Thumbnail

თოკოს ცხვირი მესამედ გაუტეხეს - შენგელიას ბასკონიასთვის სეზონი მორჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სარაგოსა 76:69 (0:2 სერია) ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 25 წუთი - 12 ქულა

საქართველოს ნაკრების წევრების, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია, მოულოდნელად, ACB ლიგის პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა - სარაგოსასთან საპასუხო მატჩშიც წააგო - 69:76 და სერია 0:2 დათმო. 

ბასკონიამ რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და პირველ წრეში მე-6 ადგილოსან სარაგოსას შეხვდა. ფავორიტმა ჯერ ბასკეთში წააგო 81:91 და შემდეგ ანდალუსიაში, პირველ წრეში კი სერია ორ მოგებამდეა.

ბასკონიამ თამაში პირველ და ბოლო მეოთხედებში წააგო - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასპინძელთა გაქცევა იყო ბოლო მეოთხედში - 24:7. 

ტრავმირებულ ჯენინგს არ უთამაშია, ხოლო ქართველმა კაპიტანმა შენგელიამ მოედანზე 25:49 წუთი დაჰყო. ის სასტარტო ხუთეულში იყო. თამაშის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა დამცავი ნიღბით მოთამაშე შენგელიას ცხვირი გაუტეხეს (მესამედ ამ სეზონში), თუმცა ის მოედანზე დაბრუნდა.

მალე მან მე-5 პერსონალური ფოლიც მიიღო. შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო (2 სამქულიანი). მის ანგარიშზეა 4-4 მოხსნა და ჩაჭრა და 3 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) შენგელია გუნდში მხოლოდ გრეინჯერს  (16) ჩამორჩა.

სარაგოსა მე-2 წრეში ბარსელონასა და თად მაკფადენის ჟუვენტუდს შორის გამარჯვებულს შეხვდება. საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად 61:87 წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები