Thumbnail

არანაირი ჩინეთი! სერხიო რამოსი რეალ მადრიდის ერთგულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერხიო რამოსმა პრესკონფერენცია გამართა
  • რეალის კაპიტანი კარიერის ბოლომდე მადრიდულ გრანდში დარჩება

სერხიო რამოსი არსად მიდის! მადრიდის რეალის კაპიტანმა ხუთშაბათს ნაშუადღევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ‘სამეფო გუნდიდან’ არ მიდის და კარიერის ბოლომდე რეალში დარჩება.

“რეალიდან წასვლა არ მსურს. მე მადრიდისტა ვარ და მინდა, რომ კარიერა აქ, რეალ მადრიდში დავასრულო!” - თქვა რამოსმა პრესკონფერენციაზე.

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ 33 წლის რამოსს მადრიდული გრანდის დატოვება სურდა, რადგან ჩინეთიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო. რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში დაადასტურა, რომ რამოსმა მას გუნდიდან უფასოდ გაშვება სთხოვა: “მე მას ვუთხარი, რომ ეს არ შეიძლებოდა. განვუმარტე, რომ შეუძლებელია, რეალმა თავისი კაპიტანი უფასოდ გაუშვას,” - ამბობდა პერესი.

“დიახ, შემოთავაზება მართლაც მქონდა და ამას არ ვმალავ, მაგრამ რეალიდან უფასოდ გაშვება არასდროს მომითხოვია. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ეს ხელს მიშლის. პრესკონფერენციის ჩატარება ამიტომაც გადავწყვიტე,” - დასძინა რამოსმა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩემპიონთა ლიგაში აიაქსთან წაგების შემდეგ, პერესმა და რამოსმა იჩხუბეს, რის შემდეგაც პრეზიდენტი კაპიტანს გუნდიდან გაგდებითაც კი დაემუქრა.

“გუშინ ყველაფერზე გულახდილად ვისაუბრეთ და ყველაფერი გავარკვიეთ,” - ესეც სერხიო რამოსის სიტყვებია, რომელსაც რეალთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები