიკოლოზ გელაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ჯაბა კანკავამ). სხვათა შორის, ამ მატჩში გიბრალტარელებმა გოლიც გაგვიტანეს, რომელიც მათთვის ისტორიაში პირველი უნდა ყოფილიყო ოფიციალურ შეხვედრებში, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა და გიბრალტარელთა სიხარული გადაიდო.

ერთი წლის შემდეგ, თბილისში, გუნდს უკვე კახა ცხადაძე ხელმძღვანელობდა და იმ  ნაკრებმა ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. თითო გოლი ვაკო ყაზაიშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა (პენალტით) გაიტანეს, მათე ვაწაძემ კი დუბლი შეასრულა.

2015 წელს მათე ვაწაძემ გიბრალტარელებს ორი გოლი გაუტანა

გიბრალტართან თბილისური მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ევროშესარჩევის მორიგ შეხვედრას 10 ივნისს, კოპენჰაგენში ჩაატარებს. 7 ივნისს კი ჩვენს ჯგუფში ასევე ითამაშებენ დანია და ირლანდია (22:45 თბილისის დროით).

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებებს ერთმანეთთან ორი მატჩი აქვთ ჩატარებული. საქართველომ ორივეჯერ ისე მოიგო, გოლი არ გაუშვა - 3:0, 4:0.

⚽ გიბრალტართან შეხვედრა ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე 34-ეა. სლოვაკმა სპეციალისტის ანგარიშზე დღემდე 13 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხია.

⚽ მოგების შემთხვევაში, ვაისი გადაასწრებს ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას და საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება ექნება მწვრთნელებს შორის. ახლა სამივე მწვრთნელს 13-13 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

⚽ ევროშესარჩევებში ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 მოიგო და 7 წააგო, აქედან 6-ში კი გოლიც ვერ გაიტანა. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულდა და 11 წააგო.

⚽ ჯაბა კანკავასთვის ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურით 78-ე იქნება. გუნდის კაპიტნის ანგარიშზე ამ დროისთვის 9 გოლია.

⚽ გიბრალტარს საერთაშორისო ასპარეზზე სულ 38 მატჩი აქვს ჩატარებული (ამხანაგურების გათვალისწინებით) - 4 მოგება, 3 ფრე, 31 მარცხი. 

⚽ ევროშესარჩევებში გიბრალტარის ნაკრებმა 11-ივე შეხვედრა წააგო, აქედან 9-ში კი გოლიც ვერ გაიტანა. 

⚽ გიბრალტარის ნაკრებმა ბოლო 10 საერთაშორისო მატჩიდან 7-ში გოლიც ვერ გაიტანა, საშუალოდ კი თამაშში 3 გოლს უშვებდა.  

⚽ გიბრალტარის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებულ 13 შეხვედრაში ჯამში 60 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთში შეინახა კარი მშრალად.

⚽ გიბრალტარში გამორჩეული 31 წლის მცველი ჟოზეფ ჩიპოლინაა. მან უეფას ერთა ლიგაში სომხეთსაც გაუტანა და ლიხტენშტაინსაც.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე - კანკავა, კვეკვესკირი - მერებაშვილი, ხარაიშვილი, კვარაცხელია - არველაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები