Thumbnail

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი თსუ 2 გახდა, უმაღლეს ლიგაში კი ილიაუნი ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საუნივერსიტეტო დერბი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა
  • მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი 3:2 თსუ 2-მა მოიგო

ფუტსალის ლიგა 2-ის სადებიუტო სეზონი თსუ 2-მა მოიგო. ტურნირის გამარჯვებული ფინალში ილიაუნის დაუპირისპირდა. საუნივერსიტეტო დერბი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში გიორგი ღავთაძემ თსუ 2 დააწინაურა, თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე კი ირაკლი ლატარიამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი გუნდებმა ჯარიმების ლიმიტში გაატარეს. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და თასის მფლობელის ვინაობა საფეხბურთო ლატარეაში გაირკვა. გიორგი ვეშაპიძემ ერთი დარტყმის მოგერიება შეძლო, პენალტების სერია 3:2 დამთავრდა და თსუ 2-მა პირველობა მოიპოვა.

მომდევნო სეზონში, ფუტსალის უმაღლეს ლიგაში ილიაუნი იასპარეზებს, რადგან იქ უკვე თამაშობს თსუ-ს მთავარი გუნდი. შესაბამისად, ამავე ლიგაში თსუ 2 ვერ იასპარეზებს. 

დრამატული ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო უნივერსალი ლუკა ფარცვანია (კსუ) გახდა. საუკეთესო მცველად პაატა ლეჟავა დასახელდა (ილიაუნი). ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი ვეშაპიძეა (თსუ 2). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება გიორგი ღავთაძეს (თსუ 2) ერგო. გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ომარ ასაშვილია (ილიაუნი). 16 გატანილი გოლით ბომბარდირისა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა (პსპ).

სეზონის საუკეთესო მოთამაშეები

 

კომენტარები

ბოლო ამბები