Thumbnail
  • ტოტენჰემი 0:2 ლივერპული | 0:1 სალაჰი (2-პენ), 0:2 ორიჯი (87)
  • ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო

სტამბოლის 2005 წლის ლეგენდარული ფინალიდან 14 შემდეგ, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო! მერსისაიდელებმა ტოტენჰემი აბსოლუტურად დამსახურებულად, 2:0 დაამარცხეს. ლივერპულისთვის ეს ევროპლის ელიტარულ საკლუბო ტურნირში მეექვსე ტრიუმფია - მერსისაიდელებმა ევროპაში ტრიუმფების რაოდენობით ბაიერნს (5) და ბარსელონას (5) გადაასწრეს და ახლა მხოლოდ მადრიდის რეალს (13) და მილანს (7) ჩამორჩებიან.

მატჩის დაწყებამდე, გუნდებმა და 'ვანდა მეტროპოლიტანოს' პუბლიკამ, ხოსე ანტონიო რეიესის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც იცით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.

მატჩი ლივერპულისთვის იღბლიანად დაიწყო: პირველივე წუთზე, სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ ტოტენჰემის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 25-ე წამზე, სადიო მანესგან ბურთი მუსა სისოკოს ხელზე მოხვდა. პენალტი მოჰამედ სალაჰმა შეასრულა - ეგვიპტელმა ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

0:1 სალაჰი (2-პენ)

არავინ იცის, ჰქონდა თუ არა კლოპს დაგეგმილი იმაზე უფრო აგრესიული და შემტევი ფეხბურთი, რაც ლივერპულმა სწრაფი გოლის შემდეგ ითამაშა. სალაჰის გოლიდან ნახევარი საათი ისე გავიდა, რომ საგოლე მომენტები არ შექნილა. თუმცა, კლოპის გუნდი ტერიტორიულს არა, მაგრამ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მომდევნო მომენტიც მერსისაიდელებმა შექმნეს: ეს ენდრიუ რობერტსონის დარტყმა გახლდათ (38-ე წუთზე), რომელიც ლორისმა მოიგერია.

რობერტსონის მომენტი (38)

ლივერპულმა პირველი ტაიმი ბლიც-სტარტით მოიგო. 22-ე წამზე დანიშნული პენალტის შემდეგ, თამაში არ იყო ისეთი სანახაობრივი, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეკადრება. ტოტენჰემი ცდილობდა, მაგრამ პოჩეტინოს შეგირდებმა მერსისაიდელთა მეკარე ალისონი ვერ შეაწუხეს. კლოპის გუნდის შეტევები უფრო სახიფათო იყო.

პირველი ტაიმის ერთ-ერთი ჰაილაითი მოედანზე ნახევრად შიშველი ქალის გამოჩენა იყო.

წაიკითხე | ვინ არის ქალი, რომელიც სტადიონზე შევარდა და რა მიზანი ჰქონდა მას

გუნდებმა მეორე ტაიმიც მშვიდად დაიწყეს. ლივერპული მინიმალური უპირატესობით კმაყოფილი იყო, ტოტენჰემს კი საგოლე მომენტის შექმნა უჭირდა. პოჩეტინოს შეგირდებმა პირველი ზუსტი დარტყმა 72-ე წუთზე განახორციელეს, მანამდე კი კლოპის შეგირდებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ: სალაჰის პასის შემდეგ, მილნერმა დაარტყა და ლორისის კარს ბურთი მცირე მანძილით ასცდა. დარტყმა ზუსტი რომ ყოფილიყო, ტოტენჰემის მეკარე აღებას ვერ შეძლებდა.

მილნერის მომენტი (69)

მატჩის მიწურულს ტოტენჰემმა გარისკა და ვაბანკზე წავიდა. პოჩეტინოს გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ალისონმა ბრწყინვალედ ითამაშა.

ალისონის გმირობა (85)

87-ე წუთზე ლივერპულმა მეორე გაიტანა და ტოტენჰემის იმედები საბოლოოდ დასამარდა. კუთხურის შემდეგ, ტოტენჰემის ფეხბურთელებმა ბურთი ვერ მოიგერიეს, დივოკ ორიჯიმ არეულობით ისარგებლა და ლორისს შორეულ კუთხეში გაუტანა. ეს იყო ორიჯის პირველი შეხება ბურთთან!

0:2 ორიჯი (87)

ტოტენჰემი 0:2 ლივერპული

გოლები: 0:1 სალაჰი (2-პენ), 0:2 ორიჯი (87)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - უინკსი (66. ლუკას მოურა), სისოკო - დელე ალი, ერიკსენი, სონი - კეინი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (62. მილნერი) - სალაჰი, რობერტო ფირმინო (58. ორიჯი), მანე.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

საინტერესო ფაქტები

⚽ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ლივერპულმა სეზონში პირველად ითამაშა! იურგენ კლოპს ეს 11 ფეხბურთელი ერთად მანამდე ჩატარებული 53 მატჩიდან არცერთში არ დაუყენებია.

⚽ მოჰამედ სალაჰის მიერ უგო ლორისის კარში გატანილი გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ყველაზე სწრაფი ბურთის ავტორი პაოლო მალდინია - იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ 2005 წელს სწორედ ლივერპულს გაუტანა თამაშის 50-ე წამზე.

⚽ მოჰამედ სალაჰი მხოლოდ მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების (ჩემპიონთა ლიგა/ევროპალიგა) ფინალში გოლის გატანა მოახერხა. ლივეპულის მე-11 ნომრამდე ანალოგიური რაბა მადიერს, სამუელ ეტოოს, დიდიე დროგბას და სადიო მანეს ჰქონდათ გაკეთებული.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 13 მატჩიდან ტოტენჰემმა პირველი ტაიმი ვერცერთში ვერ მოიგო. ჰოთსპურმა საბოლოოდ ჯამში 6 შეხვედრაში გაიმარჯვა და 2 ფრედ დაასრულა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰარი კეინი ბურთს მხოლოდ 11-ჯერ შეეხო. ტოტენჰემის მოთამაშეებს შორის ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

⚽ დივოკ ორიჯი მხოლოდ მეორე ბელგიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების (ჩემპიონთა ლიგა/ევროპალიგა) ფინალებში გოლის გატანა მოახერხა. პირველი მათგანი იანიკ კარასკო იყო. მან თავი 2016 წელს რეალ მადრიდის კარში გატანილი გოლით გამოიჩინა, კარასკო ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.

⚽ 35.4% - ლივერპული გახდა ისტორიაში მხოლოდ მეორე კლუბი, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა ბურთის ფლობის უარესი მაჩვენებლით მოიგო. პირველი, ვინც ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ჟოზე მოურინიოს ინტერი იყო. მილანელებმა 2010-ის ფინალი ბაიერნს ასევე მადრიდში მოუგეს.

⚽ იურგენ კლოპი მხოლოდ მეორე გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ეს ტიტული არაგერმანულ კლუბთან ერთად მოიგო. იგივე 1998 წელს იუპ ჰაინკენსს რეალ მადრიდთან ერთად აქვს გაკეთებული.

⚽ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე დივოკ ორიჯის სტატისტიკა შთამბეჭდავია - ბელგიელი გოლს ყოველი მესამე დარტყმით იტანდა.

⚽ ტრენტ ალექსანდ-არნოლდი მხოლოდ 21 წლის არის და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორი ფინალი ითამაშა - ამ ასაკში ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები