Thumbnail
  • ტორონტომ ოკლენდში მოიგო და ტიტულს ორი მოგება აშორებს
  • რეპტორსმა უორიორსი სტუმრად 123:109 დაამარცხა
  • დურანტისა და ტომპსონის არყოფნაში კარიმ 47 ქულა ჩააგდო

NBA-ს ფინალური სერია უკიდურესად დაიძაბა: გოლდენ სტეიტი ტორონტოსთან მესამე მატჩში საკუთარ ‘ორაკლ არენაზე’ დამარცხდა და 1:2-ს აგებს! რეპტორსმა ოკლენდში დამაჯერებელი ანგარიშით, 123:109 მოიგო და საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა.

უორიორსს კევინ დურანტისა და კლეი ტომპსონის სახით ორი ლიდერი აკლდა. ამ უკანასკნელს თამაში აუცილებლად სურდა, მაგრამ ბოლოს სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის რჩევა გაითვალისწინა და ზედიზედ 120 საპლეიოფო მატჩის შემდეგ პირველი გააცდინა.

კავაი ლეონარდმა 30 ქულა ჩააგდო

“იმედი მაქვს, რომ მეოთხე თამაშისთვის რომელიმე მათგანი მაინც დაგვიბრუნდება. კლეის დღეს რომ ეთამაშა და ისევ ტრავმა მიეღო, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

დურანტისა და ტომპსონის არყოფნაში, სტეფ კარიმ თამაში მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ფინალისთვის დაუჯერებელი შედეგი, 47 ქულა დააფიქსირა! ამას ემატება კარის 8 მოხსნა და 7 პასი. ცხადია, სტეფის კარიერაში ეს პლეი ოფის საუკეთესო შედეგია.

თუმცა, კარის ასეთმა შედეგიანმა თამაშმა გოლდენ სტეიტს ვერ უშველა. ტორონტოდან კი ყველა სტარტერმა მინიმუმ 17 ქულა ჩააგდო, საუკეთესო კი, რა თქმა უნდა, კავაი ლეონარდი გახლდათ - 30 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით.

“ძალიან მაგარი შეგრძნებაა. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ მესამე მატჩი მოვიგეთ და ჩვენს საოცნებო მიზანს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით,” - განაცხადა ლეონარდმა მატჩის შემდეგ.

მატჩის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი საფინალო სირენამდე დაახლოებით 100 წამით ადრე დაფიქსირდა: კავაი ლეონარდმა ბურთი კინაღამ დაკარგა, მაგრამ მაინც მოახერხა ფრედ ვანვლიტისთვის რთული პასის მიცემა, ამ უკანასკნელმა კი შორი დისტანციიდან სამიანი ჩააგდო, რომლითაც ანგარიში 118:105 გახდა.

“ფრედს დიდი გული აქვს. არც კი ვიცი, როგორ ეტევა ეს გული მის მკერდში. მას უდიდესი გული აქვს!” - ამბობდა მატჩის შემდეგ მარკ გასოლი.

მეოთხე მეოთხედში გოლდენ სტეიტის ერთ-ერთ ფანს ნერვებმა უმტყუნა. მაყურებლებში გადავარდნილ კაილ ლოურის მან ხელი ჰკრა! სხვათა შორის, ლოურის ანგარიშზე საბოლოოდ 23 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა იყო.

NBA-ს ფინალის მეოთხე დუელი, თბილისის დროით, შაბათს გამთენიისას, ისევ ოკლენდში გაიმართება. რეპტორსს ორი მოგება აკლია იმისათვის, რომ უდიდესი სენსაცია მოახდინოს და გახდეს პირველი კანადური გუნდი, რომელიც NBA-ს მოიგებს.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 109:123 ტორონტო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები