Thumbnail
  • ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა თასი ვერასდროს აღმართეს
  • რონალდო, იბრაჰიმოვიჩი, ბუფონი, ნედვედი, კანავარო, ბალაკი, ტურამი და სხვები

უეფას ჩემპიონთა ლიგა ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი ტურნირია, რომლის მოგებაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა ისე დაასრულა კარიერა, რომ სანატრელი თასი ერთხელაც ვერ აღმართა. 

ქვემოთ იმ 12 ლეგენდარულ ფეხბურთელს გავიხსენებთ, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს, რომ ამ ტურნირში გამარჯვების სიხარული ვერასდროს განიცადეს.

ფილიპ კოკუ

ყოფილ ნახევარმცველს, რომელიც ბოლოს მშობლიურ პსვ-სა და თურქულ გალათასარაის წვრნიდა, ჩემპიონთა ლიგაში, პსვ-ისა და ბარსელონას მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული. "კამპ ნოუზე" გატარებული ექვსი წლის შემდეგ, კოკუმ კატალონიური კლუბი 2004 წელს დატოვა. აქედან ორი წლის შემდეგ კი ევროპაში ბარსელონას გაბატონების პერიოდი დაიწყო, როდესაც კლუბმა 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

პატრიკ ვიეირა

ვიეირა კიდევ ერთი ნახევარმცველია, რომელმაც სამ სხვადასხვა კლუბთან: არსენალთან, იუვენტუსსა და ინტერთან ერთად, საკმაო რაოდენობის მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში (76). საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 2006 წლის ფინალამდე (ბარსელონა 2:1 არსენალი) 12 თვით ადრე დაემშვიდობა "მეთოფეებს", ინტერს კი - 2010 წლის იანვარში. შესაბამისად, პატრიკს მედალი არ შეხვდა. 

ფაბიო კანავარო

ერთ-ერთი უდიდეს იტალიელ ფეხბურთელს, რომელსაც 2006 წელს "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული, სანაკრებო ასპარეზზე 138 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ სიაში მხოლოდ ერთ ადამიანს ჩამორჩება - ბუფონს. 

მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, თავისი კარიერის პიკის პერიოდში ის იცავდა პარმას, ინტერის, იუვენტუსისა და რეალის ღირსებას, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონის ჯილდოების კოლექციაში ჩემპიონთა ლიგის მედალი არ მოიპოვება.

სესკ ფაბრეგასი

ფაბრეგასს ტურნირში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ესპანელი არსენალთან ერთად 2006 წელს მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდა. ხუთი წლის შემდეგ მან ბავშვობის ოცნების ასრულება და ბარსელონაში დაბრუნება კი მოახერხა, მაგრამ ცოტა დააგვიანდა - ბარსელონას ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ ახალი მოგებული ჰქონდა. 

ის 2014 წლის ზაფულში "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგდა, კატალონიელთა მეხუთე და ჯერჯერობით უკანასკნელი ტრიუმფი ლიგაში კი ამის შემდეგ შედგა. 

რუდ ვან ნისტელროი

რუდ ვან ნისტერლოი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 56 გოლით, ტურნირის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, რომელსაც არასდროს გაუმარჯვია. თავდამსხმელი მანჩესტერ იუნაიტედს, 1999 წლის ისტორიული ტრებლიდან ორი წლის შემდეგ შეუერთდა, მომდევნო ევროპულ წარმატებამდე კი ორი წლით ადრე დაშორდა.

ჰოლანდიელმა ვერც რეალში გატარებულ ოთხ წელიწადში მოახერხა კონტენტური მასშტაბის ჯილდოს მოპოვება. კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ვან ნისტერლოი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა, 56 გოლის გასატანად კი სულ 73 მატჩი დასჭირდა.

ერნან კრესპო

კანავაროსთან ერთად, პარმაში მოთამაშე არგენტინელი ევროპის არაერთ ძლიერ კლუბში (ჩელსიში, მილანში, ინტერში) გამოდიოდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლიც აქვს გატანილი. მაგრამ კრესპოსთვის სამწუხაროდ, მისი დუბლი 2005 წლის ფინალს დაემთხვა, როდესაც ლივერპულმა მილანს 0:3 სასწაულებრივად შემოუტრიალა და პენალტებით აჯობა.

მოგვიანებით, როდესაც მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგაში ჟოზე მოურინიომ გაამარჯვებინა, თავდამსხმელი ამ კლუბიდან სულ ერთი წლის წასული იყო.

პაველ ნედვედი

იუვენტუსის ლეგენდარული ნახევარმცველი იმ გუნდში იყო, რომელიც 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანთან (რომლის ღირსებას კახა კალაძე იცავდა) პენალტების სერიაში დამარცხდა. ოღონდ, ჩეხ ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო არ მიუღია. ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ასე ახლოს ნედვედი სხვა დროს აღარასდროს ყოფილა.

რონალდო

კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგა უკვე ხუთჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბრაზილიელ რონალდოს ამ ტურნირში არასდროს გაუმარჯვია მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საუკეთესო კლუბებში გამოდიოდა.

ბრაზილიელი თავდამსხმელი პსვ-ის, ინტერის, ბარსელონას, რეალისა და მილანის ღირსებას იცავდა, მაგრამ 1997 და 2002 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი ჯილდოს მოპოვება ვერაფრით მოახერხა.

ლილიან ტურამი

ნედვედის მსგავსად, 2003 წელს ტურამიც ფინალისტობით დაკმაყოფილდა, ოღონდ, ჩეხისგან განსხვავებით, ფრანგმა იუვენტუსის რიგებში იმ ფინალურ მატჩში ითამაშა. მარჯვენა მცველმა თავისი ამოცანა შეასრულა, მილანელებს 120 წუთის განმავლობაში არ გაატანა (ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა), მაგრამ დავიდ ტრეზეგეს, მარსელო სალაიეტას და პაოლო მონტეროს მიერ გაცუდებული პენალტების გამო, სერია "ბებერმა ქალბატონმა" წააგო (2:3).  

მანამდე ტურამმა პარმასთან ერთად უეფას თასი (1999) მოიგო, ბარსელონაში კი ზუსტად მას შემდეგ გადავიდა, რაც კატალონიელებმა 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეს.

მიხაელ ბალაკი

ცუდია, როდესაც გუნდთან ერთად მხოლოდ ფინალოსტობით კმაყოფილდები, მაგრამ ეს ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად კიდევ უფრო უსიამოვნოა. ასეთი იყო ბალაკის ბედისწერა, რომელმაც ტიტული ხელიდან ჯერ 2002 წელს, ლევერკუზენში თამაშის დროს გაუშვა, 6 წლის შემდეგ კი - ჩელსიში გამოსვლის დროს. 

გერმანელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაში წაგებული პირველი ფინალის (ლევერკუზენი 1:2 რეალი) დროს, ზინედინ ზიდანის სასწაული გოლის მოწმე გახდა, 2008-ში კი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში ჩელსიმ პენალტების სერია, ჯონ ტერისა და ნიკოლა ანელკას გაცუდებული დარტყმების გამო წააგო (5:6). არადა, თავად გერმანელმა იმ საღამოს 11 მეტრიდან კი შეაგდო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ თავდამსხმელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში, 7 სხვადასხვა გუნდში 120 მატჩი აქვს ჩატარებული, თასი არასდროს აუწევია. ახლა ის 37 წლისაა და ლოს ანჯელეს გელექსის ღირსებას იცავს და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ტოპ-კლუბებში თამაში უკვე მისი წარსულია. 

 იბრაჰიმოვიჩმა ინტერი დატოვა და ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს, გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. შვედს იგივე მოუვიდა ბარსელონაში მომდევნო ზაფხულს. ზლატანი ჩემპიონთა ლიგაში ასევე გამოდიოდა აიაქსთან, იუვენტუსთან, მილანთან, პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად, მაგრამ წარუმატებლად.    

ჯანლუიჯი ბუფონი 

ბუფონს იტალიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი ეკუთვნის (176) და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჯობნის სიაში მეორე ფაბიო კანავაროს. 2001 წელს იუვენტუსმა პარმას მის სანაცვლოდ მეკარისთვის რეკორდული თანხა (52 მილიონი ევრო) გადაუხადა და ამ მხრივ ტურინული კლუბის ისტორიაში მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება.

ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ დამარცხდა. 2003 წლის ფინალში, პენალტების სერიაში ორი დარტყმის (კალაძის და ზეედორფის) მოგერიებამაც ვერ უშველა. იტალიელმა ლეგენდამ იუვესთან ერთად 2015-ში ბარსელონას გამარჯვების (3:1) მონაწილე იყო, 2017-ში კი - რეალის (4:1). 

მომზადებულია fourfourtwo-ს მიხედვით  

კომენტარები

ბოლო ამბები