Thumbnail
  • ტორონტო რეპტორსი 104:109 გოლდენ სტეიტი
  • NBA-ში ფინალური სერია გათანაბრდა - 1:1
  • გოლდენ სტეიტს კლეი ტომპსონიც დაუშავდა
  • მესამე დაპირისპირება ოკლენდში გაიმართება

NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1. ტორონტო რეპტორსმა გოლდენ სტეიტთან საკუთარ არენაზე სერიის მეორე შეხვედრაშიც იბრძოლა, პირველ ტაიმში ანგარიშში წინ იყო კიდეც, მაგრამ უპირატესობა მესამე მეოთხედიდან დათმო და საბოლოოდ ხუთქულიანი სხვაობით წააგო. 

"სკოტიაბანკ არენაზე" თამაშს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრო, რომელიც კადრში ტორონტოს ცნობილ ფანატთან, რეპერ დრეიკთან ერთად გამოჩნდა.

გადამწყვეტი სროლა მატჩის მიწურულს უორიორსის მსუბუქმა ფორვარდმა ანდრე იგუოდალამ შეასრულა. ბოლო წამებზე, როდესაც ანგარიში გოლდენ სტეიტის სასარგებლოდ 106:104 იყო, სტუმართა გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ბურთის შენარჩუნება გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა და ის შონ ლივინგსტონს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კავაი ლეონარდს დაასწრო და უმეთვალყურეოდ მყოფ იგუოდალას მიაწოდა. ანდრემ მცირე პაუზა გააკეთა და საფინალო სირენამდე 5,9 წამით ადრე, სამქულიანი ზუსტად ტყორცნა.

📺 ვიდეო: იგუოდალას გადამწყვეტი სამქულიანი

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე რეპტორსის ფორვარდი კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 34 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. პირველი თამაშის გმირმა პასკალ სიაკამმა კი ამჯერად 12 ქულით დაასრულა  თამაში. 

ტრავმის გამო ოკლენდელებს ისევ ვერ დაეხმარა კევინ დურანტი. გამარჯვებულთა რიგებში, სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა ფორვარდ დრეიმონდ გრინს (17 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი). ორმაგი დუბლია უორიორსის ცენტრის დერმარკუს კაზინსის ანგარიშზეც (11 ქულა, 10 მოხსნა). 23 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ.

📺 ვიდეო: დრეიმონდ გრინის ორმაგი დუბლი

კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო, თამაში 25 ქულითა და ტრავმით დაასრულა. უორიორსის უკანახაზელი დასკვნით მეოთხედში, სერჟ იბაკასთან ორთაბრძოლისას დაშავდა, მოედნიდან კოჭლობით გავიდა და აღარც დაბრუნებულა.

კლეი ტომპსონმა მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა

თამაშის შემდეგ გოლდენ სტეიტის თავკაცმა სტივ კერმა თქვა:

"კლეი ამბობს, რომ არაფერი სჭირს და მესამე მატჩისთვის მწყობრში იქნება, მაგრამ ის ასე იტყვის, მომაკვდავიც რომ იყოს. მას მყესი აქვს გაჭიმული და ვნახოთ, რას აჩვენებს გამოკვლევა".

📺 ვიდეო: მატჩის ტოპ-5 მომენტი

ტორონტო რეპტორსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის მესამე დაპირისპირება უკვე ოკლენდში, 6 ივნისს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები