Thumbnail

ისევ ტრავმა, ცრემლი და ყავარჯნები - ნეიმარი კოპა ამერიკაზე არ ითამაშებს!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის ფეხბურთელმა ბრაზილია-ყატარის ამხანაგურ შეხვედრაში მყესი გაიწყვიტა
  • გადაწყდა რომ ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება
  • ტიტეს გუნდმა მეტოქეს რიშარლისონისა და გაბრიელ ჟეზუშის გოლებით სძლია 

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა, ყატართან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. თამაშის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა კოჭის მყესი აქვს გაწყვეტილი და ბრაზილიის ეროვნულ გუნდს კოპა ამერიკაზე ვეღარ დაეხმარება.

ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

პარი სენ-ჟერმენის 27 წლის თავდამსხმელმა ტრავმა შეხვედრის 21-ე წუთზე მიიღო და ის ევერტონ სოარესმა შეცვალა. სათადარიგოთა სკამზე მყოფმა ნეიმარმა ცრემლები ვერ შეიკავა, რის შემდეგაც გასახდელში სამედიცინო პერსონალის დახმარებით გაეშურა. მოგვიანებით ის ყავარჯნებითაც დაინახეს. 

მთავარი ფორვარდის ტრავმის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრებმა ყატართან გამარჯვება მოახერხა - 2:0. ევერტონის ნახევარმცველმა რიშარლისონმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, 8 წუთის შემდეგ კი მანჩესტერ სიტის ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

2018/19 წლების სეზონში ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენის მაისურით, ყველა ტურნირის 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 15 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მასპინძელთა ნაკრებს A ჯგუფში მეტოქეებად ბოლივია, ვენესუელა და პერუ ჰყავს.

კოპა ამერიკაზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი ურუგვაია - 15. ტურნირი 14-ჯერ მოიგო არგენტინამ, ხოლო ბრაზილიამ - 8-ჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები